Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივნ.'13 / 19:51

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც მიზნად ისახავს რიგი შესწორებების შეტანას, ძირითადად, იმ ახალ საკონსტიტუციო დებულებებში, რომლებიც 2013 წლის ოქტომბერში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან უნდა ამოქმედდეს.

ახალი მოდელი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა 2010 წლის ბოლოს მიიღო, მნიშვნელოვნად ზრდის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს პრეზიდენტის უფლებების შემცირების ხარჯზე.  ქართული ოცნების მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ ხელისუფლების დანაწილებაში ძალთა ბალანსის მისაღწევად ამ მოდელის ფართომასშტაბიან გადახედვას გეგმავს, თუმცა მანამდე მოამზადა რიგი ცვლილებები, რათა ზოგიერთი ახალი საკონსტიტუციო დებულება არსებული ფორმით არ შევიდეს ძალაში.

ეს ცვლილებები ეხება პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საპარლამენტო კონტროლის შენარჩუნებას, პარლამენტის მიერ მისი საკანონმდებლო უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებას, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭირო 2/3-იანი კვორუმის შენარჩუნებას და ასევე უფლებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები.

ცვლილებათა პროექტები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 14 ივნისს დარეგისტრირდა. იმისათვის, რომ მას შემდგომი სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს, ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის უზრუნველსაყოფად პარლამენტმა სპეციალური კომისია უნდა შექმნას.

ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ძალაში დარჩება ამჟამად მოქმედი კონსტიტუციური დებულება, რომელიც პარლამენტს დაუტოვებს უფლებას, რომ მთავრობის 1/3-ით განახლების შეთხვევაში, ხელახლა გამოუცხადოს ნდობა მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას.

ეს დებულება ამოღებულია 2010 წლის ოქტომბერში მიღებულ ახალ მოდელში და ის სრულიად სხვა შინაარსის მუხლით არის ჩანაცვლებული.

თუ დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებენ, მაშინ პრემიერ-მინისტრს ექნება უფლება პარლამენტთან შეუთანხმებლად შეცვალოს თუნდაც ყველა მინისტრი; მას ასევე მიენიჭება უფლება მთავრობის მიერ ინიცირებულ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი, რის შემდეგაც პარლამენტს ექნება ორი გამოსავალი: ან 14 დღეში დაამტკიცოს ეს კანონპროექტი ერთი მოსმენით მაშინ, როცა ჩვეულებრივ კანონპროექტს სამი მოსმენით მიღება ესაჭიროება ან უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას; თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.

ახლად ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციას ემატება ახალი დებულება, რომელიც ბიუჯეტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კერძოდ, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მიიღებს ბიუჯეტს, ეს ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად, ხოლო თუ პარლამენტი ვერ შექმნის ახალ მთავრობას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ბიუჯეტის პროექტს მთავრობა პარლამენტს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე 3 თვით ადრე წარუდგენს და თუ წლის ბოლომდე პარლამენტი მის მიღებას ვერ მოახერხებს, ხარჯები წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაიფარება. 

ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი დებულება ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენების ან პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას.

ცვლილებათა პროექტის კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება კონსტიტუციაში შესწორების შეტანისთვის საჭირო არსებული კვორუმის უცვლელად შენარჩუნებას. კერძოდ, ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის გადასინჯვისათვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის  ანუ სულ ცოტა 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო და აღარ ამოქმედდება 3/4-იანი კვორუმი (113 ხმა) იმ ახალ საკონსტიტუციო დებულებებთან ერთად, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან უნდა შევიდეს.  

ამავე ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციურ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის ამჟამად გათვალისწინებული 2/3-იანი კვორუმი შენარჩუნდება, დაგეგმილი 3/4-იანი კვორუმის ნაცვლად, რაც იმ კონსტიტუციური დებულებებით არის გათვალისწინებული,  რომელიც 2013 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ინიციატივის მომზადება განპირობებულია იმით, რომ არ „გაჭიანურდეს და გართულდეს“ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება.

კიდევ ერთი ცვლილება ცალკე კანონპროექტში ეხება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების დასაკავებლად ერთიანი ცენზის დადგენას. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას ორმაგი მოქალაქეობა.

ამჟამად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ეკრძალებათ ამ სამი უმაღლესი თანამდებობის დაკავება, თუმცა შესაძლებლობა აქვთ არჩეულ იქნან დეპუტატებად და დაიკავონ მინისტრების პოსტები.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10