Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კბილაშვილი ციხის სკანდალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ივნ.'13 / 11:16

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი რამდენიმე ადამიანმა გააკრიტიკა, მათ შორის ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა სასჯელაღსრულების სისტემის 17 ყოფილი თანამშრომლიდან ერთ–ერთს, ციხის სკანდალთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელსაც შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც 2012 წლის სექტემბერში პატიმართა წამების შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერები აჩვენეს ტელევიზიით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს ციხის 16 ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო და ასევე დააკმაყოფილა მთავარი პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც ასევე ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვდა. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ზოგიერთი ვიდეო მასალა მის მიერ იყო გადაღებული.

ბედუკაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ფარულად გამოიტანა ვიდეოფირები ციხიდან და შემდეგ გაასაჯაროვა, რათა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოეაშკარავებინა, პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდა ბრალი. 

ქართული ოცნების დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „პოზიცია“ 18 ივნისს, რომ მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე „შეცდომა“ იყო.

„არის დანაშაულები – საერთაშორისო წესებით დადგენილი – რომლისთვისაც არ არსებობს პატიება და წამება არის ნომერი ერთი ამ ჩამონათვალში... თუკი ადამიანი მხილებულია წამების დანაშაულში და არსებობს ფაქტები დადასტურებული სასამართლოს მიერ, როგორც არ უნდა თანამშრომლობდეს [გამოძიებასთან], იქ შეიძლება იყოს შემსუბუქებაზე ლაპარაკი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვილაპარაკოთ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კიდევ ერთმა დეპუტატმა კოალიცია ქართული ოცნებიდან ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა იმავე გადაცემაში, რომ მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება მისთვის შოკის მომგვრელი იყო.

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 19 ივნისს, რომ ბედუკაძეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმიტომ მოეხსნა, რომ იგი „სისტემური დანაშაულის“ გამოვლენას დაეხმარა, „რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი ჰქონდა პატიმრების სისტემატიურ ცემას, წამებას, მათზე სექსუალურ ძალადობას, პატიმრების ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, დამცირებას და არაადამიანურ მოპყრობას“. 

„მხედველობაში მიიღებული იქნა ის, რომ ვლადიმერ ბედუკაძის მიერ დანაშაულის ჩადენის დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის საფუძველზე, რომლის გარეშეც ვერც ვლადიმერ ბედუკაძისა და ვერც სხვა პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდებოდა. ამ ვიდეომასალის წარმოდგენით ვლადიმერ ბედუკაძემ საფრთხეში ჩააგდო არამარტო საკუთარი სამსახურებრივი კარიერა, არამედ საკუთარი უსაფრთხოებაც, რის გამოც იგი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.  საფრთხე შეექმნა  ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი უფლებას ანიჭებს მთავარ პროკურორს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების თაობაზე „განსაკუთრებულ შემთხვევაში“, როდესაც ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გაირკვა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები. 2011 წლის ივნისამდე მთავარ პროკურორს არ ჰქონდა ამ მუხლის გამოყენების უფლება წამების და არაადმიანური მოპყრობის საქმეებთან მიმართებაში; თუმცა შემდეგ კოდექსში ცვლილებები შევიდა და ამ მუხლის გამოყენება შესაძლებელი გახდა იმ პირთა მიმართაც, რომელთაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ ბრალი; თუმცა, ამ მუხლის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკვე გასამართლებული არიან ამ დანაშაულებისთვის, კვლავ აკრძალულია.

„საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე,  მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად, გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს განაჩენის გამოტანის შემდეგ.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
60