რუსეთი მალე მოხსნის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტზე აკრძალვას, განაცხადეს საქართველოს და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვში დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
ქართული დელეგაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, 4 თებერვალს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს გენადი ონიშჩენკოს შეხვდა.
მოლაპარაკებების შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ქართული პროდუქციის იმპორტი შესაძლოა გაზაფხულის ბოლომდე აღადგინოს.
„მე ვფიქრობ, უფრო ადრეც, მაგრამ მოდით წინასწარ ნუ ვიტყვით“, - იტყობინება „იტარ–ტასსი“ ონიშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მომავალ კვირას „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტთა სამი ჯგუფი გაემგზავრება საქართველოში, რათა ღვინის ქარხნები შეამოწმონ. მისი თქმით, საქართველოს 60–მდე საწარმომ გამოხატა მზადყოფნა განაახლონ ექსპორტი რუსეთში.
მაშინ როდესაც აკრძალვა ბოთლის ღვინოზე მოიხსნება, ღვინის მასალაზე კვლავ დარჩება აკრძალვა, განაცხადა ონიშჩენკომ, რომლის თქმითაც, ღვინის მასალის იმპორტი ქართული ღვინის ფალსიფიცირების რისკს გაზრდის. მან ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი შესაძლოა მოგვიანებით შემდგომი მოლაპარაკებების საგანი გახდეს.
რუსეთმა ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მაშინ საქართველომ დაგმო ემბარგო და ის ქართული ეკონომიკის ძირგამომთხრელ მცდელობად შეაფასა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 2012 წლის 20 დეკემბერს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების, მათ შორის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების, დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. მეორე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი მოგვარებულია და მხოლოდ ტექნიკური პროცედურები რჩება.