ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა მხარდამჭერებმა 28 დეკემბერს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ზოგიერთი ბოლოდროინდელი მოვლენა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში „დემოკრატია საფრთხეშია“.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დღეს ვერის საკალათბურთო სასახლეში შეიკრიბნენ, სადაც პარტიის ლიდერების გამოსვლებს მოუსმინეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს სახელმწიფო კანცელარიისკენ, სადაც პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციაა განთავსებული.
ნაციონალური მოძრაობის მიერ საპროტესტო აქციაზე წამოწეულ საკითხებს შორის იყო თბილისის მერისთვის, გიგი უგულავასთვის სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილების შეჩერება; სავარაუდოდ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლა და ასევე ფარცხალაძის ნასამართლეობის თემა გერმანიაში.
„რეალური საფრთხე დგას ქვეყნის ნორმალური განვითარების. როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს, არჩეულ თანამდებობის პირს, თბილისის პირდაპირ არჩეულ მერს თანამდებობიდან აყენებენ არჩევნების გარეშე, ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტის შერყევა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ 28 დეკემბერს.
მთავარი პროკურორის დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებული ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ, ფარცხალაძის გადაყენებისკენ მოუწოდებენ. ბევრმა ექსპერტმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, მათ შორის მმართველი კოალიციის მიმართ დადებითად განწყობილებმა, კრიტიკა გამოთქვეს და მთავარ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი სკანდალი, რომელმაც შესაძლოა არა მხოლოდ მას მიაყენოს ზიანი, არამედ მთლიანად მმართველ კოალიციას და მთავრობას.
27 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2–თან“ ინტერვიუში პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა მართალია დაადასტურა, რომ მთავარი პროკურორი მართლაც გაასამართლეს გერმანიაში, როგორც მან თქვა, პოლიციასთან „ინციდენტის“ გამო, თუმცა მან დაიცვა ფარცხალაძე და ფაქტიურად გამორიცხა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. მან ნაციონალურ მოძრაობას შეუტია და განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობა მთავარი პროკურორის „დისკრედიტაციას“ და „დემონიზაციას“ ცდილობს, რათა ძირი გამოუთხაროს პროკურატურის „ეფექტურ“ მუშაობას. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფარცხალაძე პრობლემას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობისთვის, რადგანაც თანამდებობაზე ყოფნის ერთი თვის განმავლობაში, მთავარმა პროკურორმა გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება გაააქტიურა, მათ შორის ხელისუფლების ზოგიერთი ყოფილი წარმომადგენლის წინააღმდეგ.
„ბავშვობაში ვიღაცას რაღაც რომ შეემთხვა, იმის გამო ამ ადამიანს არ უნდა მოვუკლათ პერსპექტივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ფარცხალაძის შესახებ, რომელიც 2001 წლის იანვარში გერმანიაში გასამართლების დროს 24 წლის იყო.
პრემიერ–მინისტრის ამ განცხადებაზე საუბრისას გიგი უგულავამ განაცხადა დღეს აქციაზე გამოსვლისას: „მითხარით ერთი, 25 წლის მუტრუკი როდის გახდა ბავშვი? თუ 25 წლის ადამიანი ბავშვია, მაშინ 31 წლის პრემიერ–მინისტრი მოზარდია, თუ რა არის?“