Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 მარ.'13 / 13:53

ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხშაბათს საკუთარი კანდიდატები დაასახელეს, რომლებიც სამ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში 27 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში იყრიან კენჭს.

შუალედური არჩევნები თბილისის ნაძალადევის ოლქში, ასევე სამტრედიის და ბაღდათის ერთმანდატიან ოლქებში გაიმართება.

ქართული ოცნების მიერ დასახელებული სამივე კანდიდატი ახალი სახეა პოლიტიკაში – ერთ–ერთი მათგარი ადვოკატია, მეორე სამართლის დოქტორი, ხოლო მესამე ასევე იურისტია და მედიის უფლებებს იცავს. 27 მარტს კანდიდატების წარდგენისას პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ დეპუტატობის სამივე კანდიდატი იურისტია „შემთხვევითი“ არ არის და ამის მიზეზი ქართული ოცნების დეპუტატებს შორის პროფესიონალების ნაკლებობის აღმოფხვრაა.

ქართულმა ოცნებამ თბილისის ნაძალადევის ოლქში იურისტი თამარ კორძაია წარადგინა.

დღემდე, კორძაია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სანამ 2012 წლის თებერვალში ამ პოსტს დაიკავებდა, კორძაია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მან მაუწყებლობის შესახებ კანონში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს.

მისი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობიდან ნაძალადევის ოლქში იქნება პაპუნა დავითაია, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფო მინისტრი იყო დიასპორის საკითხებში. 2009 წლის ბოლოს სახელმწიფო მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავითაია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო.

ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში ქართულმა ოცნებამ ასევე გამოცდილი იურისტი პაატა კიკნაველიძე დაასახელა. კიკნაველიძე 1999 წელს იურიდიულ ფირმას „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) შეუერთდა და მისი პრაქტიკული საქმიანობა  მიმართული იყო სასამართლო, გაკოტრებისა და რეორგანიზაციის, საერთაშორისო არბიტრაჟის, საკორპორაციო სამართალის, ბუნებრივი რესურსებისა და პრივატიზაციის საქმეთა წარმოებაზე. 

ბაღდათის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამ ოლქში 1 ოქტომბერს აირჩიეს, მთავარი პროკურორი გახდა. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე კბილაშვილი  იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ (MKD) პარტნიორი იყო და კბილაშვილიც და კიკნაველიძეც იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო პერიოდის დროს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეებზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში ვლადიმერ წიქორიძე დაასახელა, რომელიც ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ქართულმა ოცნებამ სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში თავის კანდიდატად გიორგი კახიანი წარადგინა. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2002–2004 წლებში გიორგი კახიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე იყო, ხოლო 2005–2007 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა მრჩევლად. 

ნაციონალური მოძრაობიდან სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იყრის კენჭს.

დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 27 მარტს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონწარმოებაში „ეფექტური“ დეპუტატების ნაკლებობას განიცდის და ამიტომაც სამივე კანდიდატი ამ ხარვეზის გამოსასწორებლად შეირჩა.

„უსუფაშვილი ძალიან განიცდის, რომ პარლამენტში სჭირდება კვალიფიციური კადრი და კანონწარმოება არ არის იოლი საქმე და მას პროფესიონალები სჭირდება“, – განაცხადა ივანიშვილმა. „ჩვენ ძალიან ბევრი თვალსაჩინო და საყვარელი პიროვნება შევიყვანეთ პარლამენტში და ძალიან ბევრი მათგანი – მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ისინი უყვარს და პატივს სცემენ – ვერ არიან ისეთი ეფექტურები პარლამენტში, როგორიც არის საჭირო კანონწარმოებისთვის. ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა ავაშენოთ, პირველ რიგში, კანონები უნდა გვქონდეს შესატყვისი და კანონწარმოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.   

ეს უკვე მეორე შემთხვეაა, როდესაც ივანიშვილი საჯაროდ საუბრობს ამ საკითხზე.

14 მარტს გამართული პრესკონფერენციის დროს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ბევრი დეპუტატი უფრო „გამოცდილია“, ვიდრე ბევრი დეპუტატი კოალიცია ქართული ოცნებიდან და ასეთმა პროფესიონალებმა ნაციონალური მოძრაობიდან უნდა შეძლონ, რომ თავიანთი გამოცდილებით წვლილი შეიტანონ ქვეყნის სამსახურში.

14 მარტს მან ასევე განაცხადა, რომ უსუფაშვილი ხშირად ჩიოდა, რომ ქართულ ოცნებაში გამოცდილი დეპუტატების ნაკლებობის გამო, „ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება“.

კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ასევე არიან მსახიობები, რეჟისორები და სპორტსმენები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ პოლიტიკაში.

„უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს არ გავბედოთ და ვინმე ცნობილი მსახიობი ან ვინმე არ შევიყვანო კიდევ [პარლამენტში], რომ აუცილებლად მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, მას უნდა ჰქონდეს ეს გამოცდილება აუცილებლად და ასეთ ადამიანებს ვეძებთ და პირდაპირ მახსენებს: ვისი გუნდის წევრიც გინდა იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს როგორ იმუშაოს პარლამენტში. ‘ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება’ - აი ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს“, - განაცხადა ივანიშვილმა 14 მარტს.

ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებულ დეპუტატებს - იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40