პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 4–5 ნოემბერს რიგაში ლატვიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა.
რიგაში შეხვედრების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დეპუტატები როგორც ქართული ოცნებიდან, ისე ნაციონალური მოძრაობიდან, ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც ლიტვის ხელმძღვანელობასთან გამართავს შეხვედრებს.
უსუფაშვილი 4 ნოემბერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს, პრემიერ–მინისტრ ვალდის დომბროვსკის და ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას, ხოლო 5 ნოემბერს პრეზიდენტ ანდრის ბერზინშს შეხვდა.
შეხვედრების მონაწილეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტზე იმსჯელეს. საქართველო ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ელის. უსუფაშვილმა განაცხადა 4 ნოემბერს თავის ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ „რეალური მუშაობა“ დაიწყება, რასაც უნდა მოყვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. მან ასევე განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება ვილნიუსის სამიტზე შესაძლებელი გახდა საქართველოს „წინა ხელისუფლების მრავალწლიანი მუშაობის“ წყალობით.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარდს რინკევიჩსმა მიულოცა საქართველოს 27 ოქტომბერს დემოკრატიუილ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.
რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს“.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მინისტრმა რინკევიჩსმა შეშფოთება გამოხატა იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომ „აღდგეს ისეთი ტოტალიტარული დიქტატორების და მასიური მკვლელების ძეგლები, როგორიცაა სტალინი და შესთავაზა ლატვიის გამოცდილების გაცნობა კომპლექსურ ისტორიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაში“.
განცხადება გულისხმობს სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევას, სულ ბოლოს თელავში, სადაც მონუმენტის აღდგენა ადგილობრივი ორგანიზაციის „სტალინის“ ინიციატივით გამხორციელდა; საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ შემთხვევებთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაში შედიოდა, ხოლო რამდენიმე მინისტრმა დაგმო სტალინის ძეგლების აღდგენის ფაქტი. წინა ხელისუფლებამ განაცხადა შარშან, რომ აპირებდა გორში მდებარე სტალინის მუზეუმის გადაკეთებას სტალინიზმის მუზეუმად, რათა აქცენტი რეჟიმის რეპრესიებზე გაკეთებულიყო. წელს კულტურის სამინისტრომ კომისია ჩამოაყალიბა მუზეუმისთვის ახალი კონცეფციის შემუშავების მიზნით.