Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის ძირითადი სიახლეები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'13 / 17:05

  • მერები და გამგებლები აირჩევიან პირდაპირი წესით;
  • იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა;
  • თბილისში, საკრებულოსთან ერთად ასევე აირჩევიან უბნის საბჭოები;
  • გუბერნატორების ადმინისტრაციებთან შეიქმნება ადგილობრივი საკრებულოების კოლეგიური საბჭოები;
  • სამოქალაქო ჩართულობის მიზნით შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები;
  • 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თვითმმართველი ორგანოები გამონაკლისის სახით 3 წლის ვადით აირჩევა.

პარლამენტში ინიცირებულია თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი, რომლის მთავარ სიახლეს წარმოადგენს მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესის შემოღება და ასევე გუბერნატორების ინსტიტუტის პარალელურად ახალი კოლეგიური ორგანოს, ე.წ. რეგიონული საბჭოების შექმნა.

87-გვერდიანი კოდექსის პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ მოიწონა, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ და ფინანსურ საფუძვლებს, თვითმმართველობის  ორგანოების არჩევითობას და მათი საქმიანობის წესს, ასევე მათ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის პრინციპებს.

პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად თვითმმართველობის ორგანოები გამონაკლისის სახით აირჩევიან 3 წლის ვადით, ნაცვლად მათთვის გათვალისწინებული 4-წლიანი უფლებამოსილების ვადისა. შესაბამისად, ამ დებულების დამტკიცების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები ჩატარდება 2017 წელს.

მუნიციპალიტეტები

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში  - თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება ყველა იმ ქალაქს, რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრირებულია სულ ცოტა 15 ათასი მოქალაქე. თუმცა ასეთივე სტატუსი პარლამენტის გადაწყვეტილებით ასევე შეიძლება მიიღოს იმ ქალაქმაც, სადაც მოსახლეობა დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, კანონპროექტის თანახმად. ამჟამად, თვითმმართველის სტატუსი 5 ქალაქს აქვს მინიჭებული: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმი. 

თვითმმართველი თემი კი, კოდექსის პროექტის თანახმად, არის რამდენიმე დასახლების (ქალაქის, სოფლის, დაბის) ერთობლიობა.

მუნიციპალიტეტების შექმნისა ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც მათი ადმინისტრაციული საზღვრების ან ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლაზე გადაწყვეტილებას, კანონპროექტის თანახმად, მთავრობის წარდგინებით იღებს პარლამენტი იმ დათქმით, რომ მუნიციპალიტეტებთან შესაბამისი კონსულტაციები უნდა იქნას წინასწარ გავლილი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს გამგებელი (მერი), რომელიც ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე და იმ მოსახლეობის წინაშე, ვინც მას პირდაპირი წესით აირჩევს.  

კოდექსის პროექტის თანახმად, საკრებულოები აირჩევა 4 წლის ვადით იმ სისტემის საფუძველზე, რომელიც ჯერ კიდევ განსასაზღვრია საარჩევნო კოდექსით. თვითმმართველობის კოდექსის პროექტი არანაირ მინიშნებას არ შეიცავს, თუ როგორი შეიძლება იყოს სისტემა, რომლის საფუძველზეც 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება.

თუმცა პროექტი საკრებულოში წევრთა რაოდენობის ქვედა და ზედა ზღვარს განსაზღვრავს.  კერძოდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად საკრებულოებში შესაძლოა აირჩეს 21 წლის არანაკლებ 15 და არაუმეტეს 30 წევრისა.

საკრებულოს თავისი შემადგენლობიდან არჩეული თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, ხოლო სხვა თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე - პროექტი ამ თანამდებობის პირებისთვის როგორც არჩევის, ისე უნდობლობის გამოცხადების პროცედურებსაც განსაზღვრავს. 

გამგებელი, მერი

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარმოადგენს გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი - თვითმმართველ ქალაქში, რომლებიც აირჩევიან პირდაპირი წესით 4 წლის ვადით.

არსებული კანონმდებლობით, პირდაპირი წესით მხოლოდ თბილისის მერი არის არჩეული 2010 წლის მაისიდან, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტების მერები და გამგებლები თავიანთ თანამდებობებზე საკრებულოს წევრთა თანხმობით საკრებულოს თავმჯდომარეების მიერ არიან დანიშნული.

კოდექსის პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გამგებლად (მერად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც.

პროექტი ასევე ითვალისწინებს, გამგებლის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას როგორც საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ინიციატივით, ისე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის არანაკლებ 20%-ის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე.

გამგებელს/მერს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედი. ამ შემთხვევაში, გამგებლის/მერის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარე, ვიდრე მაქსიმუმ 40 დღეში რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალი გამგებელი/მერი იქნება არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ვადით; უნდობლობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი,  საკითხის ხელახლა ინიცირება მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია, კანონპროექტის თანახმად.

