Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 თებ.'14 / 19:13

  • ‘ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, ერთად უნდა იპოვონ უკრაინაში კრიზისიდან  გამოსავალი’;
  • რუსეთთან მიმართებით ‘საქართველო მხოლოდ კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამს’;
  • სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ‘რთული’ იყო;
  • რუსი დეპუტატის მადლობა ღარიბაშვილს რუსულ-ქართული ურთიერთობების ‘კონსტრუქციული და ზუსტი’ დახასიათებისთვის. 


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოდის 2014 წლის 1 თებერვალს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთთან ურთიერთობებსა და ევროპულ მისწრაფებაზე ისაუბრა, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.
 
ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა კონფერენციის იმ პანელზე, რომლის განსახილველი თემა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო; განხილვისას მთავარი აქცენტი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთდა. სხვა მომხსენებლებს შორის იყვნენ რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ; უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლეონიდ კოჟარა; უკრაინის ოპოზიციური პარტიის „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო; რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი და აშშ-ის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი. პანელის მოდერატორი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი  შტეფან ფულე იყო. დისკუსიისას ყველაზე მეტი ყურადღება ვიტალი კლიჩკომ მიიპყრო, რომლის გამოსვლასაც, სადაც მან უკრაინის ოპოზიციის ხედვა წარმოადგინა, აუდიტორიის მხრიდან ხანგრძლივი აპლოდისმენტი მოყვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ „ბევრად უფრო ძლიერი მიდგომა“ წარმოაჩინოს, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებს, რომ წევრობის პერსპექტივები დაინახონ.
 
„ევროკავშირში მხოლოდ ასოცირებისთვის მათ ვერ მოიწვევთ“, - განაცხადა მან, „ეს [ასოცირება] არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ოდესმე ევროკავშირში მოხვდებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ევროკავშირი ბევრად უფრო მკაფიო და მტკიცე უნდა იყოს ამ ქვეყნებისთვის იმ პერსპექტივის შექმნაში, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, როდესაც ისინი კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ“.
 
რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაყინული კონფლიქტების მოგვარება პრიორიტეტად უნდა აქციოს.
 
„ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, რადგანაც ამ ქვეყნებმა თავადაც იციან, რომ მათ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა არ გააჩნიათ, სანამ გაყინული კონფლიქტები აქვთ საკუთარ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ბასესკუმ.
 
წევრობის პერსპექტივის თემის გაგრძელების მიზნით, პანელის მოდერატორმა, ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოს პრემიერს კითხა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს „სინათლე გვირაბის ბოლოს“ საქართველოსთვის. ღარიბაშვილს კონკრეტულად ამ საკითხზე თავის გამოსვლაში არ უსაუბრია.
 
ღარიბაშვილმა საუბარი უკრაინის თემით დაიწყო. „ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით“, - განაცხადა მან, „საქართველოს მთავრობა გმობს ნებისმიერ ძალადობას; ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია და მე ნამდვილად მჯერა, რომ უკრაინის მთავრობა, ხალხთან ერთად, ოპოზიციასთან ერთად იპოვის გამოსავალს ამ კრიზისიდან“.
 
„ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და სხვა ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, უნდა შეიკრიბნონ და იპოვონ გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი არსებობს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
შემდეგ მან განაცხადა, რომ 2013 წელი „რთული“ იყო საქართველოსთვის პოლიტიკური კოჰაბიტაციის პერიოდის გამო. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ეს „ძალიან წარმატებული წელი“ იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის გამო.
 
ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული კურსის ერთგული რჩება, აღნიშნა მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ 20013 წლის ნოემბერში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით, „ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახდა“ საქართველოსთვის.
 
მისი თქმით, „იმედია აგვისტოში“ ხელი მოეწერება ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს. ღარიბაშვილმა განაცხადა რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საქართველოსთვის „უზარმაზარ შესაძლებლობებს“ შექმნის; მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ხელმძღვანელობას ხელშეკრულების ხელმოსაწერად მომზადების პროცესის „დაჩქარებისთვის“.
 
„საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონალურ ცენტრს... მას აქვს პოტენციალი, რომ რეგიონალური ჰაბი გახდეს“, - განაცხადა მან.
 
რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ როდესაც კოლიაცია ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, „ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა რუსეთთან; ჩვენ შევცვალეთ ჩვენი რიტორიკა“.
 
მან განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე აქტიურად მუშაობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან.
 
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შედეგად საქართველომ „გააუმჯობესა“, როგორც მან აღნიშნა, „ტექნიკური ურთიერთობა“ რუსეთთან, რაშიც სავაჭრო, ეკონომიკური და ხალხთა შორის კონტაქტები იგულისხმება.  ღარიბაშვილის თქმით, რუსეთმა დაიწყო ქართული პროდუქციისთვის თავისი ბაზრის თანდათან გახსნა.
 
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიდგომაა, რომ „მხოლოდ კონსტრუქციული ნაბიჯები“ გადადგას რუსეთთან მიმართებაში.
 
„მაგრამ შარშან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მაინც ჰქონდა ადგილი გარკვეულ პროვოკაციებს“, - განაცხადა მან და აღნიშნა რომ საოკუპაციო ხაზზე ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
 
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ „გადაწყვიტა არ გამოუცხადოს ბოიკოტი“ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. „ჩვენთვის ნამდვილად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც ჩვენ მოუგვარებელი კონფლიქტები გვაქვს ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თბილისმა მოსკოვს  სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა.
 
თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსკოვს არ აქვს საკმარისი ბერკეტები თბილისთან მიმართებაში. მისი თქმით, უკრაინასთან შედარებით, საქართველო „ნაკლებად დამოკიდებულია“ რუსეთზე.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი, რომ საქართველოს მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.
 
„საქართველო უბრალოდ ცდილობს, რომ უკეთესი ქვეყანა გახდეს; ჩვენ გვინდა გავხდეთ ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა იყოს“, - განაცხადა მან.
 
როდესაც რუსი დეპუტატის ლეონიდ სლუცკის საუბრის ჯერი დადგა, მან თავისი გამოსვლა ღარიბაშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
 
„მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების ძალიან კონსტრუქციული და ზუსტი დახასიათებისთვის“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა, „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინაშე უამრავი პრობლემა დგას, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ჩვენ ახალ კონსტრუქციულ თავს ვხსნით. ძალიან დიდი მადლობა, ირაკლი“.
 
თავის დასკვნით სიტყვაში, განხილვის მოდერატორი, ევროკომისარი ფულე კიდევ ერთხელ შეეხო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის საკითხს და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტრანსფორმაციისთვის საჭიროა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყოს, ხოლო „მეორე ნაბიჯი უნდა იყოს სინათლე გვირაბის ბოლოს“. 
 
„თქვენ ვერ მოახდენთ ევროპის ან ნაწილის ტრანსფორმაციას ამ უძლიერესი ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე, რომელიც ასე წარმატებით იქნა გამოყენებული ცენტრალურ ევროპაში და ახლა გამოიყენება სამხრეთ ევროპაში“, - განაცხადა ფულემ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22