Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებმა ეკონომიკაზე დებატები გამართეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ოქტ.'13 / 13:25

ეკონომიკური ვითარების შესახებ 1 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო დებატების დროს რამდენიმე დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადა, რომ ახლად დაფუძნებული 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის თანაინვესტირების ფონდი, სადაც პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ერთ–ერთი მსხვილი ინვესტორია, „თავიდან ბოლომდე ტყუილი“ და სრული ბლეფია. 
 
„თანადაფინანსების ფონდი თავიდან ბოლომდე ტყუილია. რა 6 მილიარდ დოლარზე ლაპარაკობთ? თქვენ ტყუვდებით თუ ცდილობთ, რომ ხალხი მოატყუოთ?“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ.
 
„პრეზენტაცია, რომელიც აჩვენეს, არის [ყოფილი პრემიერ–მინისტრის ნიკა] გილაურის მიერ გამზადებული პრეზენტაცია, სლაიდებიც კი არ არის შეცვლილი... 6 მილიარდს ვინ დებს ესე“ დაბი ჯგუფი, რაკია და კიდევ ვიღაცეები გიწერიათ იქ – თუ მილიარდები უნდა ჩადონ, კონკრეტული პროექტები უნდა იყოს. მოგვეცით ჩამონათვალი, სად არის ჩამონათვალი პროექტების, რაში უნდა დაიხარჯოს 6 მილიარდი დოლარი? რამდენ ხანში დაიხარჯება? გვაჩვენეთ სად და უბრალოდ ნუ ლაპარაკობთ ჰაერზე“, – დასძინა ჯაფარიძემ.
 
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანახმად, პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა საკუთარი 1 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანა მის საერთო კაპიტალში, რომლის ინვესტორები ასევე არიან: აბუ დაბი ჯგუფი (Abu Dhabi Group); რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო (RAKIA) ; ჩალიკ ჰოლდინგი თურქეთიდან (Çalik Holding); მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგსი ჩინეთიდან (Milestone International Holdings); აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის ფონდი; ყაზტრანსოილის (KazTransOil) შვილობილი კომპანია - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი, რომელიც ბათუმის საზღვაო პორტის მმართველია; ასევე მილიარდერი და სამთომომპოვებელი გიგანტის ENRC–ს აქციონერი ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.
 
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძემ ასევე გააკრიტიკა თანაინვესტირების ფონდი და აღნიშნა, რომ ეს არის „ბლეფი“ კოდური სახელწოდებით  „გადავარჩინოთ გიორგი მარგველაშვილი“.
 
მისი თქმით, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩევლები ივანიშვილის მილიარდებმა აცდუნა, წელს კი ქართული ოცნება ამ 6 მილიარდიანი ფონდით გეგმავს ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანას.
 
ბობოხიძემ ასევე განაცხადა, რომ ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოების არსებობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროში. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანახმად, ფონდის ინტერესების მთავარ სფეროებს ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ტურიზმი წარმოადგენს.
 
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ განაცხადა: „ის საინვესტიციო ფონდი, რომელზეც იყო საუბარი, რომელი პროექტების დაფინანსებას აპირებს? თუ ამ ფონდის შექმნის წინაპირობა ის იყო, რომ ეკონომიკა დაბლა წასულიყო, ყველაფერი გაიაფებულიყო, და მერე ვიღაც–ვიღაცეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს შეესყიდათ საქართველოს მთელი ქონება?“
 
თანაინვესტირების ფონდი მხოლოდ რამდენჯერმე ახსენეს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ქართული ოცნების დეპუტატებმა 1 ოქტომბერს გამართული საკმაოდ ხანგრძლივი დებატების დროს, რომლის დროსაც ძირითადად მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპში სდებდნენ ბრალს.
 
„საქსტატის“ მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1.1% შეადგინა მას შემდეგ, რაც ივლისში 0.8%–იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. წლის პირველი რვა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1.6% შეადგინა.
 
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელთა თხოვნითაც გაიმართა დებატები, ქართული ოცნება დაადანაშაულეს არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაში, რაც არაპროგნოზირებადობის შეგრძნებას ქმნის. ქართული ოცნების დეპუტატები კი ხშირად წინა ხელისუფლების მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და ბიზნესზე ზეწოლაზე აპელირებდნენ, რასაც, მათი თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში აღარ აქვს ადგილი.
 
ქართული ოცნების დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა, რომელიც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მათ იმდენად მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ, რომ მისი დალაგება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ.
 
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა შეჩერებულია. მისი თქმით, ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა სასოფლო–სამეურნეო მიწების მიყიდვის შეჩერება უცხოელებისთვის და საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე უარის თქმა და ამის სანაცვლოდ დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, ეკონომიკას ზიანს აყენებს.
 
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან, საპარლამენტო არჩევნებამდე, ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. თუმცა, მისი თქმით, ისინი კვლავ ამ რეჟიმში რჩებიან.
 
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა ქართული ოცნებიდან, მანანა კობახიძემ განუცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ ბიზნესი იმიტომ იმყოფება მოლოდინის რეჟიმში და იმიტომ იკავებს თავს აქტიური საქმიანობისგან, რომ მათ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების ეშინიათ.  მისი თქმით, ოპონენტები ამას ვერ მოახერხებენ და კოჰაბიტაცია 27 ოქტომბერს დასრულდება, როდესაც ქვეყანა ახალი პრეზიდენტს აირჩევს.
 
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ საგადასახადო შემოსავლები სულ ცოტა 207 მილიონი ლარით ნაკლებია დაგეგმილ მაჩვენებელზე. მისი თქმით, ამგვარი ტენდენცია უბიძგებს მთავრობას პარლამენტს წლის ბოლოსთვის პროგნოზირებული საგადასახდო შემოსავლების შემცირება მოსთხოვოს.
 
