ეროვნული უშიშროების საბჭოს წინა სხდომის მსგავსად, რომელიც ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველად 5 ივნისს იქნა მოწვეული, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არც მეორე ასეთ შეკრებას დაესწრება, რომელიც დღეს საღამოს იგეგმება და რომელშიც მთავრობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შაბათს განაცხადა, რომ მოწვეული იქნებოდა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომლის ზუსტი დროც პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეთანხმებით დაინიშნებოდა. მას შემდეგ, რაც ორშაბათს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ ზუსტი თარიღის გამოცხადების შემდეგ მიიღებდა სხდომაზე დასწრების ან არ დასწრების გადაწყვეტილებას, იმავე საღამოს უშიშროების საბჭოს სხდომა 11 ივნისს საღამოს 6 საათისთვის დაინიშნა.
სხდომის დღის წესრიგი ორ მთავარ საკითხს მოიცავს: ავღანეთში განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც 6 ივნისს შვიდი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა და მუქარის შემცველი ვიდეო კლიპების თემას, რომელიც თალიბანის სახელით მანამდე გავრცელდა, ვიდრე ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტი ქართულ შენაერთთან თავს აიფეთქებდა.
„დღის წესრიგი ვნახე... ჩემთვის არცერთი [საკითხი] არ არის ამ ეტაპზე საინტერესო, რომ მე ამ შეკრებაზე წავიდე“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სამშაბათს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მოწვევა მნიშვნელოვანია, რათა „გავარკვიოთ აქვს ფუნქცია ამ საბჭოს? არის ის ქმედითუნარიანი? არის საჭირო მისი დაფინანსება თუ არა?“.
„რვა თვის განმავლობაში არაფერი არ გააკეთეს - აი ესაა ძირითადი კითხვა“, - განაცხადა მან და გაიმეორა ის პრეტენზიები, რომელიც პრეზიდენტის ამ სათათბირო ორგანოს მიმართ ადრეც გამოთქვა თანხების ლობისტური მიზნებით ხარჯვასთან დაკავშირებით.
„მე ჯერ უნდა დავრწმუნდე, ვთქვათ საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებელია და სასწრაფოდ მისასვლელია, მერე უნდა დავრწმუნდე, რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა და რა მოხდება დღეს ესეც დავინახოთ და მომავალში რატომაც არა [შესაძლებელია მონაწილეობა], თუკი დავრწმუნდებით, რომ საკითხები ისმევა არა საკითხებისთვის და არა იმისთვის, რომ შეკრება მოხდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე.
პრემიერის თქმით, ფანჯიკიძეს ექნება ყველაზე მეტი შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ „რატომ არ თანამშრობლობს პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ მისი უცხოური ვიზიტების ფარგლებში და „რატომ უშლის ამდენ ხანს ხელს ელჩების დანიშვნის პროცესს“; ალასანია დაინტერესდება იმით, თუ რატომ აანონსებს პრეზიდენტი წინასწარ, რომ ავღანეთში გამგზავრებას აპირებს, ხოლო ღარიბაშვილს, პრემიერის თქმით, ექნება მუქარის შემცველ კლიპთან დაკავშირებით საუბარი, რაც „აშფოთებს მთელ საქართველოს“.
YouTube–ზე დადებულმა ვიდეო-რგოლმა სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, სადაც ნახსენებია პრეზიდენტი სააკაშვილიც და მამაკაცის ხმა ინგლისურად ქართველ სამხედროებს, მათ ოჯახებს ემუქრება და საქართველოში ბრძოლის გადმოტანის შესახებ აფრთხილებს, ბოლო დღეებში ურთიერთბრალდებების წყარო გახდა პრეზიდენტისა და პრემიერის გუნდებს შორის.
სააკაშვილმა გამორიცხა, რომ ამ ვიდეოს უკან შესაძლოა თალიბანი იდგეს და „დიდი ალბათობით“ საქართველოში დამზადებული ამ ვიდეო-რგოლის ავტორების გამოვლენისკენ მოუწოდა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. შსს აცხადებს, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით და დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
10 ივნისს სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ შსს-ს გამოძიების გაჭიანურებაში დასდო ბრალი. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ და რამდენიმე მისმა თანაგუნდელმა კოლეგამ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ ვიდეოების უკან მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კოკა ყანდიაშვილი იდგეს და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს. ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ ის „ნაც. აქტივისტების ბოდვაზე“ პასუხის გაცემას არ აპირებს და სანაცვლოდ ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითი გაიშვირა ტელეკომპანია იმედის ყოფილ დირექტორის და სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირის გიორგი არველაძისკენ, როგორც 2010 წლის მარტში "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელისკენ. არველაძემ ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ, რაც ამ ურთიერთბრალდებებზე ჰკითხეს, განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ვიდეო-რგოლი „საქართველოში დაიდო“, ეს „ძალიან ბევრ კითხვებს შობს“.
„ასეთი კადრების გამკეთებელი ვინ არის, ჩვენ არ ვიცით განა, თუ ამაზე საუბარია, თუმცა მე ამაზე არ გამოვთქვამ ეჭვს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, „მაგრამ თუ მაინც წინასწარ ეჭვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდს მსგავსი ხელწერა არ ჰქონია არასდროს და მსგავსი თემებით არასდროს არ დაკავებულა, შესაბამისად, თუ ვინმეს ეჭვი აქვს ამ მიმართულებით, ეს მისი პრობლემაა მხოლოდ“.
„ეს მათი ხელწერაა. ესენი ახერხებდნენ მსგავსი ფილმების გადაღებას და გავრცელებას, მოდელირებული ქრონიკა თუ რაღაცეები ჰქონდათ მათ, შესაბამისად, ეჭვის საფუძველს იძლევა და არა მეტი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოძიება ფატების დადგენის მიზნით ძალიან აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან.