პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმის უკან, რასაც, როგორც მან განაცხადა, ადმინისტრაციული საზღვრის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწევა მოყვა, შესაძლოა ის „გარკვეული ძალები“ იდგნენ რუსეთში, რომელთაც საქართველოსთან ორმხრივი დიალოგისთვის ხელის შეშლა სურთ.
29 მაისს თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან კლოდ მინიონთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა: „მე გამოვთქვი ჩემი ვარაუდი, რომ შესაძლოა იყოს მცდელობა გარკვეული ძალების რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ ხელი შეეშალოს იმ პირველ ნაბიჯებს დიალოგში, რაც საქართველოს და რუსეთს შორის დაიწყო; ეს არის ძალიან საწყისი ნაბიჯები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაბიჯებიც კი აღიზიანებს გარკვეულ წრეებს კრემლში. ამ ვითარებაში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა და დამატებითი პრობლემების შექმნა, როგორც ჩანს, ამ მიზანსაც ემსახურება“.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ამ სიტუაციასთან მიმართებაში „იქნება პრინციპული და ფრთხილი იმისთვის, რომ ამ კონკრეტულმა მოვლენამ არ მისცეს საშუალება იმ ძალებს, რომელთაც ზოგადად არ სურთ ურთიერთობის ნორმალიზება ორ ქვეყანას შორის, რომ თავიანთი მიზანი შეასრულონ“.
ბოლო დროს რუსული ძალები სულ უფრო ინტენსიურად ავლებენ მავრთულხლარებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, რაც, ადგილობრივების თქმით, უარყოფითად მოქმედებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ თავისუფალ გადაადგილებას და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას აფერხებს.
27 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავრთულხლართების გაბმის შედეგად ადმინისტრაციულმა საზღვრმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შიგნით გადმოიწია; ადგილობრივებმა განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ პირობითმა საზღვარმა დაახლოებით 300 მეტრით გადმოიწია და ისინი იმ ტერიტორიას, რომელიც მავრთულხლართების მიღმა დარჩა, ვეღარ გამოიყენებენ
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ღობეების აღმართვა „მიუღებელია“.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ღობეებისა და დაბრკოლებების აღმართვის პროცესის ზრდა შენიშნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს", – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა 28 მაისს, „მომხდარმა შეიძლება გაღიზიანება და დამატებითი პროტესტი გამოიწვიოს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ამ მგრძნობიარე რეგიონში შემდგომ დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანოს."
„ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს", - აღნიშნა ტიშკევიჩმა, "ღობეების აღმართვა ხელს უშლის ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას და ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებას. ეს მიუღებელია“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი „პროვოკაციული ქმედება“ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას“; "განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარებისა და საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე“; და „ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, და სხვა სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს“.