კოდექსის პროექტის თანახმად, საკრებულოს მიერ იმპიჩმენტის გამოცხადება დაუშვებელია ადგილობრივი არჩევნებიდან 6 თვის და ასევე გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 

გამგებელი/მერის ანგარიშვალდებულება, საკრებულოს წინაშე შეთანხმებული მოქმედებების სხვა სფეროებთან ერთად, ასევე მოიცავს ანგარიშს, რომელსაც ის სულ ცოტა წელიწადში ერთხელ წარუდგენს საკრებულოს გაწეული საქმიანობის შესახებ;  ასევე წარუდგენს მას ბიუჯეტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს დასამტკიცებლად; საკრებულოს თანხმობაა საჭირო მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის საკითხზეც.

ამასთან, კოდექსის პროექტით, გამგებელს/მერს აქვს ვეტოს გამოყენების უფლება საკრებულოს ყველა სამართლებრივ აქტზე, გარდა ბიუჯეტისა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წყვეტენ საკადრო საკითხებს მათი სტრუქტურების შიგნით.

დედაქალაქი

თვითმმართველობის კოდექსის პროექტი ასევე მოიცავს დედაქალაქთან დაკავშირებულ რეგულაციებს, რაც ამჟამინდელ კანონმდებლობაში ცალკე არსებული "დედაქალაქის-თბილისის შესახებ კანონით" რეგულირდება.

იმასთან ერთად, რომ თბილისს წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო და აღმასრულებელი ხელისუფლება ანუ მერი მართავს მისი ადმინისტრაციის და რაიონების გამგეობების მეშვეობით, კოდექსის პროექტი ითვალისწინებს ახალი არჩევითი რგოლის ე.წ. უბნის საბჭოების შემოღებას, რაც იმ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოები იქნება, რომლებსაც საკრებულო შექმნის.

ე.წ. უბნის საბჭოები პირდაპირი წესით იქნება არჩეული და მათ შემადგენლობაში მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 წევრი შევა. პროექტის თანახმად, ე.წ. უბნის საბჭო იქნება ერთგვარი შუამავალი რგოლი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს საკრებულოსა და მერიის წინაშე წარადგენს და დაიცავს. 

თბილისის საკრებულო კვლავ 50 წევრით იქნება წარმოდგენილი და მისი არჩევის წესს საარჩევნო კოდექსი გასაზღვრავს. მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს 25 წევრი პროპორციული, ხოლო დარჩენილი 25 წევრი მაჟორიტარული სისტემით ირჩევა.

პროექტის თანახმად, თბილისის მერად 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც. 

დედაქალაქის მერი არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს  - მთავრობის ხელმძღვანელი, რომელშიც მასთან ერთად ასევე შედიან მერის მოადგილეები, თბილისის სტრუქტურული ერთეულების უფროსები და რაიონების გამგებლები. მთავრობის წევრები ანგარიშვალდებულები არიან მერის წინაშე, რომელიც მათ დამოუკიდებლად  ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან. თუმცა, თავად მერი, კოდექსის პროექტის თანახმად, ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე, რომელსაც შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს არჩეულ მერს.

'რეგიონული საბჭოები', გუბერნატორები

თვითმმართველობის კოდექსის პროექტის ერთ-ერთ მთავარ ნოვაციას წარმოადგენს რეგიონული გაერთიანების შექმნა იმ მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, რომლებიც მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორების მმართველობის ტერიტორიაში შედიან.

რეგიონულ გაერთიანებას გუბერნატორი ხელმძღვანელობს, ხოლო მის კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენს საბჭო, რომელიც გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებით კომპლექტდება. თითოეული საკრებულო ამ საბჭოში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სულ ცოტა 3 და მაქსიმუმ 9 წევრით იმის მიხედვით, თუ რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული მის მუნიციპალიტეტში.

გუბერნატორი ერთის მხრივ ანგარიშვალდებულია მთავრობის, ხოლო მეორე მხრივ საბჭოს წინაშე. გუბერნატორი, კანონპროექტის თანახმად, უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ვალდებულია ანგარიში წარუდგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ.

ამასთან, საბჭოს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, ასევე ექნება უფლება, რომ მთავრობის წინაშე დასვას სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. 

საბჭო, კანონპროექტის თანახმად, ამტკიცებს რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს და უფლებამოსილია ასევე წინადადებით მიმართოს გუბერნატორს პროექტების შეცვლის მოთხოვნით, რაზეც შეუთანხმებლობის შემთხვევაში უკვე საქმეში  მთავრობა ერთვება და სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რა სახით უნდა განხორციელდეს ესა თუ ის პროექტი.

