Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო ვერ დააკომპლექტა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 დეკ.'13 / 18:39

პარლამენტმა 27 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოში მხოლოდ სამი წევრის არჩევა შეძლო წარდგენილი ექვსი კანდიდატიდან, რაც არასაკმარისი რაოდენობაა იმისათვის, რომ სამეურვეო საბჭო თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგეს.

ამისათვის, ახალი საკანონმდებლო წესების თანახმად, სულ ცოტა 7 წევრის არჩევა მაინც იყო საჭირო 9-წევრიან სამეურვეო საბჭოში.

პარლამენტის მიერ კენჭისყრაზე კანდიდატურების ჩაგდებასთან ერთად, საბჭოს სრულად დაკომპლექტება იმის გამოც ვერ მოხერხდა, რომ 3 კანდიდატის ნაცვლად, კოალიცია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ერთი კანდიდატი, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ  მხოლოდ ორი კანდიდატი წარუდგინა პარლამენტს ასარჩევად. 

სახალხო დამცველმა მისთვის განკუთვნილ ორივე ადგილზე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კუთვნილ ერთ კვოტაზე წარადგინეს თავიანთი კანდიდატურები. 

27 დეკემბერს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრებად არჩეულ იქნენ: ნათელა სახოკია, ექსპერტი საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და განვითარების საკითხებში- ქართული ოცნების კვოტით (83 ხმით 3-ის წინააღმდეგ); ქეთევან მსხილაძე, ჟურნალ „ტაბულას“ ინგლისურენოვანი გამოცემის რედაქტორი (99 ხმით არცერთის წინააღმდეგ) - ნაციონალური მოძრაობის კვოტით; მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი (82 ხმით 17-ის წინააღმდეგ) - სახალხო დამცველის კვოტით. 

პარლამენტმა 29 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატი,  იურისტი გენადი გელაძე; ასევე 18 ხმით 8-ის წინააღმდეგ სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მეორე კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; და 29 ხმით 5-ის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი მეორე კანდიდატი ნინია კაკაბაძე,  სამოქალაქო აქტივისტი და ექსპერტი მედიის საკითხებში. 

იმისათვის, რომ ახალი სამეურვეო საბჭო თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს და ამჟამად მოქმედი ის საბჭო ჩაანაცვლოს, რომლის ქმედუუნარობის მოტივითაც პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებით დააჩქარა  ახალი საბჭოს დაკომპლექტების პროცესი, სულ ცოტა ოთხი და მაქსიმუმ ექვსი წევრის არჩევაა საჭირო, რისთვისაც პარლამენტმა სპეციალური შესარჩევი კონკურსი ხელახლა უნდა გამოაცხადოს.

სამეურვეო საბჭოში არჩეული სამივე წევრი სწორედ პარლამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია საჯარო გასაუბრებების და კანდიდატებს შორის გამართული სატელევიზიო დებატების შედეგად. 

9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს წევრობის განაცხადით პარლამენტს თავდაპირველად 68 კანდიდატმა მიმართა, თუმცა მათი რაოდენობა საკონკურსო კომისიამ  ჯერ 35-მდე შეამცირა, ხოლო საბოლოოდ 27 კანდიდატს გაუწია რეკომენდაცია ნომინაციის უფლების მქონე სუბიექტებს ამოსარჩევად და წარსადგენად.

კოალიციამ მედია ადვოკატირებისათვის, რომელიც 11 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი „ჩიხში შევიდა“.

„მიგვაჩნია, რომ კანდიდატთა შესარჩევი საზოგადოებრივი კომისიის მუშაობა გამოირჩეოდა მიუკერძოებლობით, კომპეტენტურობითა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი ნდობა და ინტერესი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მიმართ“, - ნათქვამია კოალიციის მიერ 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ შეძლეს დეპუტატებმა შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევა წარდგენილი სიიდან. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებები და ქმედება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციით, არამედ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებით.  არსებობს საფრთხე, რომ მმართველი ძალა ხელახალი კონკურსის გამოცხადებისა და ახალი საზოგადოებრივი კომისიის შექმნის გზით ეცდება, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტოს მაუწყებლის საბჭო“, - განაცხადა კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის.

26 დეკემბერს კოალიცია მოუწოდებდა დეპუტატებს პატივი ეცათ მათ მიერვე დამტკიცებული საზოგადოებრივი კომისიის შრომისა და არჩევანისთვის,  დამდგარიყვნენ „ვიწრო პარტიულ და პოლიტიკურ ინტერესებზე  მაღლა“ და შეერჩიათ კანდიდატები წარდგენილი სიიდან, თუმცა ეს მოწოდება პარლამენტარებმა არ გაითვალისწინეს.

იმავდროულად, 26 დეკემბერს საქართველოში აშშ-ს საელჩომ სპეციალური განცხადება  გაავრცელა, სადაც მიესალმა სამეურვეო საბჭოს შერჩევის „გამჭირვალე პროცესს“ და აღნიშნა, რომ საელჩო „ყურადღებით ადევნებს თვალყურს“  პარლამენტის მიერ მაუწყებლის „დამოუკიდებელი“ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების  შერჩევის ძალისხმევას.  

„ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია პრესის თავისუფლებისა და ინფორმირებული საჯარო დებატებისთის“, - ნათქვამი იყო საელჩოს განცხადებაში, „ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტს ჯანსაღი და გამჭირვალე პროცესის მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი დამოუკიდებელი და პროფესიული სამეურვეო საბჭოს შექმნას“. 

27 დეკემბერს გამართული კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო კანდიდატურების არჩევაზე რაიმე სახის "დაძალება"და პროცესი გაგრძელდება, რათა სამეურვეო საბჭო სრულად დაკომპლექტდეს.  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57