ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ საქართველოს „კონსტიტუცია უნდა გაუმჯობესდეს“, რათა უკეთესი ძალთა ბალანსის პირობებში დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ქვეყანაში ეფექტურად იმუშაონ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი და მდივანი თომას მარკერტი თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ და 16 იანვარს შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და მისი ხელმძღვანელობით შექმნილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული კომისიის წევრებთან; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან და ასევე იუსტიციის სამინისტროში.
ვიზიტის შემაჯამებელ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯანი ბუკიკიო და დავით უსუფაშვილი მიესალმნენ იმ მოქნილ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის წლების განმავლობაში გრძელდება.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მიესალმა დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას და განაცხადა, რომ ეს პროცესი უნდა გახდეს პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის პლატფრმა, რადგან „ახლა თქვენ გჭირდებათ შერიგება და არა შურისძიება“.
„პოლიტიკურ ძალებს შორის შესაძლო ფართო კონსენსუსის ბაზაზე ჩვენ შეგვიძლია კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად თქვენი მომავლისთვის“, - განაცხადა ბუკიკიომ, „თქვენ არ გჭირდებათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ მოდით ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ გააუმჯობესოთ არა მხოლოდ [ვენეციის კომისიის მიერ 2010 წელს კონსტიტუციის ახალი მოდელის მიღებისას] გაკრიტიკებული დებულებები, არამედ სხვა დებულებებიც, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს“.
კონსტიტუციასთან ერთად, ვენეციის კომისიასთან საქართველო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს საარჩევნო კოდექსსა და პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებზე, რომელიც, უსუფაშვილის თქმით, უახლოეს თვეებში განხორციელდება; ასევე კომისიას მალე ექსპერტიზისთვის გაეგზავნება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეორე ფაზის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
„ყველა ეს ინიციატივა მიდის სწორი მიმართულებით, რათა გაუმჯობესდეს ამ ქვეყნის სიტუცია უფრო მეტი დემოკრატიის მიღწევის გზაზე“, - განაცხადა 16 იანვარს პრესკონფერენციაზე ბუკიკიომ.
მისი განცხადებით, მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მოისმინა მისთვის მისასალმებელი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ „პროკურატურა უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი“ ინსტიტუცია. პროკურატურა ადრე დამოუკიდებელი სტრუქტურა იყო, თუმცა 2008 წლის ოქტომბერში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.
მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის განხილვის პროცედურები მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერებულია, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ „ძალიან რთულ“ საკითხზე ვენეციის კომისიამ „მისაღებად მიიჩნია ეს იდეა, რომელიც არც ისე ადვილია იყოს ყოველთვის მისაღები“ იმ პირობით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები საქმეების გადახედვაზე უნდა მიიღოს სასამართლომ, ხოლო კომისიამ უნდა შეასრულოს გარკვეული „ფილტრის“ ფუნქცია იმ საქმეების შესარჩევად, რომლებიც მართლაც საჭიროებენ სასამართლოს მიერ რევიზიას.
„მე მითხრეს, რომ ამ საკითხის კვლავ წამოწევა მოხდება მალე... და [განხილვის] პროცედურები დაიწყება“, - განაცხადა ბუკიკიომ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ერთ-ერთ შესაძლო გზად განიხილება მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართვის შესაძლებლობა, რათა სწორედ მან გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება განაჩენების გადახედვასთან დაკავშირებით.