სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა პარლამენტს თვითმმართველობის კოდექსის პროექტის იმ დებულებას გადახედოს, რომელიც პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის და გამგებლისთვის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ითვალისწინებს.
შემოთავაზებული კოდექსის პროექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის „მნიშვნელობას ასუსტებს“, ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ერთობლივ განცხადებაში.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით წინა კვირას მიიღო, ითვალისწინებს მერების პირდაპირი წესით არჩევას 12 თვითმმართველ ქალაქში და ასევე ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლების პირდაპირ არჩევას.
პროექტი ითვალისწინებს, გამგებლის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას როგორც საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ინიციატივით, ისე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლის არანაკლებ 20%-ის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. საკრებულოს წევრთა ორი–მესამედის ხმა იქნება საჭირო მერის ან გამგებლისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად.
პროექტის თანახმად, საკრებულო ვერ შეძლებს უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას არჩევნებიდან ექვს თვეში და არჩევნებამდე დარჩენილ ერთწლიან პერიოდში. თუ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ვერ მოყვება მერისა და გამგებლის იმპიჩმენტი, მომდევნო ექვს თვეში განმეორებითი პროცედურა ვეღარ გაიმართება, პროექტის თანახმად. პროექტის ავტორების განცხადებით, რომელთა თქმითაც, ეს დებულება ადგილობრივ დონეზე ძალთა დაბალანსებას ემსახურება, უნდობლობა გამოცხადებული მერი ან გამგებელი კვლავაც შეძლებს კენჭისყრას უახლოეს არჩევნებზე.
თუმცა, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა ერთობლივ განცხადებაში, რომ ამგვარი მექანიზმი გამოიწვევს იმას, რომ გამგებელი და მერი მათი საქმიანობების განხორციელებისას უფრო მეტად იქნებიან დამოკიდებული საკრებულოს და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობილებაზე, რათა საკრებულომ ინიცირება არ გაუკეთოს მათ წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას.
„საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ ასევე გამოთქვა კრიტიკა იმ დებულების წინააღმდეგ, რომელიც საკრებულოს პირდაპირი წესით არჩეული მერებისა და გამგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საშუალებას აძლევს.