პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვერ მოესწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ამოქმედდება 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო მოდელი, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მაისის ბოლომდე შესაძლოა რამოდენიმე „გადაუდებელი“ ცვლილების ინიცირება მოხდეს.
მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ „ბევრი ხარვეზია“ წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ საკონსტიტუციო მოდელში, რომელიც პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ხარჯზე პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს ზრდის, ის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, ვინაიდან ფართომასშტაბიანი ცვლილებების „ნაუცბათევად“ მიღება და კონსტიტუციისადმი „უპასუხისმგებლო“ მოპყრობა ახალ ხელისუფლებას მიუღებლად მიაჩნია.
„ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ვიმსჯელოთ გადაუდებელ შესაძლო რამოდენიმე ცვლილებაზე, რომელთა ინიცირება შეიძლება მოხდეს უახლოეს ხანებში, თვის ბოლომდე“, - განაცხადა უსუფაშვილმა 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა ამ ეტაპზე მან არ დააკონკრეტა ის „გადაუდებელი“ საკითხები, თუ რას შეიძლება შეეხოს შესაძლო ცვლილებები კონსტიტუციაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მაისის ბოლოს იგეგმება ასევე საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნა, რომელშიც პოლიტიკური სპექტრისა და საექსპერტო წრეების ფართო წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი და რომელიც „მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარ არჩევნებზე მიუბმელად“ იმუშავებს კონსტიტუციის დახვეწაზე.
„საქართველოს ბოლოს და ბოლოს ექნება გამართული, ევროპული დემოკრატიების სტანდარტის შესაბამისი კონსტიტუცია, რომელშიც აღარ იქნება გამოტოვებული საკითხები ისეთი, როგორიცაა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, თვითმმართველობის თემები, რომელშიც იქნება მმართველობის სისტემა დაბალანსებული, ადამიანის უფლებების ნაწილი დახვეწილი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე გაიმეორა რესპუბლიკური პარტიის პოზიცია, რომ მისი პარტიის ამოცანად რჩება კლასიკური საპარლამენტო მოდელის შემოღება. თუმცა ამ საკითხზე მმართველი კოალიციის შიგნით ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
პარლამენტმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კონსტიტუციაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა და პრეზიდენტს ჩამოართვა უფლება, რომ მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეეცვალა.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ინიცირებულია, ეხება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრეზიდენტი სააკაშვილი. მიუხედევად იმისა, რომ ამ ინიციატივას საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა გავლილი აქვს, პარლამენტში მასზე მსჯელობის დაწყება შეჩერებულია.
ამ საკითხზე დავით უსუფაშვილმა მიანიშნა, რომ განხილვები შეიძლება შემოდგომამდე არც კი დაიწყოს.
„[პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე] საკანონმდებლო დონეზე ახალი არაფერია, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს [თბილისში პარლამენტის ყოფილ შენობაში]. ასე რომ, შემოდგომაზე ვნახოთ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, რაც ორ-მესამედს ანუ 100 ხმას შეადგენს, რამოდენიმე ხმა აკლდება და მას საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება.
საკონსტიტუციო ცვლილების მიღება როგორც პროცედურულად, ისე ხმების თვალსაზრისით კიდევ უფრო გართულდება მას შემდეგ, რაც ახალი საკონსტიტუციო დებულებები ამოქმედდება 2013 წლის ბოლოს.
ახალი წესების მიხედვით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, რაც 113 ხმას შეადგენს.