მინარეთი სათვირთო მანქანიდან სოფელ ჭელადან რამდენიმე კილომეტრში გადმოტვირთეს 30 აგვისტოს. ფოტო: გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე"
მინარეთი, რომლის დემონტაჟიც ხელისუფლებამ 26 აგვისტოს განახორციელა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან, უკან დააბრუნეს და სოფლის გარეთ დაასაწყობეს, თუმცა გაურკვეველი რჩება საერთოდ აღიმართება თუ არა ის ხელახლა.
მინარეთი 30 აგვისტოს სატვირთო მანქანით მიიტანეს სოფელ ჭელადან რამდენიმე კილომეტრში, როგორც რეგიონული გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება თავის ვებ-გვერდზე. გაზეთის ცნობით, ეს ადგილი პოლიციის მიერ იქნება დაცული.
მინარეთი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმ განცხადებიდან მეორე დღეს დაბრუნდა, რომელშიც უწყება, რომელმაც მის დემონტაჟზე პასუხიმგებლობა თავის თავზე აიღო, აღნიშნავდა, რომ დაასრულა ლითონის კონსტრუქციის ექსპერტიზა და მინარეთი თავის ადგილზე ბრუნდებოდა. ამასთან, 29 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას მინარეთის დაბრუნების და მისი მანამ არ აღმართვის თაობაზე, ვიდრე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ მოწესრიგდება.
თბილისში საპატრიარქოში მიმდინარე ამ შეხვედრის პარალელურად ხუთშაბათს ახალციხეში მინარეთის აღმართვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაახლოებული პირები უძღვებოდნენ. მოგვიანებით, იმავე დღეს ორი მეუფე, რომლებიც ესწრებოდნენ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, ახალციხეში ჩავიდნენ და მომიტინგეებს განუცხადეს, რომ მინარეთი თავის მეპატრონეს დაუბრუნდებოდა, თუმცა მისი აღმართვა არ მოხდებოდა.
კადრი ახალციხის ადგილობრივი ტელევიზიის მე-9 არხის ვიდეოდან, სადაც ჩანს სოფელ ჭელას მეჩეთი და მისი მინარეთი, ვიდრე 26 მაისს ამ ნაგებობის დემონტაჟი მოხდებოდა.
მართალია მინარეთის დაბრუნებას მუსლიმი თემი მიესალმა, თუმცა ასევე გავრცელდა ცნობები მათში გაჩენილი იმედგაცრუების შესახებ იმის გამო, რომ საქართველოს საპატრიარქო ჩაერია იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის დასარეგულირებელი იყო.
სოფელ ჭელას ზოგიერთმა მკვიდრმა საყვედური გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მინარეთი სოფლის გარეთ დასაწყობდა და არა თვითონ სოფელში.
ჭელას მეჩეთთან მინარეთი ივლისში აღმართეს. 20 აგვისტოს ადიგენის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მინარეთის მშენებლობა მოხდა უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რის გამოც იმ მიწის მეპატრონე, სადაც მინარეთი აღიმართა, 200 ლარით დააჯარიმა და მასვე დაევალა ნაგებობის დემონტაჟი. 26 აგვისტოს, როცა პოლიცია შევიდა სოფელში და ხელისუფლებამ მინარეთის დემონტაჟი დაიწყო ადგილობრივ მუსლიმებთან შეხლა-შემოხლის ფონზე, ჩაითვალა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აღასრულებდნენ. თუმცა დემონტაჟის ფორმალური საფუძველი გახდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქმედება ექსპერტიზის მიზნით განახორციელა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული.
ამასთან, 30 აგვისტოს ბათუმში ადგილობრივმა მუსლიმებმა მოუწოდეს ხელისუფლებას გამოყონ მიწის ნაკვეთი ახალი მეჩეთის ასაშენებლად, რადგან მოქმედი მეჩეთი, მათი თქმით, მლოცველებს ვეღარ იტევს.