Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მინარეთის აღდგენის საწინააღმდეგო აქცია ახალციხეში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აგვ.'13 / 16:58

29 აგვისტოს ახალციხეში მომიტინგეები შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ მინარეთის შესაძლო დაბრუნება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთთან, საიდანაც სამი დღის წინ მისი დემონტაჟი მოხდა.

მუსლიმი თემის წარმომადგენელებმა ბათუმში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მეშვეობით გადასცა, რომ მინარეთი სოფელ ჭელაში ხუთშაბათს საღამოს დაბრუნდება.

თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ამჟამად შეკრებილები არიან ახალციხის ავტოსადგურის შესასვლელთან, აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ მინარეთის ტრანსპორტირებას სოფელ ჭელისკენ. აქციას ორი პიროვნება უძღვება - გოდერძი კუბლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს ადიგენში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „საზოგადოებრივი დარბაზი ადიგენის განვითარებისთვის“, რომელიც წლის დასაწყისში დაარსდა; და გიორგი კოპაძე, 2000-იან წლების დასაწყისში ახალციხის მერი, რომელსაც ახლო კავშირები აქვს ადგილობრივ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებთან.

თავდაპირველად 29 აგვისტოს მომიტინგეები ახალციხის პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ქალაქის შესასვლელში ავტოსადგურთან და თან ქუჩის გადაკეტვით იმუქრებოდნენ, რათა არ დაეშვათ მინარეთის ტრანსპორტირება უკან სოფელ ჭელაში.

როცა ათობით მანიფესტანტი ახალციხის ავტოსადგურისკენ მიემართებოდა, მეგაფონით მოსაუბრე ერთ-ერთი მონაწილე სხვებს მოუწოდებდა: „ძმებო, საქართველოს მოქალაქეებო, შემოგვიერთდით ვისაც სურვილი არ აქვს, რომ  მინარეთი დაიდგას ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში; შემოგვიერთდით ყველანი, ვისაც გული უძგერს, ქვეყნისთვის, სამშობლოსათვის, სარწმუნოებისათვის. ქრისტიანულ საქართველოს გაუმარჯოს“. 

26 აგვისტოს ხელისუფლების მიერ მინარეთის ძალადობრივმა დემონტაჟმა ჭელას მეჩეთიდან მუსლიმი თემის პროტესტი გამოიწვია. მინარეთის დემონტაჟის ფორმალური მიზეზი გახდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქმედება ექსპერტიზის მიზნით განახორციელა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დაგმო ის ფორმა, როგორც მოხდა მინარეთის „ხელყოფა“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა დემონტაჟის სამართლებრივი საფუძველი, ხელისუფლება სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო „ასეთი ფაქიზი თემისადმი“.

„მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ შესაძლოა ასეთი შედეგი მოჰყოლოდა ასეთ უხეშ ჩარევას და ფაქტიურად მოხდა შეურაცყოფა საქართველოს მოსახლეობის, მუსულმანი თემის“, - განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს 29 აგვისტოს.

პატარა სოფელი ჭელა, ადიგენის რაიონში ახლომდებარე სხვა სოფლების მსგავსად, ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული - ზოგიერთი მათგანი აჭარიდან გადმოსახლებული მუსულმანია, ნაწილი კი რაჭის რეგიონიდან გადმოსახლებული მართლმადიდებელი ქრისტიანი.

მას შემდეგ, რაც ივლისში ჭელას მეჩეთთან მინარეთი აღმართეს, ადიგენში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გოდერძი კუბლაშვილის ხელმძღვანელობით წამოიწყო კამპანია მისი დემონტაჟის მოთხოვნით. კუბლაშვილი ამ მიზნით საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავდა, მაგრამ 6 აგვისტოს ახალციხეში მაუწყებელ მე-9 არხს განუცხადა, რომ მან აქციის გაუქმება გადაწყვიტა პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით და ასევე ხელისუფლებას აძლევდა დროს ამ საკითხის მოსაგვარებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით, თუმცა ჭელას მკვიდრები რეგიონულ გაზეთს „სამხრეთის კარიბჭეს“ ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან და ისინი არ უერთდებოდნენ მას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37