Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„საერთაშორისო გამჭირვალობა“ ჯეოსელში მიმდინარე გამოძიების შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 18 თებ.'14 / 17:51

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ მიანიშნა, რომ ფინანსური პოლიციის მიერ კომპანია „ჯეოსელში“ გადასახადებისთვის სავარაუდო თავის არიდების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება შესაძლოა უკავშირდებოდეს მობილური ოპერატორის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომ შეცვალოს კანონმდებლობა, რომელიც ამჟამად სამართალდამცავ სტრუქტურებს საშუალებას აძლევს პირდაპირი წვდომა იქონიონ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფრასტრუქტურაზე სათანადო სასამართლო ზედამხედველობის გარეშე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შვედურ–ფინური მობილური ოპერატორის „თელიასონერას“ ჯგუფში შემავალ „ჯეოსელში“ გამოძიება 13 თებერვალს დაიწყო. საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ გამოძიება დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების მუხლით მიმდინარეობს. „ჯეოსელმა“ განაცხადა 14 თებერვალს, რომ ის გამჭირვალედ მუშაობს, ერთ–ერთი უმსხვილესი გადამხდელია საქართველოში და გადასახადებისთვის თავის არიდების არანაირი საფუძველი არ აქვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ თანამშრომლობს „ჯეოსელთან“ იმ საკანონმდებლო ცვლილებების ლობირების საქმეში, რომელიც ფარულ თვალთვალზე უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღებას შეუწყობს ხელს.

„კომპანიის წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება წინ უძღვის პარლამენტში ფარულ თვალთვალთან დაკავშირებული რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებულ განხილვებს. არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ თავის დროზე კომპანია „ჯეოსელმა“ თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა“,  – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში

„ფინანსური პოლიციის ქმედება, შესაძლოა, აღქმული იქნას როგორც ბიზნესმენების გაფრთხილება, რამაც ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას“, – ნათქვამია განცხადებაში, „შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა დღემდე მკაცრად ეწინააღმდეგებიან სტატუსკვოს ყველანაირ ცვლილებას და ზედამხედველობის მექანიზმების დამკვიდრებას“. 

მიმდინარე გამოძიებასა და კომპანიის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებას შორის არსებულ შესაძლო კავშირზე გამოთქმულ ვარაუდზე კომენტარისგან „ჯეოსელმა“ ამ ეტაპზე თავი შეიკავა. 

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიებას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. 

„გამოძიება, იმისა და მიხედვით, თუ რა სტადიაზე იქნება, გაასაჯაროვებს ინფორმაციას, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების მიმდინარეობას. დანარჩენზე მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ამას მისცენ პოლიტიკური ელფერი. მინდა გითხრათ, რომ ამას აქვს მხოლოდ ფინანსური მიმართულება და არაფერი საერთო არ აქვს იმ ეჭვებთან და მოსაზრებებთან, რომლებიც ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ „კომპანიის საქმიანობას ხელი არ შეშლია და არ შეეშლება“.

 
უკვე წლებია, რაც ფარული თვალთვალი  და პირადი მონაცემების დაცვის კუთხით არსებული ვითარება უფლებადამცველთა შეშფოთების საგანია. თუმცა ეს საკითხები შარშან განსაკუთრებული განხილვების საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ხელი შეუწყოს მკაცრი რეგულაციების შემოღებას. თუმცა უფლებადამცველთა წუხილები ამ მიმართულებით კვლავაც რჩება, რადგანაც შსს-ს ახლაც აქვს ე.წ. „შავი ყუთები“ მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე, რომელთა მეშვეობითაც მას სისტემაზე პირდაპირი წვდომა გააჩნია და შეუძლია ერთდროულად ათასობით ნომრის მოსმენა განახორციელოს.

„ამჟამად, საქართველოში შერეული სისტემა მოქმედებს. ზოგ შემთხვევაში ოპერატორები სასამართლოდან იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ავალდებულებს მათ დაუშვან ხელისუფლების წვდომა ქსელზე; ზოგჯერ, ხელისუფლებას შეუძლია პირდაპირ უზრუნველყოს პირდაპირი წვდომა ისე, რომ ამის შესახებ ოპერატორებმა არაფერი იცოდნენ, “, – წერდა 2013 წლის ოქტომბერში „თელიასონერას“ ბლოგზე „ჯეოსელის“ აღმასრულებელი დირექტორი პასი კოისტინენი.

„ჩვენ აქტიური მონაწილეობა მივიღეთ კომიტეტის მუშაობაში [რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი კანონმდებლობის შემუშავებას უზრუნველყოფდა] და მიგვაჩნია, რომ ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ინიციატივას თვალთვალის შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავების თაობაზე“, – წერდა კოისტინენი.

"'საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ განაცხადა, რომ მართალია „ჯეოსელი“ არ არის ერთადერთი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი ქვეყანაში, რომელიც უკეთესი რეგულაციების შემოღებას უჭერს მხარს, თუმცა  მისი აღმასრულებელი დირექტორი ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობდა და საჯაროდაც არაერთხელ გამოუხატავს მოსაზრება.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ განაცხადა, რომ „თუ აღმოჩნდა, რომ ფინანსთა სამინისტროს ბრალდებას ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, მაშინ ეს გახმაურებული საქმე კიდევ უფრო უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ფანანსთა სამინისტროს საზოგადოებას მაქსიმალურად დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდოს „ჯეოსელის“ საქმესთან დაკავავშირებით. მნიშვნელოვანია ფინანსური პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯეოსელის“ საქმე, შესაძლოა, ბიზნესმენებმა გამაფრთხილებელ გზავნილად აღიქვან და ჩათვალონ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმული კრიტიკა ან მათ წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება პასუხგაუცემელი არ დარჩება. მსგავსი ქმედებები მრავლად გვხვდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც კერძო სექტორს ხელისუფლების კრიტიკის ეშინოდა, რადგან იცოდნენ, რომ ამას ბიზნესისთვის სავალალო შედეგები მოჰყვებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55