Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს რეფორმის განახლებული გეგმა განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'13 / 19:15

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 19 მარტს მეორე მოსმენით განიხილა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ გადაიხედა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენის დროს, რომ ვენეციის კომისიის ბევრი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, თუმცა არა ყველა მათგანი.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ვენეციის კომისიის რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია უგულებელყო.

შემოთავაზებული ცვლილებების ცენტრალური საკითხია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა.

კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრი მოსამართლე იქნება, რომელთაც მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს, როგორც ამას არსებული წესი ითვალისწინებს, მაგრამ შემოთავაზება მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებში. ექვს წევრს პარლამენტი აირჩევს იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ. ამჟამად ორ წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო ოთხ ადგილს დეპუტატები იკავებენ.

ვენეციის კომისია, რომელმაც განაცხადა, რომ ეს შემოთავაზება საერთო ჯამში პროგრესს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის კუთხით, ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს საბჭოს სრული განახლება.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, პარლამენტმა და მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს წევრები ახალი რეგულაციების შესაბამისად უნდა აირჩიონ ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთ თვის ვადაში,  თავდაპირველად განსაზღვრული სამი კვირის ნაცვლად.

ვენეციის კომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ არ აიკრძალოს სასამართლოების თავმჯდომარეების და მათი მოადგილეების, ასევე პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევა. თუმცა ვენეციის კომისიამ ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია შეიზღუდოს სასამართლოების და პალატების იმ თავმჯდომარეების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა დეპუტატებს 19 მარტს, რომ განახლებული კანონპროექტი კვლავ უკრძალავს სასამართლოების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს იუსტიციის საბჭოს წევრებად არჩევას. თუმცა, მისი თქმით, ასეთი აკრძალვა არ შეეხება პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეებს იმ პირობით, რომ მოსამართლეთა კონფერენცია მხოლოდ მაქსიმუმ სამი ასეთი წევრის არჩევას შეძლებს.

ვენეციის კომისია ასევე ურჩევს ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომლის ფარგლებში ოპოზიციასაც შეეძლება გავლენის მოხდენა საბჭოში პარლამენტის მიერ ასარჩევ ექვს ადგილზე კანდიდატების დამტკიცებაზე. კერძოდ, კომისიამ შესთავაზა, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატების დამტკიცება ან ხმათა ორი–მესამედით მოხდეს, ან რაიმე პროპორციული მეთოდით.

ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა დეპუტატებს 19 მარტს, რომ იუსტიციის სამინისტრო წინააღმდეგია, რომ იუსტიციის საბჭოს ექვსი წევრის არჩევა ორი–მესამედით მოხდეს. მისი თქმით, ასეთი მაღალი კვორუმი არც ერთი იმ პოსტისთვის არ არის დადგენილი, რომელზეც კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასაც კი არ სჭირდება ხმების ორი–მესამედი და დასძინა, რომ ასეთი მაღალი ბარიერის დაწესება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის არ იქნება ლოგიკური.   

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა შესთავაზა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცეს საპარლამენტო უმცირესობას, რომ სულ ცოტა ერთი წევრი აირჩიოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები, იურიდიული პროფილის მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ. დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ეს წინადადება პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როცა ის თავის რეგლამენტში იუსტიციის საბჭოს ექვსი წევრის არჩევის დეტალური პროცედურების გაწერაზე იმუშავებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33