Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების შეთავაზებას პასუხობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 თებ.'13 / 18:59

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ის იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, თუ ამ ცვლილებებს პარლამენტი იმ ინიციატივასთან ერთ პაკეტში მიიღებს, რომელიც საქართველოს დასავლური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერას ითვალისწინებს და ასევე დადგენილზე ადრე აამოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო კვორუმის გაზრდის დებულებას.

ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქართული ოცნებიდან კოლეგების მიერ 4 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის მისამართით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობამ ორშაბათს ნაციონალური მოძრაობა დებატებში გამოიწვია, რათა თითოეულმა დეპუტატმა საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია უჭერს თუ არა მხარს ე.წ. ანტიკრიზისულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც პრეზიდენტს ყველა საკონსტიტუციო უფლებამოსილება უნარჩუნდება, გარდა იმ ერთისა, რომელიც მას მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც კი აძლევს, თუ პარლამენტი უარს იტყვის მის მიერ შეთავაზებული ახალი მთავრობის დამტკიცებაზე.

„ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი - ვინც იტყვის „კი“, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც; ვინც იტყვის „არა“, მის მოსმენაზე და მასთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე“, - აცხადებენ დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან.

დავით ბაქრაძემ ოპონენტების ეს პოზიცია შეაფასა, როგორც ნაციონალური მოძრაობის „მისამართით დაყენებული ულტიმატუმი“.

„ის, რომ ზეგის კენჭისყრაზე ისინი ვერ მიიღებენ მხარდაჭერას, დიდწილად განპირობებული იქნება სწორედ იმ ენით, ურთიერთობის იმ ფორმით და იმ ზეწოლით, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენი მხარდაჭერის მოპოვებას“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა 4 თებერვალს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დათხოვნის „არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს“. 

„თუ მათ მაინც აქვთ ის შიში, რომ ეს მექანიზმი მაინც გამოყენებული იქნება და აპრილში მთავრობას ემუქრება კრიზისი, კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე დავსხდეთ და ვისაუბროთ, ჩვენ მზად ვართ მათ ჰქონდესთ გარანტიები, რომ არ ეშინოდეთ საკუთარი სკამების და ხელისუფლების დაკარგვის“, - განაცხადა ბაქრაძემ. 

„ჩვენ მზად ვართ მივცეთ ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და მოვუხსნათ მთავრობას სკამების დაკარგვის შიში და ამავე დროს, ამასთან ერთად ერთ პაკეტში მოვხსნათ ის შიშიც, რაც ჩვენი მოსახლეობის ნაწილშია, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეიძლება იყოს შეცვლილი და ეს გავაკეთოთ ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთად“, - განაცხადა მან.

მას მხედველობაში ჰქონდა გასულ კვირას ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოყენებული ინიციატივა, რომელიც საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციით გამყარებას ითვალისწინებს. თუმცა ეს წინადადება, განსხვავებით „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისაგან, ჯერ არც ოფიციალურად არ არის ინიცირებული და შესაბამისად, არც ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა გაუვლია.

კიდევ ერთი პირობა, რომელიც ბაქრაძემ მხარდაჭერის სანაცვლოდ წამოაყენა, არის ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო კვორუმის არსებული ორი-მესამედიდან (100 ხმა) სამ მეოთხედამდე (113 ხმა) აწევა განხორციელდეს ახლავე და არა 2013 წლის ბოლოს - ეს თარიღი ნაციონალურმა მოძრაობამ 2011 წლის დეკემბერში, როცა პარლამენტში დომინანტ ძალას წარმოადგენდა და ეს საკონსტიტუციო დებულება მიიღო, მისი ძალაში შესვლის ვადად განსაზღვრა.

იმავდროულად, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე „მთელი კატეგორიულობით“ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქართული ოცნება ძალიან შორს არის საკონსტიტუციო ცვლილებების გასატანად საჭირო 100 ხმის მოგროვებისგან და თუ ეს ცვლილებების მაინც იქნება მიღებული, „ეს იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

„მე მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, პირადად ბიძინა ივანიშვილი: თუ უახლოეს დღეებში პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური ცვლილება ანუ უმრავლესობამ შეაგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა საკმაოდ ბევრი პარლამენტის წევრი [ნაციონალური მოძრაობიდან]“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34