პარლამენტმა 17 მაისს კოალიცია ქართული ოცნების სამი ახალი მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, რომლებიც 27 აპრილს შუალედური არჩევნების შედეგად იქნენ არჩეულნი.
ნაძალადევის რაიონს პარლამენტში თამარ კორძაია წარმოადგენს, ბაღდათის რაიონს პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიას - გიორგი კახიანი. სამივე ახალი დეპუტატი პროფესიით იურისტია.
სამი მაჟორიტარის ადგილი პარლამენტში თვეების განმავლობაში ვაკანტური მას შემდეგ იყო, რაც 1 ოქტომბერს ნაძალადევში გამარჯვებულ თეა წულუკიანს, ბაღდათის ყოფილ მაჟორიტარს არჩილ კბილაშვილს და სამტრედიაში გამარჯვებულ კახი კალაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო.
პარლამენტში მათმა ადგილმონაცვლეებმა კონკურენტებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს შუალედურ არჩევნებში, რის შედეგადაც პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-მდე შეივსო, ხოლო ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის რიგები 86 წევრამდე გაიზარდა; ნაციონალური მოძრაობის უმცირესობაში 53 დეპუტატი შედის; ხოლო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილია დამოუკიდებელ მაჟორიტართა 6-კაციანი ფრაქცია და უფრაქციო 5 დამოუკიდებელი დეპუტატი - თერთმეტივე ეს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან წასული წევრები არიან.
კოალიცია ქართულ ოცნებას პარლამენტში კვლავ არ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. კონსტიტუციაში ცვლილების მხარდაჭერას სულ ცოტა 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.
ახალი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შედეგად პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 17-მდე გაიზარდა.