მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 29 იანვარს საღამოს ინტერნეტში გავრცელებულ ხუთი წლის წინანდელ ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით, სადაც ვანო მერაბიშვილი ამბობს: „ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი“, რომ გამოძიება დაიწყო, ვინაიდან ჩანაწერში „აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა“.
„მთავარი პროკურატურა აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ორივე მათგანი რეინჯერთა ბატალიონის მაშინდელ მეთაურთან ლევან ამირიძესთან ერთად ყოფილი ხელისუფლების მიერ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში ე.წ. ამბოხის ორგანიზატორად დასახელდა. მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, სამივე მათგანმა ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაპარვა შეძლო, რის შემდეგაც მათი ძებნა 16 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 21 მაისს გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, როგორც მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, ორმხრივი სროლის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ დაიჭრნენ.
29 იანვარს საღამოს ინტერნეტში და შემდგომ მედია საშუალებებით გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ე.წ. ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დაგეგმვის მონაკვეთი, სადაც სავარაუდოდ საუბარია სამხედრო ნაწილიდან გაქცეულთა დევნის ორგანიზებაზე.
ერთ-ერთ ეპიზოდში ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციისა და სამხედრო მაღალჩინოსნებს ეუბნება: „მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო. პრემია დიდია“.
კადრებში ჩანს, რომ სხვა პირებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მაშინდელი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად ძებნაში მყოფი დათა ახალაია; ასევე დავით ნაირაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მაშინდელი მოადგილე და სახმელეთო ძალების მაშინდელი სარდალი შმაგი თელია - ეს უკანასკნელი ე.წ. მუხროვანის საქმეზე სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ 30 იანვარს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ნაირაშვილიც და თელიაც ამჟამადაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და „თუ ეს გამოძიებას დაჭირდება, არ არის გამორიცხული ისიც, რომ ისინი დროებით ჩამოცილებული იყვნენ თავიანთ თანამდებობებს“.
29 იანვარს გავრცელებულ კადრებში, რომელიც სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს, ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანან მუხროვანის სამხედრო ნაწილში მისული იუსტიციის მაშინდელი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის მაშინდელი მერი გიგი უგულავა, რომელსაც ამჟამად უფლებამოსილება აქვს შეჩერებული და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერთ-ერთ მომენტში მანქანაში ჩაჯდომამდე კითხვას სვამს: „ვანო სად არის?“
გიგი უგულავამ 30 იანვარს განაცხადა, რომ ადგილი აქვს მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილი „შეატენონ ამ საქმეში", რათა "მერე ალბათ საქმე შეკერონ".
„ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. მერაბიშვილი იყო მარტო სპეცრაზმელებთან და სამხედროებთან ერთად“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან კომენტარში.
ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, უგულავამაც განაცხადა, რომ სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, როცა საქმე ამბოხს ეხება და ამ შემთხვევაში მერაბიშვილის მხრიდან გაიცა ბრძანება გაქცეულთა დაკავების შესახებ.
„ვინც იცნობს მერაბიშვილს და მის არც თუ ისე გრამატიკულად გამართული საუბრის მანერას, კარგად გაარჩევს რა იგულისხმა მან“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა: „როდესაც საუბარია თეორიულად გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ“.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა პროკურატურას, რომ ამ ვიდეომასალაზე თავისი კომპეტენტური აზრი დააფიქსიროს.
„რამდენადაც ემოციურად არ უნდა იყოს რთული თავის შეკავება, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია დაცულია და ამ საკითხზე მსჯელობს მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო და არა პოლიტიკოსები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.