არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სავარაუდოდ მისი მომავალი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი 4 ნოემბერს დიპლომატებთან შეხვედრის დროს. ფოტო: მარგველაშვილის პრესსამსახური
არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკას ვანო მაჭავარიანი გაუწევს კურირებას, სავარაუდოდ, მისი მრჩევლის რანგში.
"ვანო იყო ჩემი მრჩეველი საარჩევნო პროცესის დროს, ის "ჯიპას" პროფესორია და პროფესიონალურ გუნდთან ერთად საარჩევნო კამპანიის დროს მაძლევდა რჩევებს, რომელიც ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. ახლა ვანო აგრძელებს მუშაობას. ამ ეტაპზე ჩვენ არც ერთი თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნული არ ვართ და მომავალში, ბუნებრივია, ვანო მაჭავარიანი წაიყვანს იმ მიმართულებას, რომელსაც მანამდეც კურირებდა - ესაა საგარეო პოლიტიკა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 4 ნოემბერს.
ვანო მაჭავარიანი არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის და პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის მიშა მაჭავარიანის ძმა; ის 2007 – 2009 წლებში საქართველოს ელჩი იყო იაპონიაში, შემდეგ კი საპარტნიორო ფონდში მუშაობდა.