თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ორ საქმესთან დაკავშირებული ბრალდებებით იძებნებოდა, 14 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს, როგორც შსს აღნიშნავს, „პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად“.
„ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სასამართლომ კეზერაშვილს პატიმრობა შეუფარდა მის ექსტრადიციასთან დაკავშირებულ მოსმენამდე, განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ და დასძინა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქალაქ ნიცაში დააკავეს.
მისი თქმით, ახლა ქართულ მხარეს 40 დღე აქვს იმისათვის, რომ ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტები წარუდგინოს საფრანგეთის შესაბამის უწყებებს.
სააგენტო ფრანს-პრესი საფრანგეთის პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ კეზერაშვილი ორშაბათს ნიცას აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა სასაზღვრო კონტროლს გადიოდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გასაფრენად.
კეზერაშვილის გვარი ინტერპოლის წითელ ცირკულარში არ იძებნება.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომლის თქმითაც, კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს, დაადასტურა, რომ ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადაციას ითხოვს.
კეზერაშვილს საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
„სამართლებრივი თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ პირის მესამე სახელმწიფოსადმი მოქალაქეობის კუთვნილება არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას“, - განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა, პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა 15 ოქტომბერს.
კეზერაშვილს თებერვლის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა ტელეკომპანია იმედის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ასევე ფიგურირებს თბილისის მერი გიგი უგულავა.
გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის მდგომარეობით ტელეიმედის მფლობელს ჯოზეფ ქეის ხელისუფლების სახელით დაუკავშირდა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შეხვდა და „პირდაპირი მუქარით დაიყოლია“ ტელეკომპანიის დათმობაზე, იმ ერთადერთი პირობით, რომ მას გიგი უგულავა აუნაზღაურებდა 10 მლნ აშშ დოლარის გაწეულ ხარჯებს. გამოძიება აცხადებს, რომ „უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი გადასცა კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია „bordex limited“-ს“.
ამ საქმეზე კეზერაშვილს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა.
ამასთან, კეზერაშვილს კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული მეორე საქმეზე. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 12.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რის გამოც გადასახადების დამალვის სახით სახელმწიფომ 49.39 მილიონი ლარი იზარალა.
საქართველოში კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
დავით კეზერაშვილი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.