Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ობამა და ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 25 თებ.'14 / 03:11


ფოტო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან 24 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

თეთრი სახლის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ობამამ და ვიცე–პრეზიდენტმა ბაიდენმა მიულოცეს საქართველოს „წარმატება ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემის საქმეში და მოუწოდეს პრემიერ–მინისტრს განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის ხელშეწყობისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების გაძლიერებისთვის“.

„პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის ორ ქვეყნის ეკონომიკებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაზრდის თაობაზე“.

„პრეზიდენტმა და ვიცე–პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მათ ასევე დაარწმუნეს პრემიერ–მინისტრი, რომ ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა აქვს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების გზაზე და პირობა დადეს, რომ კვლავაც დაუჭერენ მხარს, რათა დაეხმარონ საქართველოს ახალ ხელისუფლებას პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების განხორციელების საქმეში“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

ამასთან, პრეზიდენტმა და ვიცე–პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს იმისათვის, რომ ის „ღირებული მეგობარი და სანდო პარტნიორია ჩვენი ყველაზე რთული რეგიონალური და გლობალური პრიორიტეტების მხარდაჭერის საქმეში“. 

„ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ღრმა მადლიერება გამოხატა ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო და პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცების და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს“, – განაცხადა თეთრმა სახლმა. 

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა შეხვედრა შეაფასა, როგორც „ძალიან პოზიტიური და ძალიან ნაყოფიერი“.

„ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. მე მივიღე სრული მხარდაჭერა, ჩვენმა მთავრობამ მიიღო სრული მხარდაჭერა ამერიკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის სახელით. მათ დაგვიდასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა იმისათვის, რომ გარღმავდეს ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და განმტკიცებას და რეალურად, ახალ ეტაპზე გადავდივართ ამერიკასთან ურთიერთობების სფეროში“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოცემა The Hill იტყობინება, რომ პრეზიდენტი ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაახლოებით 20 წუთი ესაუბრა.

ობამასთან შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა გამოცხადებული, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო და ქართული მხარისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ თეთრი სახლის თხოვნა იყო არ მომხდარიყო დაგემილი შეხვედრების წინასწარ გამოცხადება.

ფანჯიკიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ყველა იმ საკითხისადმი, რომელიც საქართველოსთვის აქტუალურია, „აბსოლუტური მხარდაჭერა“ გამოხატა.

„მან [პრეზიდენტმა ობამამ] აღნიშნა, რომ ამ შენობაში [თეთრ სახლში] არ არის არავინ, ვინც მხარს არ უჭერდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს თავისუფალ არჩევანს გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი და აგრეთვე, ნატოსკენ მიმავალ გზაზე გაიაროს ახალი ნაბიჯები ინტეგრაციისა“, - განუცხადა ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „იმედს“ შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მართალია კონკრეტულად არ თქმულა, თუ რა ფორმით მოხდება ეს, მაგრამ „ამერიკული მხარის ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად აისახოს“ სექტემბერში დაგეგმილ ნატოს უელსის სამიტზე.

ფანჯიკიძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა ის „დიდი მნიშვნელობა“, რომელიც რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მიერ გადადგმულ „კონსტრუქციულ“ ნაბიჯებს ენიჭება.

„მან [პრეზიდენტმა ობამამ] აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია უნდა იყოს შეუქცევადი პროცესი, რაც მას პრემიერმა დაუდასტურა და მან აღგვითქვა ასევე ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე. ამერიკული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ საკითხებში ვიქტორია ნულანდი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ პრესრელიზში, ვიდრე გამოცხადდებოდა, რომ ამ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი შეუერთდა, მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა ყურადღება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე გაამახვილა.

„ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ძალიან აფასებს, რომ აშშ გმობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გამყოფი ბარიერების აგებას და იმედოვნებს, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი „არ გადაიხედება“ და დასძინა, რომ „საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ისეთი დინამიურია, როგორიც არასოდეს“.

„როგორც პრემიერმა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე აღნიშნა, 2014 წლის შემდგომამდე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ხელისუფლება მიესალმება აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის დროს ასევე აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიმართულებით „კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება“.

მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერმა ღარიბაშვილმა ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის მიწვევითაც სტუმრობს ის აშშ-ს, საპასუხო ვიზიტით საქართველოში დაპატიჟა, რაც იქნება თბილისისადმი „მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, ასევე ხაზს გაუსვამს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას“.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი 24 თებერვალს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს კარლ ლევინს, სენატორებს დიკ დურბინს, ჯეფ სეშენსს და როი ბლანტს შეხვდა.

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან და მათი სიტყვით გამოსვლა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14