Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'13 / 13:54

2012 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობდა და მოლაპარაკებებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე, „მნიშვნელოვანი წინსვლა" განიცადა, ნათქვამია წლიურ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს ეხება.

ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 2012 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების მიღწევებს მიმოიხილავს და იმ სფეროებსა და რეკომენდაციებს მოიცავს, სადაც შემდგომი ძალისხმევის მიმართვაა საჭირო, ევროკომისიამ 20 მარტს გამოაქვეყნა.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში აცხადებს, რომ „კოჰაბიტაცია დღემდე საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს“ და მოუწოდებს ქვეყანას „უზრუნველყოს პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების პატივისცემა“, ასევე უზრუნველყოს,  რომ „თუკი დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მოხდეს ქვეყნის მასშტაბით და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან მათი ფართომასშტაბიანი განხილვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ცვლილებებმა დროს გაუძლონ“.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ გაითვალისწინა გასული წლის ანგარიშში ასახული ძირითადი რეკომენდაციები და „ძირითადად, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“ ჩაატარა. 

იგი მოუწოდებს საქართველოს, რომ გამოასწოროს საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზები; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა განახორციელოს სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად; ასევე უზრუნველყოს „გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი სისხლის სამართლებრივი დევნა“, რათა თავიდან აიცილოს ყოველგვარი აღქმა იმისა, რომ შერჩევითი სამართალი ხორციელდება“; გაზარდოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული კონტროლი; სიღრმისეულად გამოიძიოს  პენიტენციალურ სისტემაში გამოვლენილი წამების ფაქტები; განაგრძოს მედია პლურალიზმის და დამოუკიდებლობის გაძლიერება.

2012 წელს ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციის და თანამშრომლობის პროგრამა დაიწყო და დამატებითი რესურსები გამოუყო იმ ქვეყნებს, რომლებიც გარკვეულ პროგრესს აღწევენ დემოკრატიის თვალსაზრისით. ევროკავშირის ‘მეტი მეტისთვის’ მიდგომის ფარგლებში, პროგრამა დამატებით დაფინანსებას გამოყოფს მასში მონაწილე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უფრო მეტ რეფორმებს ახორციელებენ დემოკრატიის კუთხით. ამ მექანიზმის ფარგლებში, გასულ წელს საქართველომ 22 მილიონი ევრო მიიღო; მოლდოვამ – 28 მილიონი ევრო და სომხეთმა – 15 მილიონი ევრო.

საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლება „კვლავ რჩებოდა მმართველობის დომინანტურ ძალად. საპარლამენტო ზედამხედველობა სუსტი იყო“; დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში „სასამართლოს არასათანადო დამოუკიდებლობა კვლავ შეშფოთების საგნად რჩებოდა“; თუმცა, ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ "ახალმა მთავრობამ გამოთქვა სურვილი, პირველ რიგში გამოესწორებინა ინსტიტუტებს შორის არსებული ძალთა ბალანსი“. 

ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა „პრობლემად“ რჩება. 

„სასამართლოს სტრუქტურა მკაცრად იერარქიულია; არსებობს აღმასრულებელის მხრიდან სასამართლოსთვის შეუფერებელი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა; პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია, რასაც თან ახლავს პროკურატურის საქმიანობაზე არასაკმარისი სამართლებრივი კონტროლი; მართლმსაჯულების სისტემა არ არის სათანადოდ გამჭვირვალე – ყველა ეს ფაქტორი ხელს უშლის სამართლის ეფექტიანად განხორციელებას“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასევე დასძენს, რომ ახალი მთავრობა „ამ პრობლემების მოგვარებას  საკანონმდებლო ცვლილებების შემოთავაზებით ცდილობს“.

ანგარიშის თანახმად, სექტემბერში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების გავრცელებამ, „შესაძლოა გადამწყვეტი გავლენაც იქონია საპარლამენტო არჩევნებზე“. ზედმიწევნითი გამოძიება და სტრუქტურული რეფორმების საჭიროება კვლავ დგას იმისთვის, რომ არასათანადო მოპყრობა სრულად აღმოიფხვრას. „იმედისმომცემია ის, რომ ახალმა მთავრობამ გამოთქვა მზაობა პრიორიტეტი მიანიჭოს ამ საკითხს“, -  ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით სიტუაცია „გაუმჯობესდა“, თუმცა, ანგარიშში, რომელიც ძირითადად 2012 წლის მოვლენებს მიმოიხილავს, ასევე მოყვანილია ეროვნული ბიბლიოთეკის წინ 2013 წლის 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც მომიტინგეები ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს დაესხნენ თავს; ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს „უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან ცოტა ხანში, „რამდენიმე ადგილობრივ საკრებულოზე ზეწოლით მოხდა ახალი თავმჯდომარის და გამგეობის ადგილობრივი ხელმძღვანელების არჩევა“. 

ანგარიშის თანახმად, 190 ადამიანის პოლიტპატიმრად აღიარებისა და იანვარში მათი გათავისუფლების „პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა“. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ წინა წლებში სახეზე იყო „შინაარსიანი სოციალური დიალოგის არარსებობა და განცდა იმისა, რომ წინა ხელისუფლება ხელს უშლიდა პროფკავშირების მუშაობას და ზეწოლას ახდენდა პროფკავშირების მუშაკებზე“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ შრომის კანონმდებლობას საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციას, რომ გადაიხედოს კანონო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, კერძოდ კი მისი „შემზღუდავი დებულებები“. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესების დარღვევების ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

კონფლიქტებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია: „მთავრობის ცვლილების შემდეგ ჩანს სასიკეთო ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობა უფრო ეფექტიანი გახდეს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უფრო შერბილებულად განხორციელდეს“.

ევროკავშირის დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, რომ „პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას (რომელიც ნაკლებად იქნება ორიენტირებული ფორმაზე და მეტად შინაარსზე) ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის, გადაადგილების და ინვესტირების წახალისების მიზნით“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9