Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ნდობა მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ნოე.'13 / 21:47


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 20 ნოემბერს პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს მიმართავს. ფოტო: ღარიბაშვილის პრესსამსახური 

საქართველოს პარლამენტმა 20 ნოემბერს 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი 93 ხმით 19-ის წინააღმდეგ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.

კენჭისყრის შედეგად დასრულდა ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა პრემიერ–მინისტრის პოსტზე; ერთი წლისა და 25 დღის მუშაობის შემდეგ მან ეს თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ შტოს ჩაუდგა სათავეში, რადგანაც ახალ კონსტიტუციაში მნიშვნელოვნად გაიზარდა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის უფლებამოსილებები პრეზიდენტის უფლებების შემცირების ხარჯზე.

ახალ მთავრობაში ერთადერთი ახალი წევრია 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელმაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე შეცვალა.

დანარჩენმა მინისტრებმა თავიანთი თანამდებობები შეინარჩუნეს:

  • ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი;
  • შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი – დავით ნარმანია;
  • ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე;
  • განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – დავით დარახველიძე;
  • გარემოს  და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე;
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია;
  • სოფლის მეურნეობის მინისტრი – შალვა ფიფია (მან ამ პოსტზე დავით კირვალიძე შეცვალა 2013 წლის გაზაფხულზე);
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – სოზარ სუბარი;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;
  • სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – კონსტანტინე სურგულაძე.

ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლა პარლამენტში ივანიშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, რომელმაც მისი თქმით, „უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არჩევნების გზით მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განახორციელა“.

„ბატონმა ბიძინამ სიტყვა შეასრულა: რეჟიმისგან გაათავისუფლა საქართველო და ღირსეულად დატოვა პოლიტიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ივანიშვილი ბოლოს პრემიერ-მინისტრის რანგში საჯაროდ 20 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც ის ქართველი მსახიობისთვის რამაზ ჩხიკვაძისთვის თბილისში ძეგლის გახსნას დაესწრო თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად.

24 ნოემბერს ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ყრილობის გამართვას გეგმავს, სადაც როგორც მოსალოდნელია, ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა დღევანდელ საპარლამენტო მოსმენაზე, რომ ივანიშვილმა დატოვა თანამდებობა, თუმცა არ დაუტოვებია პოლიტიკა. მისი თქმით, მათ ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოონ, რომ არ აიძულონ ის ოპოზიციაში წავიდეს, რადგანაც მათ უკვე კარგად ნახეს, თუ რას ნიშნავს, როცა ის ოპოზიციაშია.

მოსმენის კითხვა–პასუხის ნაწილი ბევრად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც წინა დღეს ჰქონდა ადგილი, როდესაც ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წინაშე წარდგა, როდესაც მოსმენა ცხარე დებატებში გადაიზარდა, რომლის დროსაც ძირითადად ურთიერთბრალდებებს ჰქონდა ადგილი. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განსხვავებული ტაქტიკა შეარჩიეს და კრიტიკის გამოთქმის გარეშე ძალიან კონკრეტულ კითხვებს უსვამდნენ მას მთავრობის იმ პროგრამიდან, რომელიც ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე თავისი პრეზენტაციის დროს წაიკითხა. მაგრამ თავის პასუხებში ღარიბაშვილი ხშირად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისკენ იშვერდა ხელს, და გადაცდომებში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდა, თუმცა არა ისე მწვავედ, როგორც ერთი დღით ადრე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების კითხვების უმეტესობა ეხებოდა ეკონომიკას, მათ შორის მის შეხედულებას მიკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარ გამოწვევებზე; როგორი იქნება მთავრობის ხარჯვის წილი მთლიან მშპ–ში, რათა მიღწეულ იქნას მთავრობის დეკლარირებული მიზანი, რომლის თანახმადაც ქვეყანას ეყოლება „პატარა და ეფექტური მთავრობა“; რომელი კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს მთავრობა „საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად“, როგორც ეს პროგრამაშია გაჟღერებული; რომელი სახელმწიფო აქტივების პრივატიზებას გეგმავს მთავრობა და რამდენის მიღებას გეგმავს ის პრივატიზაციიდან მომდევნო რამდენიმე წელიწადში; რა იქნება საქართველოს შედარებითი უპირატესობა რეგიონალურ და გლობალურ ეკონომიკაში.

