Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთოს დაკვეთით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე ჩატარებული კვლევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მარ.'13 / 20:15

მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები „აუმჯობესებს არსებულ კანონს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში უფრო მეტ პლურალიზმს და გამჭირვალობას უზრუნველყოფს“, განაცხადა  ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მაია ფანჯიკიძისთვის გაგზავნილ წერილში.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისმა საკანონმდებლო პაკეტის ანალიზი დაუკვეთა, რომელიც მაუწყებლების მეტ ფინანსურ გამჭირვალობას, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას და აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას ითვალისწინებს. ანალიზი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისმა 25 მარტს გამოაქვეყნა.

საერთო ჯამში, ანგარიში დადებითად მიმოიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას; თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ კანონპროექტში იმ დებულებების ნაკლებობა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული სამეურვეო საბჭოდან ახალზე გადასვლა, „შემოთავაზებული რეფორმის მთავარ ნაკლოვანებას“ წარმოადგენს. დოკუმენტი მოუწოდებს, რომ საბჭოს ცვლილება „თანდათან და ორგანიზებულად მოხდეს“.

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება და მისი შემადგენლობა არსებული 15-დან 9 წევრამდე მცირდება. საბჭოს წევრები ექვსწლიანი ვადით აირჩევიან. ამასთან, პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოეთიშება საბჭოს წევრების არჩევის პროცესს. არსებული წესის თანახმად, პრეზიდენტი თითოეულ ადგილზე სამ კანდიდატს არჩევს, რის შემდეგაც პარლამენტი მათგან ერთ–ერთ ამტკიცებს. 

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, 9 მეურვიდან სამ წევრს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს კი უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის დანარჩენი წევრები, მათ შორის უმცირესობა. 

მეურვეობის კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით იმ ცხრაწევრიანი კომისიის მიერ, რომელსაც სპეციალურად ამ მიზნით პარლამენტის თავმჯდომარე ჩამოაყალიბებს და რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. კომისიამ თითოეული ვაკანტური ადგილისთვის სულ ცოტა სამი კანდიდატი უნდა დაასახელოს.

ორ კანდიდატს პარლამენტისგან დამოუკიდებლად, ასევე ღია კონკურსით შერჩევის გზით ნიშნავს სახალხო დამცველი, ხოლო ერთ ადგილს საბჭოში ავტომატურად იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

კანონპროექტში არ არის ნათელი, უნდა შეიცვალოს თუ არა მოქმედი საბჭო საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და ძალაში შესვლის შემდეგ.

ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა 15 მარტს, რომ ჯერ-ჯერობით ღიად რჩება საკითხი, თუ როდის მოხდება სამეურვეო საბჭოს ახალი წესებით ფორმირება. მისი თქმით, განიხილება ორი ალტერნატივა: ერთი ის, რომ ახალი წესი ამოქმედდეს კანონის ძალაში შესვლისთანავე ან მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც სულ ცოტა 6 მეურვეს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებენ, რომ მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდელი შეჩერება ახალი ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ტოლფასი იქნება.

ეუთოს დაკვეთით განხორციელებულ ანალიზში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „უმეტეს შემთხვევებში გაუმჯობესებას წარმოადგენს, რაც პლურალიზმისთვის უკეთეს შესაძლებლობებს ქმნის, ვიდრე პრეზიდენტის ახლანდელი მთავარი როლია სამეურვეო საბჭოს დანიშვნის საქმეში“.

„თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ახალ სისტემაზე ნებისმიერი გადასვლა თანდათანობით და ორგანიზებულად მოხდეს“, – ნათქვამია ანგარიშში, „ის, რაც მოცემულ მომენტშია საჭირო და რისი ნაკლებობაც არსებობს, არის გარდამავალი სისტემა და ის დებულებები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა. მეურვეების რაოდენობის შემცირების ფონზე, საჭიროა ამის განსახორციელებლად ისეთი სისტემა არსებობდეს, რომელიც საბჭოს ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას შეუნარჩუნებს. ახალი მოთხოვნები, რომლებიც შეიძლება ვერ დააკმაყოფილონ მოქმედმა მეურვეებმა,  მხოლოდ ახალ დანიშნულებზე უნდა გავრცელდეს, ხოლო არსებულებმა უნდა დაასრულონ თავიანთი ვადა ან მისი ძირითადი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იქნება არსებული საბჭოს მუშაობის თანდათან დასრულება, რადგანაც ახალი საბჭო უფრო მცირე მოცულობის იქნება. შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებული მთავარი ნაკლოვანება არის იმ გარდამავალი დებულებების არარსებობა, რომლებიც ახალი სამეურვეო საბჭოს შექმნას დაარეგულირებს. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ არსებული კანონის გაუმჯობესებაა, არსებობს იმის რისკი, რომ ახალი კრიტერიუმების შემოღება გამოყენებულ იქნას არსებული სამეურვეო საბჭოს შეჩერებისთვის დაჩქარებული და არაორგანიზებული გზით, რაც მაუწყებლის მუშაობას შეაფერხებს“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ როტაციის პროცედურების მკაფიოდ განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა „მთლიანი საბჭო ერთდროულად არ განახლდეს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39