Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: 'აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად ვართ'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აგვ.'13 / 20:23

  • ‘საქართველომ უნდა მოიკრიბოს ძალა და შეძლოს პატიება’; 
  • ‘ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც’; 
  • ‘დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებსა და ოსებს ჩვენსკენ’; 
  • ‘გაუგებარი და აუხსნელია ჩვენი ქვეყნის სიღრმეში მავთულხლართების გადმოწევა’; 
  • ‘მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანამიმდევრულად მივსდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას’; 
  • ‘ნატოს და ევროკავშირს საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს’.

პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი გორში სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს. ფოტოზე ასევე ჩანან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური ირაკლი ძნელაძე (მარცხნივ) და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია (მარჯვნივ), 8 აგვისტო, 2013. მთავრობის პრესსამსახურის ფოტო

თბილისი მზად არის აფხაზ და ოს „ძმებთან“ პირდაპირი დიალოგისთვის და საქართველოს უნდა ეყოს ძალა, რომ აპატიოს და ასევე აღიაროს საკუთარი შეცდომები, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან აგვისტოს ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.   

პრემიერ–მინისტრი სიტყვით გამოვიდა იმ 760 სამხედრო მოსამსახურის წინაშე, რომელთაც გორის ცენტრში ფიცი დადეს.

თავის გამოსვლაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, ივანიშვილმა განაცხადა: „შეიარაღებული ძალების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ თავი გაწიროთ სამშობლოსთვის. არა მარტო აქ, არამედ უცხო მიწაზეც, საქართველოდან შორს, ჩვენი ჯარისკაცები, საერთაშორისო  სამშვიდობო ძალებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის ფასად საერთაშორისო უსაფრთოებას და მშვიდობას იცავენ“, – განაცხადა მან და შემდეგ მთავრობის გეგმაც ახსენა, რომლის ფარგლებშიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიური კომპენსაციები გაეზრდებათ.
 
„დღევანდელი ფიცის დადება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ–ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს ხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ნგრევა და მსხვერპლი – ასეულობით დაღუპული ადამიანი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათიათასობით ჩვენი თანამემამულე - აი, ეს არის ის უმძიმესი შედეგი, რომელიც 8 აგვისტოს ომმა მოგვიტანა“.

„სამარადისო ხსოვნა ომში დაღუპულ ადამიანებს, იქნება ეს ქართველი თუ ოსი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა მან.

„მე მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ თანამიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მოიკრიბოს ძალა და „აპატიოს“.

„მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - განაგრძო ივანიშვილმა, „ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობისთვის“, – განაცხადა მან, „საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებსა და ოსებს ჩვენსკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო“.

მან განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ „შეიარაღებული აგრესია“ განახორციელა და მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება იყო „უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე“.

„მოვლენების ამგვარად განვითარებაში, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს,  რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავისი დასკვნით დაადასტურა“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც მხედველობაში ტალიავინის კომისიის დასკვნა ჰქონდა.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ „ტრაგიკული გამოცდილებიდან“ მკაფიო დასკვნების გაკეთებასთან ერთად, საქართველომ მომავალზეც უნდა იფიქროს.

„ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვიწევს რუსეთთან ურთიერთობის ფორმების ძიება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გასული წლის ბოლოს დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი“ მისი სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მეშვეობით.

„საწყის ეტაპზე კონკრეტული პრაგმატული საკითხების გადაწყვეტა დავისახეთ მიზნად. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო რთული პრობლემების მოგვარება. ჩვენს ხალხებს შორის კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა „დადებითად შეაფასეს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი, როგორც დაძაბულობის შემცირებისაკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯი“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „ამ ფონზე როგორც ჩვენთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაუგებარი და აუხსნელია ჩვენი ქვეყნის სიღრმეში მავთულხლართების გადმოწევა“.

მისი თქმით, ეს არ არის ადეკვატური პასუხი იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით.

„და მაინც,  მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანამიმდევრულად მივსდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას“, – განაცხადა მან.

შემდეგ ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი „დღის წესრიგში მას შემდეგ შეიძლება დადგეს, როდესაც სერიოზულ წინსვლას მივაღწევთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გზაზე“.

„კარგად გვესმის, ამ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვეტთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ქმედით მხარდაჭერას გაგვიწევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს თითოეული ნაბიჯი „ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დახმარება გაუადვილდეთ“.

მან კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს „სტრატეგიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“.

„დარწმუნებული ვარ, ამ მიზნამდე აუცილებლად მივალთ, ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება სირთულეებს, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს დეოკუპაციას, აღვადგენთ ურთიერთობებს ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან და ისეთ ქვეყანას შევქმნით, რომელიც საამაყო იქნება ყველასთვის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7