ღარიბაშვილმა კითხვებზე პასუხის გაცემა შემდეგნაირად დაიწყო: „რაც შეეხება თქვენს შეშფოთებას და აღშფოთებას ეკონომიკის დაღმასვლასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. სავალუტო ფონდის შეფასებით, ბოლო თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ეკონომიკის გაჯანსაღება, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს კატასტროფულად საქმე“.

„მე აქ იმისათვის არ ვარ, რომ თქვენ გაკრიტიკოთ“, – მიმართა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს. „მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ ქვეყანაში კრიმინალი მატულობს, ეს ინგრევა და ის ინგრევა. არაფერი კატასტროფული არ ხდება რეალურად. იყო დაღმასვლა ეკონომიკაში, მაგრამ ეს არის ადვილად გამოსწორებადი“.

„ჩვენი გუნდი არის იმდენად ეფექტური, რომ ამ პრობლემებს ჩვენ ძალიან მარტივად გადავლახავთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეკონომიკის დაღმასვლის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი დაძაბული პოლიტიკური კოჰაბიტაცია იყო.

შემდეგ მან მოუწოდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რომ „ნუ ცდილობთ, რომ დააფრთხოთ ინვერსტორები“ სიტუაციის ნეგატიურ ფერებში წარმოჩენით.

„იყო მცირე დაღმასვლა, მაგრამ ეს არის გამოსწორებადი. გაცილებით რთული პერიოდი გვქონდა გასული წლების განმავლობაში, [2008 წლის აგვისტოს] ომამდე და ომის შემდეგ, მაგრამ თქვენ იღებდით საგარეო ვალს, იქნებოდა ეს ევრობონდები თუ სხვა, მაგრამ ამ თემაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ არ გვინდა, რომ წარსულს დავუბრუნდეთ, ჩვენ გვინდა, რომ მომავალზე ვიფიქროთ; ჩვენ არ გვსურს გამუდმებით თქვენ გაკრიტიკოთ. თქვენ ამ შემთხვევაში ძალიან არაკომფორტულ გარემოში მოხვდებით იმიტომ, რომ რა კითხვაც არ უნდა დაგვისვათ, ჩვენ შეგვიძლია გაგცეთ ამომწურავი პასუხი“, – მიმართა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.

მან განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლება აჭიანურებდა დაახლოებით 30 ქვეყანასთან ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას, ამჟამინდელი ხელისულება ამ ხელშეკრულებების ხელმოწერის პროცესშია.

მან ასევე განაცხადა, რომ კანონების დეტალების შესახებ კითხვები „არასერიოზულია“. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ასეთი სპეციფიკური კითხვები კონკრეტული კანონების დეტალების შესახებ მისი ცოდნის შემოწმებას ემსახურება, „ეს არასერიოზულია“.

მთლიან ეკონომიკაში მთავრობის ხარჯვით წილთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის არ უნდა აღემატებოდეს 30%–ს.

კითხვაზე, თუ როგორ მიაჩნია მას, რომელი ქვეყანა უნდა იყოს სამაგალითო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია მრავალი ქვეყნის მაგალითი ავიღოთ, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სინგაპურიზაციის გზით ვიაროთ“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ღარიბაშვილს საგარეო კურსის შესახებ ჰკითხა ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რუსეთის მიერ უკრაინაზე „ზეწოლის და შანტაჟის“ კონტექსტში. მან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენს, მოსალოდნელია, რომ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს, რათა აიძულოს თბილისი, უარი თქვას თავის ევროპულ მისწრაფებაზე.

