ირაკლი ღარიბაშვილმა (მარცხნივ) თავის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ალექსანდე ჭიკაიძე (მარჯვნივ) დაასახელა. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მის შემცვლელად დაასახელა.
პოლიციის პოლკოვნიკი ჭიკაიძე, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული 2007 წელს დიპლომატიის სპეციალობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2008 წლიდან მუშაობს.
2013 წლის მარტიდან ის შსს-ის თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს, ხოლო 2012 წლიდან კახეთის სამხრეო მთავარი სამმართველოს უფროსად ჰყავდა დანიშნული ირაკლი ღარიბაშვილს. მანამდე ჭიკაიძე გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსი იყო, ხოლო ამ პოსტზე დაწინაურებამდე გამომძიებლად მუშაობდა.
9 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის წარდგენისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისმა შემცვლელმა სამინისტროს სისტემაში კარიერული საფეხურები „ძალიან წარმატებულად“ გაიარა და „საათივით ააწყო და გამართა“ სისტემა, როგორც კახეთის სამხარეო პოლიციაში, ისე დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ.
„მას ყავს თავისი გუნდი, თავისი თანამებრძოლები, რომლებიც არიან ძალიან წარმატებული პოლიციელები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და განაგრძო: „რაც მთავარია, ლექსომ აჩვენა, რომ მას შეუძლია მართვა“.
„ასე რომ, მე სრულ ნდობას ვუცხადებ ბატონ ალექსანდრეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ეფექტური მინისტრი და რაც მთავარია, ის არის ღირსეული პოლიციელი. ის არის წარმატებული პოლიციელი და მე დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული მინისტრი“, - განაცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილმა ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები გაიარა მოქმედ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან.
ეს ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრად პოლიტიკური ფიგურა არ არის წარდგენილი.
ალექსანდრე ჭიკაიძემ მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და განაცხადა: „ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ბატონი ირაკლის დაწყებული საქმე გავაგრძელო ღირსეულად“.
31 წლის ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ჯერ ოფიციალურად არ არის წარდგენილი, რაც 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება. ამის შემდეგ მთავრობა და პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ფორმალურად უნდა გადადგნენ, თუმცა განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, სანამ პარლამენტი ახალ პრემიერ–მინისტრს და მთავრობას დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა განაცხადა 8 ნოემბერს, რომ იგი მოქმედ მთავრობაში რაიმე "ძირეულ" ცვლილებებს არ გეგმავს.