Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტარებმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ივნ.'13 / 12:29

ევროპარლამენტის შვიდი წევრი 3–4 ივნისს საქართველოს სტუმრობდა, რათა, როგორც თავად განაცხადეს, გაცნობოდნენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან დაახლოებით შვიდი თვის თავზე და 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

საგარეო საქმეთა კომიტეტის სპეციალური დელეგაცია ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებისგან შედგებოდა და მათ შორის იყვნენ ჩეხი დეპუტატი ლიბორ როუჩეკი და სლოვაკი დეპუტატი ბორის ზალა, ორივე სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსიდან ევროპის პარლამენტში (S&D); პოლონელი დეპუტატები კრჟიშტოფ ლისეკი და იან კოჟლოვსკი ევროპელ ხალხთა პარტიიდან (EPP); პოლონელი დეპუტატი რიშარდ ჩჟარნეცკი ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფიდან (ECR); ბელგიელი დეპუტატი ანემი ნეიც-უტებროკი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE); და ავსტრიელი დეპუტატი ულრიკე ლუნაჩეკი, მწვანეები/ევროპელთა თავისუფალი ალიანსი ევროპის პარლამენტში.

მაშინ როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის ხალხთა პარტიის პარტნიორია, კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ორი პარტია – რესპუბლიკური პარტია და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები თანამშრომლობენ ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსთან ევროპისთვის. პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა აპრილში, რომ მისი პარტიის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს სურვილია, რომ ევროპელი სოციალისტების პარტიასთან ითანამშრომლოს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს, სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, ასევე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

სამშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიზიტის შეჯამებისას ევროპარლამენტარმა ლიბორ როუჩეკმა განაცხადა თავის გახსნით სიტყვაში, რომ ყველა თანამოსაუბრემ, რომელთაც ისინი თბილისში შეხვდნენ, ევროპაში ინტეგრაციის „ძლიერი სურვილი“ გამოხატა. „ამ საკითხზე ძლიერი კონსენსუსია“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ „რეალური შანსი არსებობს იმისა“, რომ საქართველომ 2013 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინოს, რაც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.    

„ძლიერი შანსი არსებობს იმისა, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს და არ აქვს მნიშვნელობა ევროპარლამენტში რომელ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ; ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ ძალისხმევას“, – განაცხადა როუჩეკმა.

კოჰაბიტაციის პროცესთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „ზოგიერთ შემთხვევებში ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი დაძაბულობაა“ კოალიცია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას შორის; მისი თქმით, მთავარი გზავნილი ყველა პარტიის მიმართ მეტი დიალოგის, თანამშრომლობის და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის საჭიროებაა; თუმცა, მან ასევე გაუსვა ხაზი ამგვარი დიალოგისა და თანამშრომლობის დადებით მაგალითებს მთელ რიგ საკითხებზე პარლამენტში.

„ჩვენ მივმართეთ ჩვენ კოლეგებს როგორც მთავრობიდან, ისე ოპოზიციიდან, რომ ზოგჯერ შეამსუბუქონ რიტორიკა და დაწიონ ტემპერატურა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა როუჩეკმა.

თბილისში გამართული შეხვედრების ერთ–ერთი მთავარი თემა 17 მაისს მომხდარი ჰომოფობიური ძალადობაც იყო. ავსტრიელმა დეპუტატმა ულრიკე ლუნაჩეკმა განაცხადა, რომ „ყველა ჩვენგანი შეგვაძრწუნა“ ამ ძალადობამ; იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე ქართულმა ოცნებამ დაგმეს ძალადობა. მან შეშფოთება გამოხატა ლგბტ პირების და უმცირესობის სხვა ჯგუფების მიმართ „სიძულვილი ენის“ გამოყენების გამო. იგი მიესალმა ხელისუფლების გეგმას ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტის შემუშავების თაობაზე. 

ევროპარლამენტარმა როუჩეკმა განაცხადა, რომ თბილისში გამართული შეხვედრების დროს ასევე იქნა განხილული რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავრთულხლართების გავლების საკითხი; დელეგაციამ დაგმო ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ვიზიტამდე, პოლონელმა დეპუტატმა კრჟიშტოფ ლისეკმა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წლის ნოემბერში წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების ხელშეწყობის გამო, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანთან ვანო მერაბიშვილთან საპატიმროში შეშვება სთხოვა. მან წინასწარ პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილი, რომელსაც სამ ეპიზოდზე აქვს ბრალდებები წარდგენილი, სამშაბათს დილით მოინახულა. პრესკონფერენციაზე ლისეკმა განაცხადა, რომ მერაბიშვილი „საკმაოდ კარგ ფორმაშია“. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მერაბიშვილი მიმდინარე ახალი ამბების ნაკლებობას განიცდის და მას ოჯახის წევრები ენატრება და დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა აცნობეს, რომ მერაბიშვილს უფლება აქვს წერილობით მოითხოვოს ტელევიზორი და ხანმოკლე პაემანი ოჯახის წევრებთან. „ვიმედოვნებ, რომ პასუხი დადებითი იქნება“, – დასძინა მან.

კითხვაზე მიაჩნია, თუ არა მას, რომ მერაბიშვილის დაპატიმრება „პოლიტიკური ანგარიშწორებაა“ იმ ცნობებზე დაყრდნობით, რაც მან საქართველოში გამართულ შეხვედრებზე შეიტყო, ლისეკმა უპასუხა: „რთულია ამაზე მსჯელობა, რადგანაც ჩვენ განსხვავებული შეხედულებები მოვისმინეთ მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებისგან“. მან ასევე დასძინა, რომ კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის „ცივილური გზით“ უნდა განხორციელდეს. ლისეკმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა „უნდა გაითვალისწინონ, რომ ორ, სამ, ოთხ წელიწადში ახალი არჩევნები იქნება და ნებისმიერმა შეიძლება გაიმარჯვოს“.

იმავე კითხვის საპასუხოდ ევროპარლამენტარმა როუჩეკმა განაცხადა: „დემოკრატიაში კიდევ ერთი წესი არსებობს, რომ არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა – არც პრემიერ–მინისტრი და არც პრეზიდენტი... მოსამართლეზეა დამოკიდებული როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეების არგუმენტების შეფასება... არც აქ, და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში სამართლიანობის ძიების პროცესი არ უნდა გადაიზარდოს პოლიტიკური ანგარიშწორების მსგავს რამეში; ეს ძალიან ცუდი სიახლე იქნება საქართველოსთვის და საქართველოს ძალისხმევისთვის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“.

როდესაც საქართველოსა და უკრაინას შორის გავლებული პარალელების შესახებ ჰკითხეს, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავების თვალსაზრისით, ევროპარლამენტარმა როუჩეკმა უპასუხა: „არა მგონია, რომ საქართველო უკრაინას ან რომელიმე სხვა ქვეყანას უნდა შევადაროთ, რადგანაც თითოეული ქვეყანა განსხვავებულია და თითოეული შემთხვევა განსხვავებულია“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7