ღარიბაშვილმა უპასუხა: „ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი არის ჩვენი ხალხის არჩევანი... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და საქართველოს მომავალი არის მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოსკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება არ მოხდეს დღეს ან ხვალ, მაგრამ ჩვენ ამ მიზნისკენ უნდა ვიაროთ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად... ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას საქართველოში და დავუმტკიცოთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ ვართ რეალურად ღირსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა“.

„მე რეალურად რისკებს ვერ ვხედავ. თქვენ მოიყვანეთ უკრაინის და მოლდოვას მაგალითი. ისინი გაცილებით მეტად არიან დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ჩვენ... მე იძულებული ვარ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სასურველი იქნებოდა, რომ უფრო მეტად კრიტიკულები ყოფილიყავით საკუთარი გუნდის მიმართ თავის დროზე, მაშინ როცა ასხვისებდით ძალიან ბევრ სტრატეგიულ ობიექტს რუსულ კომპანიებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „ასე რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით ჩვენ არანაირი ცვლილება არ გვაქვს და ჩვენ გვაქვს მტკიცედ გაცხადებული, რომ მყარად გავაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ“.

თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა იმის საჭიროებას, რომ მთავრობაზე პარლამენტის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს. მან ასევე ისაუბრა საზოგადოების ერთიანობის საჭიროებაზე მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა.

უსუფაშვილმა მიმართა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით: „ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ იმ განცდისგან, რომ ჩვენ გვევალება ვინმეს აღზრდა და სწორ გზაზე მოქცევა. ეს შეუძლებელი ამბავია. ეს არასწორი ამოცანაა. ამასობაში შევხედოთ რამხელა პროგრესია ერთი წლის განმავლობაში; ერთი წლის თავზე, ეს ადამიანები, ჩვენი კოლეგები პარლამენტში [საპარლამენტო უმცირესობიდან], მე მგონი გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციის უფლებები არ უნდა დაირღვესო, რომ ბიზნესის დატერორება არ შეიძლებაო, რომ მედია და სასამართლო თავისუფალი უნდა იყოსო. ერთი წლის განმავლობაში ეს არის საკმარისი პროგრესი და ამაზე მეტს ნუ ვითხოვთ“. 

„თუ ჩვენ მივეცით ხალხს პირობა, რომ ვიქნებით გამაერთიანებელი ერის, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ გაერთიანება ნიშნავს ‘მართლების’ და ‘მტყუანების’ გაერთიანებას – გააჩნია საიდან შეხედავ, იმიტომ რომ ერი, ქვეყანა და ხალხი – ეს არის მთელი. თუ ჩვენ დავიწყებთ მხოლოდ იმ ადამიანების გაერთიანებას, ვინც ვთვლით, რომ მართლები ვართ, მაშინ იგივე არასწორ გზას დავადგებით, საიდანაც გამოსვლა გვინდა. ამიტომ ეს არ არის სწორი კრიტერიუმი. სწორი კრიტერიუმია: კანონის უზენაესობა, სასჯელის გარდაუვალობა და უდანაშაულობის პრეზუმპცია. ამ პრინციპების დაცვით ჩვენ შევძლებთ გაერთიანებასაც და იმ პრობლემებთან გამკლავებასაც, რაც გვაწუხებს ყველას ერთად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

თუმცა თავის გამოსვლაში ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჯერ ადრეა ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში პროგრესზე საუბარი.

„მეც ძალიან მინდა, რომ წარსულზე არ ვისაუბრო, მაგრამ სანამ თქვენ [მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს] თავს არ დახრით საზოგადოების წინაშე და სანამ ბოდიშს არ მოუხდით საზოგადოებას იმ წლების გამო, რა დღეშიც ჩააგდეთ ქვეყანა, ალბათ წარსულზე ხშირად ვისაუბრებთ“, – განაცხადა საგანელიძემ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26