ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაკვეთილი ეგზით პოლების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებს დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იგებს.
ორივე ეგზით პოლის წინასწარი მონაცემები დაემთხვა ერთმანეთს იმ კუთხითაც, რომ მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, ხოლო მესამეზე ნინო ბურჯანაძე გადის.
ეგზით პოლების წინასწარი შედეგებით, რომელიც „რუსთავი 2“–მა კომპანია GfK–ს დაუკვეთა, მარგველაშვილი ლიდერობს ხმების 66.7%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე 20.2%–ით და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხმების 7.5%–ით.
ეგზით პოლის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ ACT–ს დაუკვეთა, მარგველაშვილმა ხმების 68% მიიღო; ბაქრაძემ – 17.1%, ხოლო ბურჯანაძემ 9.9%.
პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში ეგზით პოლების გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე გააფრთხილეს ამომრჩევლები, რომ ეგზით პოლების მიზანია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და მოუწოდეს „არავითარ შემთხვევაში არ წამოეგონ ამ ძველ ნაცად ანკესზე“.
„მას შემდეგომ, რაც აშკარად გამოიკვეთა უკვე ყველა წინასწარი მონაცმებით, რომ მეორე ტური გარდაუვალია ნინო ბურჯანაძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის, როგორც ჩანს, მიდის სერიოზული მზადება, როგორც ნაცმოძრაობის, ასევე ქართული ოცნების მხრიდან გაერთიანებული ძალებით, რათა ახლა მოხდეს სწორედ მასობრივი გაყალბება“, - განაცხადა ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა. მან ასევე განაცხადა, რომ ეგზით პოლები ფაქტიურად ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ დაუკვეთეს მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანიების მეშვეობით.