Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ოცნების პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'13 / 13:18

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სარეიტინგო გამოკითხვების ჩატარების გარეშეც ცხადია, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვერ გავა, თუ მას ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ უმრავლესობა ითხოვს არა მათ მხარდაჭერას, არამედ პროცესში „თანამონაწილეობას“. 

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. ამჟამად ქართული ოცნების უმრავლესობაში 83 დეპუტატი, ხოლო ნაციონალური მოძრაობის უმცირესობაში 53 დეპუტატი ირიცხება.
 
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყება 21 მარტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებაა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას იმ წინაპირობით, თუ პარლამენტი კენჭისყრამდე ჩაატარებს სარეიტინგო გამოკითხვას, სადაც დაფიქსირდება, თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს საკონსტიტუციო ცვლილებებს და რამდენი ხმის დამატებაც იქნება საჭირო საკითხის გასატანად, ნაციონალური მოძრაობის იმდენი დეპუტატი დაუჭერს მას მხარს. მათივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 6-7 ხმა აკლდება.

„კითხვა იმის შესახებ, რომ რაიმე სარეიტინგო გამოკითხვაა ჩასატარებელი იმის გასარკვევად საკონსტიტუციო ცვლილებები გადის თუ ვერ გადის ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე, ჩემი პასუხია და ეს არ არის პოლიტიკური პასუხი, ეს არის მათემატიკაზე და არითმეტიკაზე დაყრდნობილი პასუხი: ცვლილებები ვერ გავა იმიტომ, რომ 147-ს [პარლამენტში ამჟამად არსებული დეპუტატების რაოდენობას] მინუს 53 არის 100-ზე ნაკლები“, - განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. 

„შესაბამისად სრულიად გარკვეულია ეს საკითხი, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში ვერ გავა“, - აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული ოცნება ოპონენტების მხარდაჭერას არ ითხოვს, არამედ ნაციონალურ მოძრაობას სთავაზობს თანამონაწილეობას პროცესში, რომელიც „ხსნის გზას ძალიან ბევრი სხვა სწორი გადაწყვეტილებისკენ და ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ვითარების შექმნისკენ“.

„ამიტომ კითხვაზ,ე რამდენი ხმა არის საჭირო უმცირესობიდან, პასუხი ასეთია: 53“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„რაც შეეხება რაიმე ტიპის გაურკვევლობაში სიცხადის შეტანას რაიმე სარეიტინგო გამოკითხვებით თუ სხვა, აქ თუ უმცირესობას თავად აქვს სურვილი თავის რიგებში რამე გაარკვიოს, რა თქმა უნდა, შეუძლია სარეიტინგო გამოკითხვა ჩაატაროს და სხვა მეთოდითაც გაარკვიოს ეს საკითხი“, - აღნიშნა მან.

ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მიესალმა რა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების „ტონალობას და შინაარსს“, კვლავაც გაიმეორა, რომ სარეიტინგო კენჭისყრის გამართვის თაობაზე მათი წინადადება ძალაში რჩება, რაც არ არის არც „ძალის დემონსტრირება და არც რაღაცა კაპრიზი ჩვენის მხრიდან“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ არა იმ პირობებში, როდესაც საუბარია, რომ ჩვენ ხმებს, ჩვენს განწყობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მოგვიანებით, დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე საუბრისას განმარტა, რომ მას არ უთქვამს, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდება.

„მე არ მითქვამს, რომ სარეიტინგო კენჭისყრას ვატარებთ. ამაზე ხვალ ვიმსჯელოთ“, - განმარტა მან საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით. 

სარეიტინგო გამოკითხვის პროცედურა, რომელიც საპარლამენტო პრაქტიკაში, როგორც წესი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ან იმ საკითხებთან მიმართებაში გამოიყენება, რომელთა მხარდაჭერაც კენჭისყრის დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ გვიან ღამით პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული დახურული კონსულტაციების შემდეგ შესთავაზა.

ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სარეიტინგო კენჭისყრა იქნება იმის სადემონსტრაციო „ჭეშმარიტების მომენტი“, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთიანობა "ვერ გატეხეს" და მისი წევრები ვერ "მოისყიდეს".

„მე მგონი ძალიან ნათელი შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ტაბლოზე, რომ მათ აქვთ იმდენი ხმა რამდენიც აქვთ, ე.ი. ვერ გატეხეს, ვერ მოისყიდეს ნაციონალური მოძრაობა - მომიტევეთ, მაგრამ ჩემთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი, მომავლისთვის ასევე და ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მათ შეუვსებს იმდენ ხმას, რამდენიც მათ აკლიათ“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ ცვლილებების მხარდაჭერით „დესტაბილიზაციის წარმოსახვითი მუქარაც გაქრება“.

როცა მას ჰკითხეს, რომ ზოგიერთი დეპუტატი ქართული ოცნებიდან სკეპტიკურად უყურებს სარეიტინგო კენჭისყრის პროცედურის გამოყენებას, სააკაშვილმა უპასუხა:  „ჩემში ეს გაკვირვებას იწვევს. მათ საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა უნდათ, თუ დაფიქსირება იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა გატეხეს?“

„ჩვენ არ გვინდა რამის ხელისშემშლელად გამოვჩნდეთ, ჩვენ ასევე გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ძალა არის ჩვენს ერთობაში. ჩვენ გვქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და დღეს ეს ერთობა ძლიერია, როგორც არასდროს“, - განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59