Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი მისი ოჯახის კუთვნილი მეცხრე არხის დახურვას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 აგვ.'13 / 18:04

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია მეცხრე არხი და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ პირველი  სექტემბრიდან დაიხურება, თუ მანამდე ამ კომპანიებს მყიდველი არ გამოუჩნდა.

წერილობით განცხადებაში, რომელიც 19 აგვისტოს მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა მეცხრე არხის მოსალოდნელი დახურვის შესახებ, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის ოჯახს ტელეკომპანიის მფლობელობა „დიდ უხერხულობას“ უქმნის, განსაკუთრებით კი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა  „ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მეცხრე არხისა და „ინფო 9“-ის თანამშრომელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო, მათი მუშაობა ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან 10 თვის განმავლობაში გახანგრძლივდა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მედიასაშუალებების გასხვისების მცდელობებს, თუმცა 16 აგვისტოს „ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა“.

„დღეიდან, 19 აგვისტოდან 1–ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად  საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს“, - აცხადებს ივანიშვილი წერილობით განცხადებაში.

„თუ 1–ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია „მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ის მუშაობა“, - აცხადებს ივანიშვილი. 

ივანიშვილმა გასული წლის ოქტომბერში ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაერთი განცხადება გააკეთა, რომ ეძებდა გზებს მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებებისაგან გასამიჯნად.

„ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ“, - აცხადებს ივანიშვილი 19 აგვისტოს, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ის და მისი ოჯახი არასოდეს ჩარეულან ტელევიზიის საქმიანობაში და „ჟურნალისტები მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“.

„დღეს, როცა ახლოვდება არჩევნები, მედიასაშუალებების ვალია ობიექტურად აშუქებდეს საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება,  რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს  სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას“, - აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც „უალტერნატივო“ საპრეზიდენტო კანდიდატს უწოდებს „პრივილეგიების გარეშეც,  დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას“.

ტელეკომპანია მეცხრე არხმა მაუწყებლობა 2012 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვით ადრე მისი თანამფლობელი მაშინდელი ოპოზიონერი ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე გახდა.

არხის თითქმის 16-თვიანი მაუწყებლობის თავზე ივანიშვილი 19 აგვისტოს წერილობით განცხადებაში განმარტავს, რომ თავის დროზე ტელევიზიის გახსნა იმ ვითარების საპირწონედ გადაწყვიტეს, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო შექმნილი, როცა „ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები მუშაობდნენ უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ და მის რუპორად  იყვნენ ქცეული“.

ივანიშვილი მადლობას უხდის მეცხრე არხისა და „ინფო 9“-ის თანამშრომლებს საპარლამენტო არჩევნების დროს „გმირობის ტოლფასი“ საქმიანობისთვის.

„ინფო 9-ის  თანამშრომლებმა შეძლეს ჩემი ერთ–ერთი მთავარი იდეის განხორციელება – ტელეკამერებით წინ აღდგომოდნენ ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადებს. ჩვენ არ დავზოგეთ სახსრები, ავიყვანეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტი და თითოეულ ზონდერს თითო კამერა დავუპირისპირეთ“, - ნათქვამია ივანიშვილის წერილობით განცხადებაში.

ამასთან, დახურვის შემთხვევაში, მეცხრე არხისა და „ინფო 9“-ის ყველა თანამშრომელს ივანიშვილი 2 თვის კომპენსაციის გადახდას პირდება.

ბიძინა ივანიშვილს 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა იგივე სახელწოდების არხი საქართველოში, რომელიც 2004 წელს მოულოდნელად დახურა - ამ ნაბიჯს უკვე პოლიტიკაში მოსულმა ივანიშვილმა მისი „გამოუსწორებელი შეცდომა“ უწოდა

მეცხრე არხის მოსალოდნელი დახურვის შესახებ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა: "საქართველოში რაც უფრო მეტი არხი იქნება, მე ვიქნები ბედნიერი იმიტომ, რომ ჩემ დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი".

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44