ქართული ოცნების დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ მრეწველთა პარტიიდან განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენციაა. მისი თქმით, მართალია ზრდის ტემპი უფრო შენელებულია, ვიდრე ბოლო წლებში, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ახლანდელი მთავრობა, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, არ ახორციელებს არაგონივრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
 
ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შენელება ძირითადად სამშენებლო სექტორში, კერძოდ კი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამშენებლო პროექტების შემცირებამ გამოიწვია. მათი თქმით, მაგალითად დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობაზე და ეს პროექტი მშპ–ს მაჩვენებელშიც აისახა, თუმცა ეს რაიმე გრძელვადიან სარგებელს ეკონომიკას ვერ მოუტანს.
 
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ერთადერთი ზრდა, რომელიც ქვეყანას აქვს, არის ტურიზმის სფეროში და ესეც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების დამსახურებაა.
 
სოფლის მეურნეობა ის საკითხია, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატები ახალი ხელისუფლების პოლიტიკის წარმატებად ასახელებდნენ. ქართული ოცნების დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მხოლოდ კახეთის რეგიონში ქარხნებმა და ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა რეკორდულად მაღალი რაოდენობის ყურძენი შეისყიდეს – 80 000 ტონა; მისი თქმით, ამ რაოდენობის მხოლოდ 15% შეისყიდა ორმა სახელმწიფო კომპანიამ. მან ასევე განაცხადა, რომ შარშან კახეთში ყურძნის მოსავლის 75%, რაც 52 000 ტონას შეადგენდა, სახელმწიფომ შეისყიდა.
 
დებატების დროს დეპუტატებმა ასევე წამოწიეს ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნის საკითხი. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ „ლეგენდას“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ბაზრის გახსნა არის გადამრჩენელი საქართველოსთვის, არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. მისი თქმით, ემბარგოს მოხსნით რუსეთს ხელში უვარდება „პოლიტიკური ბერკეტი“, რომელსაც ისევე გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამჟამად იყენებს სავაჭრო-ეკონომიკურ თემებს მოლდოვას, უკრაინის და ბელარუსის მიმართ, რომელთაც „მიათრევს თავისკენ“.
 
„რა თქმა უნდა, ემბარგოს მოხსნა დამატებით შემოსავალს მოიტანს, მაგრამ არის თუ არა ეს შემოსავალი საპირწონე იმისა, რასაც ქვია ქვეყნის თავისუფლება, რასაც ქვია ქვეყნის სიარული ევროკავშირისკენ, ნატოსკენ? რა თქმა უნდა, ეს ერთმანეთის საპირწონეები არ არის და ჩვენ სწორედ ამ პოზიციებით უნდა შევიდეთ ყოველთვის რუსეთთან მოლაპარაკებაში“, - განაცხადა გაბაშვილმა. 
 
საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატები ექსპორტის ზრდის ტენდენციაზე ამახვილებდნენ ყურადღებას და იმპორტის შემცირებას ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული პროდუქციის ზრდით ხსნიდნენ, რაც მათი თქმით, იმპორტირებულ პროდუქციას ანაცვლებს ადგილობრივ ბაზარზე.  
 
2013 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.71 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3%–ით ნაკლებია; საგარეო სავაჭრო ბრუნვის კლება ძირითადად იმპორტის მოცულობის შემცირებამ გამოიწვია, რამაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%–ით დაიკლო 2013 წლის პირველ ნახევარში და 3.47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს ექსპორტმა იანვარ–ივნისში 1.23 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9%–ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
 
ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ყველა სტატისტიკური ინფორმაციით, ამ ერთმა წელმა მოგვიტანა ეკონომიკური პრობლემები და ვარდნა“ და ამაში მან ხელისუფლების „აგრესიული და დაპირისპირებაზე ორიენტირებული პოლიტიკური კლიმატი“ და „არათანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა“ დაადანაშაულა.
 
მან მოუწოდა ხელისუფლებას შეამციროს საშემოსავლო გადასახადი, შემოიღოს ზემოქმედების შეფასების მარეგულირებელი მექანიზმი, განახორციელოს ეკონომიკური ამნისტია და ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია. ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ბიზნესის დაცვა სამართალდამცავი სტრუქტურების გადაჭარბებული ჩარევისგან. 
 
ქართული ოცნების დეპუტატმა მანანა კობახიძემ ბაქრაძის გამოსვლა საპრეზიდენტო კანდიდატის „პოლიტიკურ კეკლუცობად“ შეაფასა.
 
დეპუტატმა ქართული ოცნებიდან გოგი თოფაძემ დებატების დროს საქართველოს მიერ ავღანეთში განხორციელებულ  წვლილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატო მაინც არ იღებს საქართველოს ალიანსში და ამიტომ ქვეყანას აღარ აქვს მიზეზი, რომ მონაწილეობა განაგრძოს ISAF–ის მისიაში – ეს პოზიცია ქართული ოცნების სხვა წევრი პარტიების პოზიციისგან მკვეთრად განსხვავდება. თოფაძემ ნაციონალურ მოძრაობასაც შეუტია და განაცხადა, რომ მათ პასუხი უნდა აგონ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო.
 
დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც ფარმაცევტული ქსელის „პე-ეს-პე“–ს თანადამფუძნებელია და რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დატოვა, განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება „გამოუცდელია“, ხოლო ნაციონალური მოძრაობა – „არაკონსტრუქციული ოპოზიცია“. მან ხელისუფლებას ეკონომიკური ამნისტიის შემოღებისკენ და ეკონომიკური დანაშაულების ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდა.        

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36