საზოგადოებრივი საბჭოები

კოდექსის პროექტის კიდევ ერთი სიახლეა მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირება, რაც წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელებაში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის მექანიზმს.

საზოგადოებრივი საბჭოების ძირითადი უფლებამოსილებებია მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესში ჩართულობა, ასევე დასახლებაში განსახორციელებელ პროექტების შერჩევაში, დაგეგმვასა და განხორციელების მონიტორინგში მონაწილეობა.

დასახლებაში (სოფელი, დაბა, ქალაქი) შესაძლოა შეიქმნას მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საბჭო, თუმცა თვითმმართველ ქალაქში შესაძლოა რამდენიმე ამგვარი საბჭო ფუნქციონირებდეს.

საბჭოები მოქალაქეთა ინიციატივით იქმნება მას შემდეგ, რაც მის დაფუძნებას გამგებელი ან მერი მწვანე შუქს აუნთებს. საბჭოს გააჩნია საკუთარი მმართველი ორგანოები, რომელთა ფორმირების წესი კოდექსის პროექტში დეტალურად არის გაწერილი, ასევე მას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ქონება.

მუნიციპალიტეტების საკრებულოები და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები ვალდებული არიან საბჭოს ფუნქციონირებას ხელი შეუწყონ და მათ გააცნონ ყოველწლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, კანონპროექტის თანახმად.

უფლებამოსილებები

კოდექსის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებები. ეს უკანასკნელი გულისხმობს ცენტრალური ხელისუფლების კუთვნილი ისეთი უფლებამოსილების გადაცემას, რომლის ადგილობრივ დონეზე განხორციელებაც უფრო ეფექტურია.

საკუთარი ანუ ექსკლუზიური უფლებამოსილებები განსაზღვრულია კოდექსის პროექტით და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საბიუჯეტო საქმიანობა; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა; ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, გაუქმება და ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განაშენიანების რეგულაციების შემოღება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე დასუფთავება, გამწვანება და გარე განათება; წყალმომარაგება და ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება; საბავშვო ბაღებისა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და პარკირების წესების რეგულირება; მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; გარე ვაჭრობის, ბაზრების რეგულირება; სამშენებლო ნებართვების გაცემა და ზედამხედველობა; შეკრება-მანიფესტაციების რეგულირება; გეოგრაფიული ობიექტების (მაგ. მიკრორაიონის, ქუჩების, პარკების) სახელდება; გარე რეკლამის განთავსების რეგულირება; სასაფლაოების მოწყობა; უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ადგილობრივ დონეზე შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება; სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ოპერაციების უზრუნველყოფა.

ამ უფლებამოსილებებთან ერთად, კოდექსის პროექტი, თბილისისთვის დამატებით განსაზღვრავს გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფის ვალდებულებას. 

ამას გარდა, პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, რომ თავისი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოების უფლებამოსილებას და არ არის კანონით აკრძალული.

კოდექსის პროექტში ასევე დეტალურადაა გაწერილი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო დამოუკიდებლობის საფუძვლები, ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერების სახეები და ის, თუ რა კატეგორიის ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას, ამ ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ძირითად პირობებს.

ურთიერთობები ცენტრალურ ხელისუფლებასთან

ემყარება რა ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის ურთიერთობა თანამშრომლობის პრინციპს, კოდექსის პროექტით, მუნიციპალიტეტებს აქვთ უფლება სასამართლოში გაასაჩივრონ ცენტრალური ხელისუფლების ის სამართლებრივი აქტები და ქმედებები, რომელიც უზღუდავს მათ კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებას.

ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, რომ წინასწარი კონსულტაციები გაიარონ ადგილობრივ ორგანოებთან, ვიდრე მათ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის ურთიერთობებში შუამავალი რგოლის ფუნქცია კვლავაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექნება, რომელიც იმავდროულად სამართლებრივი ზედამხედველობის მთავარი განმახორციელებელი ორგანო იქნება მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ზედამხედველობის შედეგად ყოველწლიური ანგარიშები მომზადდება, რომელიც მთავრობას და პარლამენტს წარედგინება.

თვითმმართველობის კოდექსის პროექტი ასევე ითვალისწინებს კონსტიტუციურ დებულებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს, მთავრობის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობით, უფლება აქვს დაითხოვოს ან შეუჩეროს საქმიანობა საკრებულოს, თუ მისმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებათა განხორციელებას.

საკრებულოს მიმართ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად ვრცელდება გამგებლის/მერის უფლებამოსილებაზეც. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტში ხორციელდება მთავრობის პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალი ადგილობრივი ორგანოები აირჩევიან.

პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა უახლოეს ხანებში დაიწყება.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21