პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმგვარი საკონსტიტუციო მოდელის შექმნაზე იმუშავებს, რომ სახელისუფლებლო შტოებს შორის მეტი ბალანსი, ადამიანების მეტი თავისუფლება, მეტი დეცენტრალიზაცია და მისი „ევროპულობა“ იქნას უზრუნველყოფილი.
პარლამენტის მიერ დეკემბერში შექმნილმა წარმომადგენლობითმა კომისიამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი თავმჯდომარეობს, პირველი შეკრება 3 მარტს გამართა, ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებზე.
კომისიის შიგნის ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც შემდეგ მიმართულებებზე იმუშავებენ: ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს შორის; ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა; სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები - უშიშროების საბჭო, ეროვნული ბანკი, სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახური; სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი მმართველობა, თვითმმართველობა; კონსტიტუციის ზოგადი დებულებები და მისი გადასინჯვის წესები.
„ჩვენი მუშაობის პრიორიტეტები იქნება მეტი თავისუფლება ადამიანებს“, - განაცხადა უსუფაშვილმა, „მეორე პრიორიტეტი იქნება ის, როგორ უნდა იყოს ხელისუფლება უკეთ დაბალანსებული ცენტრალურ დონეზეც და ადგილობრივ დონეზეც“.
„მესამე, ჩვენი კონსტიტუცია უფრო ევროპული უნდა გახდეს“, - განაგრძო უსუფაშვილმა და განმარტა, რომ ევროპულობა, გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მოყვანას გულისხმობს, ასევე ნიშნავს იმ რეალობის ასახვას, რომ „საქართველო ხდება ევროპის წევრი“ და ევროპული მოდელები „ჩვენთვის არის არა ორიენტირი, არამედ ჩვენი საკუთარი“.
„შემდეგი პრიორიტეტი იქნება დეცენტრალიზაცია. ადგილებზე კონკრეტული სოფლებისთვის, ქალაქებისთვის, რაიონებისთვის, რეგიონებისთვის მეტი უფლებების მიცემა იმისთვის, რომ ხალხმა გაითავისოს ის, რომ ისინი არიან ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონები“, - განაცხადა უსუფაშვილმა კომისიის გეგმებზე საუბრისას.
სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის საკითხი მოქმედ კონსტიტუციაში ღიად დატოვებული თემაა იმ ტერიტორიული პრობლემების გამო, რომელიც საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში გააჩნია. უსუფაშვილის განცხადებით, კომისიის ფარგლებში ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი იმ მიზნით შეიქმნა, რომ გაიხსნას ტერიტორიული მოწყობის საკითხზე 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მსჯელობა, რათა შეჯერდეს მოსაზრებები „კიდევ 20 წელი დაველოდოთ“, თუ „სახელმწიფოებრივი ფორმირება ამ ეტაპზე რაც შესაძლებელია, ის დავასრულოთ“.
„ცხინვალის და სოხუმის პრობლემების მოგვარებამდე, დანარჩენი ქალაქები, სოფლები, რეგიონები, დანარჩენი საქართველო ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში და გასაკეთებელი არ გაკეთდეს, არ არის სწორი. იმიტომ, რომ თვითმმართველობა არ შეიძლება დაელოდოს იმას, თუ როდის აღდგება ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ თემას "საფუძვლიანი გააზრება" სჭირდება და ამ „გააზრების შემდეგ რა დასკვნამდე მივალთ, ეს ჯერ არ ვიცი“.
კომისიის სხდომაზე გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ კონსტიტუციას, რომელიც 20 წლის განმავლობაში მოქმედებს მასში სხვადასხვა დროს შეტანილი, მათ შორის ფუნდამენტური ცვლილებებით, „კონკრეტული ხარვეზები“ გააჩნია, რომელიც „მშვიდად და დაძაბულობის გარეშე“ გამოსწორებას და მეტი სიცხადის შეტანას საჭიროებს, რათა ორმაგი წაკითხვის საშუალება ნაკლებად დარჩეს.
„რა გამოგვივა, ჯერ ჩვენ არ ვიცით. არ არის რაიმე წინასწარ აკვიატებული ფორმულა და მოდელი. ორპალატიანი გავხადოთ პარლამენტი? არ ვიცით. აქაა კომისია და ვიმსჯელოთ“, - მიმართა მან კომისიის წევრებს.
მისივე თქმით, მუშაობისას მთავარი ამოსავალი პრინციპი იქნება რეალურად „საყოველთაო, სახალხო“ კონსტიტუციის მიღება და არა კონსტიტუციის რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მორგება, რასაც მისი თქმით, კონსტიტუციის წინა გადასინჯვების დროს ჰქონია ადგილი.
„ეს ცვლილებები ძალაში შევა უკეთეს შემთხვევაში მომავალი [2016 წლის] საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, იმიტომ რომ მინიმუმ ორი წელია მთელი ამ პროცედურების დასასრულებლად საჭირო“, - განაცხადა მან მხედველობაში ჰქონდა რა სექტემბრამდე პროექტის მომზადების, შემდეგ მისი ინიცირების, საყოველთაო განხილვის ერთთვიანი და პარლამენტის მიერ მისი მიღებისთვის განსაზღვრული სულ ცოტა ექვსთვიანი პერიოდის ფაზები.
უსუფაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ სულ ცოტა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ვადით შეიქმნა და მის შიგნით გაერთიანებულ ექვს პარტიას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდეს ახალი პარლამენტის არჩევის წინ, ახალ მოდელს „მრავალპარტიული პარლამენტი“ მიიღებს. პარლამენტში კოალიციის პარტიებთან ერთად ასევე წარმოდგენილია ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მართლა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს კონსტიტუცია და ეს ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს გახდის მართლა საყოველთაო-სახალხოს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა კომისიის სხდომის შემდეგ: „თუ ჩვენ შევთანხმდით რაიმე პოზიტიური ტიპის ცვლილებებზე, რა თქმა უნდა, მონაწილე ვიქნებით და მხარს დავუჭერთ“.