პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე „საოკუპაციო ხაზის“ გადმოწევა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში რუსეთის „პროვოკაციაა“, რომელიც საქართველოს მოქმედი ხელისუფლევის „სიმტკიცის“ გამოცდას ისახავს მიზნად.
31 მაისს გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი არ ადანაშაულებს მთავრობას ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ამ კონკრეტული სიტუაციის გამო, თუმცა ასევე განაცხადა, რომ გამოცდილება ცხადყოფს, რომ საქართველოს „რბილი რიტორიკის პირდაპირ პროპორციულად მკაცრდება [რუსეთის] მოქმედებები საქართველოს მიმართ“.
„შეიქმნა საფრთხე, რომ თუ ეს გაგრძელდა, დამატებით ჩვენ კონტროლს დავკარგავთ ათასობით ჰექტარზე ჩვენი მიწის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ძალიან „საშიში თემაა“.
„მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად არ ვადანაშაულებ თავად ამ პროვოკაციების განხორციელებაში, ან ამ პროვოკაციებთან რამე კავშირში საქართველოს მთავრობას – კავშირს ვერ ვხედავ მის მოქმედებებსა და რუსეთის გადაწყვეტილებებს შორის. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი მიყვება თავის გეგმას... მისთვის სულერთია, კონკრეტულად იმ დღეს, იმ კვირას, წინა თვეებში რა ქმედებებს განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მე მიმაჩნია, რომ სწორია საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და არ წამოვეგოთ რაიმე სახის პროვოკაციებს“, – განაცხადა მან.
„მე არ მინდა, რომ ეს თემა გამოყენებულ იქნას ჩვენ შორის დაპირისპირების, ან ვინმეს მხრიდან პოლიტიკური ქულების მოგროვების საგნად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მე ვფიქრობ ამ პროვოკაციებით რუსეთი ცდის საქართველოს ახალი მთავრობის სიმტკიცეს, საქართველოს შიდა ერთიანობას, პოლიტიკურ ძალთა შორის ერთიანობას, პოლიტიკურ ძალთა შორის რაიმე სახის თანამშრომლობას თუნდაც ასეთ ფუნდამენტურ საკითხებზე“.
„რუსეთისთვის პრობლემა იყო საქართველოს ნებისმიერი მთავრობა – რუსეთისთვის პრობლემა იყო გამსახურდია; რუსეთისთვის პრობლემა იყო შევარდნაძე; რუსეთისთვის პრობლემა იყო ჩემი მთავრობა; რუსეთისთვის პრობლემაა დღევანდელი საქართველოს მთავრობა იმიტომ, რომ მთავრობაში არ არის საქმე; რუსეთისთვის პრობლემაა საქართველოს, როგორც პარტნიორის, როგორც სახელმწიფოს არსებობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ახალა საკითხი დგას იმაზე, თუ როგორ მობილიზებული ვიქნებით ჩვენ და რა იქნება ჩვენი პასუხი იმაზე, რაც არის ობიექტური რეალობა; ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ რბილები, მაგრამ მე კარგად ვიცი ასევე, რომ ჩვენი მთავრობის პირველ წლებში ჩვენ გამოვიჩინეთ საოცრად ლმობიერი დამოკიდებულება რუსეთისადმი, ჩვენი რიტორიკა იყო უკიდურესად რბილი, უკიდურესად გახსნილი, ვინმემ შეიძლება თქვას, მაამებლობითიც, და ჩვენ ამით ვერაფერი ვერ მივიღეთ – ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება, და ჩემი მთავრობის გამოცდილება“.
„დღეს ჩვენ უკვე ვართ ახალ რეალობაში... 2008 წლის ფართომასშტაბიანი ომის შემდგომ რეალობაში, ამიტომ ... საჭიროა იმ ყველა გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც არსებობდა მანამდე და გამოცდილება არის მხოლოდ ერთი – რბილი რიტორიკის პირდაპირ პროპორციულად მკაცრდება მოქმედებები საქართველოს მიმართ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„რუსეთი ახლა ცდის ჩვენ ფსიქოლოგიურ განწყობას. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვუბრუნდებით, დაახლოებით, იმ პერიოდს 2003 წლამდე, როდესაც მაშინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებდა ხმამაღლა, რომ ‘რა ვქნათ აბა, რაგატკებით ხომ არ შევებრძოლებით რუსეთს?’ რა თქმა უნდა, არავინ არ მოუწოდებს არავის შეიარაღებით ძალების გამოყენებისკენ ყველა ასეთ სიტუაციაში; ეს არაფერს ამ შემთვევაში არ მოგვცემს“, – განაცხადა მან.
„მაგრამ ფსიქოლოგიური განწყობა იმისა, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად სუსტები, დაქსაქსულები, რომ ჩვენ თვითონ გამოვაცხადეთ, რომ 2008 წლის ომი იყო საქართველოს ბრალი, ჩვენ თვითონ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ ვამზადებდით ტერორისტებს რუსეთის წინააღმდეგ... ყველაფერი ეს ასუსტებს ჩვენ პოზიციებს და ახალისებს აგრესორს შემდგომი პროვოკაციებისთვის“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა მოუწოდა მთავრობას, რომ გამოიყენოს ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ ადმინისტრაციულ საზღვართან მიმართებაში. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ტერმინ „ოკუპაციის“ ნაკლები სიხშირით გამოყენებას საქართველოს დასავლელი პარტნიორების რიტორიკაშიც ამ ტერმინის ნაკლებად გამოყენება მოყვა.
„ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ ბევრ ასპექტს ჩვენი საშინაო პოლიტიკის იმიტომ, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა სამწუხაროდ იწვევს კრიტიკულ რეაქციას, რომ საქართველო პირდაპირ ექცევა სულ უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთავრობამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა, ხოლო პრემიერ–მინისტრმა უცხოური ვიზიტების განხორციელება უნდა დაიწყოს საქართველოს დასავლელი პარტნიორების დედაქალაქებში.
„ხელს ვუწვდი საქართველოს მთავრობას და ვთავაზობ მათ ერთობლივ მუშაობას ყველა ამ სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.