საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები 2007–2013 წლების იანვარ–ივნისში, მლნ აშშ დოლარში. წყარო: საქსტატი
2013 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.71 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3%–ით ნაკლებია; უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარ–ივნისში 2.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.3%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“ 24 ივლისს.
საგარეო სავაჭრო ბრუნვის კლება ძირითადად იმპორტის მოცულობის შემცირებამ გამოიწვია, რამაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%–ით დაიკლო 2013 წლის პირველ ნახევარში და 3.47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს ექსპორტმა იანვარ–ივნისში 1.23 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9%–ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ექსპორტის მოცულობა ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება წლის პირველი ნახევრის ძირითად ნაწილში – გამონაკლისს მარტი და მაისი წარმოადგენდა, როდესაც შესაბამისად, 10.%–იანი და 8%–იანი კლება დაფიქსირდა ექსპორტის მოცულობაში; ივნისში ექსპორტის 30%–იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2013 წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.7% შეადგინა –318.1 მილიონი აშშ დოლარით, რაც 21.9%–იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 129.5 მილიონი აშშ დოლარით (10.5%–იანი წილი მთლიან ექსპორტში); აზოტოვანი სასუქები – 54.3 მილიონი აშშ დოლარით (4.4%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 49.3 მილიონი აშშ დოლარი (4%).
მინერალური წყლების ექსპორტი 45.7%–ით გაიზარდა და 44.36 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ღვინის ექსპორტი 31.5%–ით გაიზარდა და 33.61 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ეს ზრდა გარკვეულწილად მაინც, სავარაუდოდ რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის განახლებამ განაპირობა. მინერალური წყლების და ღვინის წილმა ქვეყნის მთლიან ექსპორტში 3.6% და 2.7% შეადგინა, შესაბამისად.
ექსპორტის მთლიანი მოცულობა საქართველოდან რუსეთში 2012 წლის პირველ ნახევარში არსებული 19.58 აშშ დოლარიდან 2013 წლის იმავე პერიოდში 41.91 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ათ უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფში ასევე შედის სპირტი ეთილის არადენატურირებული – 40.28 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.3%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული – 35.52 მილიონი აშშ დოლარი (2.9%); ნახევარფაბრიკატები რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან – 29.12 მილიონი აშშ დოლარი (2.4%); სამკურნალო საშუალებები – 26.74 მილიონი აშშ დოლარი (2.2%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის პირველ ნახევარში ისევ ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 390.53 მლნ აშშ დოლარი (11.2%–იანი წილი მთლიან იმპორტში); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 340.6 მლნ დოლარი (9.8%); ნახშირწყალბადები – 144.4 მლნ აშშ დოლარი (4.2%); სამკურნალო საშუალებები – 132.2 მლნ აშშ დოლარი (3.8%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 60.9 მლნ აშშ დოლარი (1.8%); სიგარეტი – 46 მლნ აშშ დოლარი (1.3%); ხორბალი – 44 მლნ აშშ დოლარი (1.3%); მაცივრები და საყინულე მოწყობილობები – 37.6 მლნ აშშ დოლარი (1.1%); გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 35.1 მლნ აშშ დოლარი (1%); სატვირთო ავტომობილები – 33.3 მლნ აშშ დოლარი (1%).
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2013 წლის იანვარ–ივნისში (მლნ აშშ დოლარი)წყარო: საქსტატი
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის პირველ ნახევარში 692.75 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა თურქეთიდან 610.87 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან თურქეთში მხოლოდ 81.88 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 605.97 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2013 წლის იანვარ–ივნისში; საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობა 332.8 მილიონი აშშ დოლარი იყო, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე (189.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტმა აზერბაიჯანიდან 273.16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანს მოყვება უკრაინა – 341.6 მილიონი აშშ დოლარით; ჩინეთი – 301.7 მილიონი აშშ დოლარით; რუსეთი –277.46 მილიონი აშშ დოლარით; გერმანია – 227.7 მილიონი აშშ დოლარით; აშშ – 208.86 მილიონი აშშ დოლარით; სომხეთი – 191.1 მილიონი აშშ დოლარით; იტალია – 146.4 მილიონი აშშ დოლარით; ბულგარეთი – 145.2 მილიონი აშშ დოლარით.