Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავარი პროკურორი გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'13 / 19:26


კადრი მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოდან, სადაც ჩანს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 36 წლისადმი მიძღვნილ წვეულებაზე, 25 დეკემბერი. ეს ფარცხალაძის პირველი საჯარო გამოჩენა იყო ნოემბერში მისი მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ. 

მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას, რადგან ითვალისწინებს საზოგადოებრივ აზრს და ამავე დროს, არ სურს ჩრდილი მიაყენოს მიმდინარე გამოძიებების ლეგიტიმაციასა და „იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება“.

„ბოლო დროს საზოგადოებაში დასმული კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა“, - ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის წერილობით განცხადებაში, რომელიც 30 დეკემბერს საღამოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს ყოფნას არ გააჩნია სამართლებრივი პრობლემები, არ მინდა ეჭვქვეშ დადგეს იმ საქმეების გამოძიების ლეგიტიმაცია, რომელსაც ამ დროისთვის აწარმოებს მთავარი პროკურატურა“, - აღნიშნა მან.

„გარდა ამისა, ჩემი თანამდებობაზე ყოფნით არ მინდა ჩრდილი მიადგეს პრემიერ-მინისტრს და იმ პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება“, - ნათვქმია ფარცხალაძის განცხადებაში, რომელშიც ის მადლობას უხდის  ირაკლი ღარიბაშვილს და მის მთავრობას თანამშრომლობისთვის.  

„მე მრავალი წელი ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ახლაც მზად ვარ გავაგრძელო საქმიანობა ნებისმიერ პოზიციაზე და ერთგულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს“, - დასძენს ის განცხადების დასასრულს.

ამ განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის კანცელარიაში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც მინისტრთა კაბინეტის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფარცხალაძე მთავარ პროკურორად ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 21 ნოემბერს დაინიშნა, შეცვალა რა ამ პოსტზე არჩილ კბილაშვილი.

დანიშვნის შემდეგ ფარცხალაძე ნაციონალური მოძრაობის კრიტიკისა და ბრალდებების სამიზნე გახდა. ჯერ, წინასწარ პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა დასდო მას ბრალი მუქარაში; ფარცხალაძეს ასევე ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მას ყალბი დიპლომი აქვს, რის გამოც არ ჰქონდა მთავარი პროკურორის პოსტის დაკავების უფლება; გიგი უგულავამ, რომელსაც მერის უფლებამოსილება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუჩერდა, დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებით წაუყენა მას ბრალდებები და განაცხადა, რომ ფარცხალაძე 2001 წელს  ყაჩაღური ქურდობისთვის იყო გასამართლებული გერმანიაში.

ფარცხალაძემ მოგვიანებით განმარტა, რომ ის გერმანიაში მართლაც იყო გასამართლებული, თუმცა პოლიციასთან შელაპარაკების ინციდენტის გამო; ხოლო მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, „რეზონანსულ საქმეებზე“ გამოძიების გააქტიურებით ახსნა.

მთავარი პროკურორის დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებული ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ, ბევრმა ექსპერტმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა, მათ შორის მმართველი კოალიციის მიმართ დადებითად განწყობილებმა, კრიტიკა გამოთქვეს და მთავარ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდეს, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული შემდგომი სკანდალი, რომელსაც არა მხოლოდ პირადად მისთვის, არამედ მთლიანად მმართველი კოალიციისა და მთავრობისთვის შეეძლო ზიანის მიყენება. 

თავდაპირველად მმართველმა კოალიციამ დაიცვა ფარცხალაძე ოპოზიციის შემოტევის ფონზე. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გაშვება, თუმცა შედარებით ფრთხილი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა,  რომელმაც განაცხადა, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის მთავარი პროკურორის წარდგენა ან გათავისუფლება.

„ეს ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას; მივცეთ მათ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 26 დეკემბერს.

მართალია, ფარცხალაძეს თანამდებობაზე ყოფნისთვის სამართლებრივ პრობლემას 12 წლის წინანდელი ნასამართლეობა არ უქმნიდა, რაზეც ხშირად აპელირებდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა თანამდებობიდან მისი წასვლის მთავარი მიზეზი.

ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა 30 დეკემბერს, რომ მიუხედევად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა მთავარი პროკურორისთვის „პასუხისმგებლობის არიდებას“, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად „მას მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება“.

„მე მინდა საზოგადოებას მივულოცო პირველ რიგში ეს ამბავი. გამოხატულ პროტესტს მკვეთრ პოზიციას ყოველთვის აქვს აზრი  და მთავრობა იძულებულია გაითვალისწინოს ეს აზრი“, - განაცხადა მან ბრიფინგზე და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ თემას „დახურულად“ არ მიიჩნევს და კვლავაც ითხოვს მერაბიშვილის „საკნიდან გატაცების“ შესახებ განცხადებების სრულყოფილ გამოძიებას.

ამ განცხადებების დროული გამოძიებისკენ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე მოუწოდა 30 დეკემბერს მანამ, სანამ ფარცხალაძის გადადგომის შესახებ განცხადება გავრცელდებოდა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ გახდება ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მესამე მთავარი სახელმწიფო ბრალმდებელი იქნება. მთავარ პროკურორს პრემიერ–მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26