Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შუალედური არჩევნები სამ მაჟორიტარულ ოლქში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აპრ.'13 / 15:40

შაბათს სამ ერთმანდატიან ოლქში შუალედური არჩევნების ჩასატარებლად 170–ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შუალედური არჩევნები თბილისის ნაძალადევის ოლქში, ასევე იმერეთის რეგიონის სამტრედიის და ბაღდათის ოლქებში გაიმართება.   

ნაძალადევის ოლქში ყველაზე მაღალი კონკურენციაა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს.

კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი ნაძალადევში თამარ კორძაიაა, რომელიც მანამდე  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო; სანამ 2012 წლის თებერვალში ამ პოსტს დაიკავებდა, კორძაია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა.

მისი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობიდან ნაძალადევის ოლქში არის პაპუნა დავითაია, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფო მინისტრი იყო დიასპორის საკითხებში. 2009 წლის ბოლოს სახელმწიფო მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავითაია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო.

იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ნაძალადევის ოლქში იყრიან კენჭს, არიან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა, ასევე რამდენიმე მცირე პარტიის კანდიდატები, რომლებიც ძირითადად უცნობი არიან ფართო საზოგადოებისთვის; სია ასევე შეიცავს ორ დამოუკიდებელ კანდიდატს, მათ შორის სოსო მანჯავიძეს, რომელიც უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ სააკაშვილს და მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ასევე აკრიტიკებს ქართულ ოცნებასაც, როგორც ის აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის მიმართ რბილი პოზიციის დაკავების და ასევე კოჰაბიტაციის სისტემის ხელოვნურად დანერგვის გამო.

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ეს შუალედური არჩევნები არის შანსი, რომ პარლამენტში „რეალური ოპოზიციური ხმა“ შევიდეს, რომელიც დაუპირისპირდება „ორ სახელისუფლებო პარტიას“ – ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას – რომელთაც, მისი თქმით, წარმატებით გაინაწილეს ძალაუფლება და „რეალურ ოპოზიციას“ ადგილი აღარ დაუტოვეს. თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში იგი მთელ რიგ საკითხებს დააყენებს, მათ  შორისაა: ბანკების მიერ იპოთეკით დატვირთული სახლების ჩამორთმევის შეჩერება; საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულაზე უარის თქმა, რომელიც რეგიონალური და უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის ხელმოწერას და რატიფიცირებას ითვალისწინებს; უცხოელებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება, რომელიც „ჩადენილი დანაშაულებისთვის“ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროზე“ თავის კონკურენტებთან გამართული დებატების დროს, რომ მისი ოპონენტი კანდიდატები ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის სიძულვილში ეჯიბრებიან.

ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თეა წულუკიანი, რომელმაც ნაძალადევში გაიმარჯვა, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

ბაღდათის ერთმანდატიან ოლქში რვა კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორისაა პაატა კიკნაველიძე ქართული ოცნებიდან – გამოცდილი იურისტი, რომელიც 1999 წელს იურიდიულ ფირმას „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ (MKD) შეუერთდა – და ვლადიმერ წიქორიძე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

ბაღდათის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც არჩილ კბილაშვილი, რომელიც ამ ოლქში 1 ოქტომბერს აირჩიეს, მთავარი პროკურორი გახდა. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებამდე კბილაშვილი  იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ (MKD) პარტნიორი იყო და კბილაშვილიც და კიკნაველიძეც იურიდიულ კონსულტაციას უწევდნენ ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო პერიოდის დროს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეებზე.

სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის გიორგი კახიანი ქართული ოცნებიდან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, და ემზარ შუბლაძე ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კახა კალაძე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი გახდა.

წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ შუალედური არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა; აქტივობის მინიმალური ბარიერი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს, არ არის დადგენილი.

კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ს, გამარჯვებულად გამოცხადდება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 30%–ს ან მეტს, მეორე ტური ორ კვირაში გაიმართება. 

იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების კანდიდატები მოიგებენ არჩევნებს, პრემიერ ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობას 86-მდე გაეზრდება სადეპუტატო მანდატების რაოდენობა.
  
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია თავმჯდომარეობს და რომელიც სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს აერთიანებს, 27 აპრილის შუალედურ არჩევნებამდე რეგულარულად მართავდა შეხვედრებს.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია არის ორგანო, რომელიც არჩევნების წინ იკრიბება, რათა კამპანიის დროს შესაძლო დარღვევები გააკონტროლოს და მათზე რეაგირება მოახდინოს. 27 აპრილის შუალედური არჩევნების წინ უწყებათაშორისი კომისიის წევრების შეხედულებები უმეტეს შემთხვევებში გაიყო, რომლის დროსაც მთავრობის წარმომადგენლები კომისიაში ხშირად არ ეთანხმებოდნენ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ხშირად გამოსცემდა საკუთარ რეკომენდაციებს.

ერთ–ერთ ასეთ შემთხვევაში ბოკერიამ მოუწოდა მთავრობას შეწყვიტოს განათლების სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით მათი პროექტების შესახებ სატელევიზიო რეკლამების გაშვება – ერთ–ერთი მათგანი ეხება სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგებას, ხოლო მეორე გლეხებისთვის სასოფლო–სამეურნეო ვაუჩერების გადაცემას. ბოკერიამ განაცხადა, რომ ასეთი რეკლამები არჩევნების წინ ქართული ოცნების სასარგებლოდ გაკეთებულ საარჩევნო რეკლამად შეიძლება იქნას აღქმული. ანალოგიური რეკომენდაცია უწყებათაშორისმა კომისიამ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც გამოსცა. მეორე შემთხვევის დროს, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი ქართული ოცნების კანდიდატი კამპანიის შეხვედრებში მონაწილეობდა, ბოკერიამ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეფრთხილებინა თავისი თანამშრომლები, რომ ამგვარი ქმედება კანონდარღვევაა. როდესაც უწყებათაშორის კომისიაში საჩივარი შევიდა იმ ცნობების თაობაზე, რომ ქართული ოცნების აქტივისტები სამტრედიაში მონაწილეობდნენ გლეხებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაუჩერების გადაცემაში, ბოკერიამ პროკურატურას ამ საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა, რადგანაც ეს შესაძლოა ამომრჩეველთა მოსყიდვასთან ყოფილიყო კავშირში. კომისიის სხვა წევრებმა სხვადასხვა სამინისტროებიდან ცალკე განცხადება გამოაქვეყნეს იმავე საკითხზე და მოუწოდეს მთავრობას და პოლიტიკურ პარტიებს „უზრუნველყონ პარტიული და სამთავრობო ღონისძიებების ერთმანეთისგან მკაფიო გამიჯვნა“.

სამმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო -რომლებიც შუალედური არჩევნების წინ მიმდინარე კამპანიას უწევდნენ მონიტორინგს, პარასკევს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამივე საარჩევნო ოლქში მთლიანობაში კონკურენტული გარემო იყო, რომლის დროსაც „კანდიდატებს ეძლეოდათ საშუალება თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, გაევრცელებინათ სააგიტაციო მასალები, გაემართათ შეხვედრები ამომრჩევლებთან“.

„ძირითადად, ზეწოლა-მუქარისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახმაურებდა, თუმცა გადამოწმების შედეგად, ხშირად ფაქტები არ დასტურდებოდა“, - აცხადებს სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29