პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვარაუდი იმის შესახებ, რომ საყდრისი წარმოადგენს ოქროს უძველეს მაღაროს, არ დასტურდება, თუმცა ამის მიუხედავად კომპანია, რომელსაც ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზია გააჩნია, მზად არის იქ არსებული არტეფაქტებისთვის ახალი მუზეუმი ააშენოს.
საყდრისში ოქროს მოპოვების ლიცენზია კომპანია RMG–ის გააჩნია, რომელიც 2012 წელს რუსი ინვესტორების ერთი ჯგუფიდან მეორეს ხელში გადავიდა. თუმცა ამ დრომდე კომპანიას ჯერჯერობით არ აქვს საბოლოო ნებართვა ხელისუფლებისგან ღია კარიერული წესით მოპოვებისთვის, რომლის დაწყების შემთხვევაშიც, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დამცველები აცხადებენ, შეუძლებელი გახდება ამ ადგილის არქეოლოგიური შესწავლა.
ზოგიერთი არქეოლოგი თვლის, საყდრისში მსოფლიოს უძველესი ოქროს საბადოა – ამ ვარაუდს კომპანია და ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება. საყდრისი 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით დაცული ძეგლი გახდა, თუმცა შარშან კულტურის სამინისტრომ მოუხსნა მას ეს სტატუსი იმ მოტივით, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ჩამონათვალში პროცედურული დარღვევებით შევიდა.
საყდრისის თემაზე ღარიბაშვილმა 13 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა სტუდენტმა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა და პრეტენზიები გამოთქვა „რუსული კომპანია“ RMG–ის საქმიანობის მიმართ, რომელიც სტუდენტის აზრით, „მანიპულირებს მუშებით, გარემოს აბინძურებს და ამავე დროს უკანონოდ აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას“.
პრემიერ-მინისტრმა საყდრისის ირგვლივ ატეხილ „ძალიან დიდ აჟიოტაჟზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ამ „საბადოს თუ ადგილს“ ორი თვის განმავლობაში სწავლობდა, დაადასტურა, რომ „ეს არ არის ოქროს უძველესი მაღარო“.
„რატომ ითხოვს კომპანია ოქროს მოპოვებას, თუ თქვენ არ გჯერათ რომ იქ ოქროა? ეს არალოგიკურია“, - ჰკითხა სტუდენტმა ღარიბაშვილს, რომელმაც მას უპასუხა: „მე არ მითქვამს, რომ ოქრო არ არის. თქვენ თქვით, რომ ეს არის უძველესი ოქროს მაღარო. ეს არ დასტურდება, რომ არის უძველესი ოქროს მაღარო“.
„რაც შეეხება საბადოსთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას, არის შემდეგი, რომ უნდა მოხდეს [კომისიის] ამ დასკვნის მხედველობაში მიღება; დასკვნა არის დადებული, ექსპერტები ჩართულები არიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც; და ასევე უნდა გავითვალისწინოთ ამ 3 000 ადამიანის ბედიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მას მხედველობაში ჰყავდა ის 3 000-მდე მოქალაქე, რომლებიც კომპანია RMG–ში არიან დასაქმებული. კომპანიამ განაცხადა, რომ თუ ის მთავრობისგან ვერ მიიღებს უფლებას რომ საყდრისში დაიწყოს მომპოვებელი სამუშაოები, მაშინ მთლიანად საქმიანობის შეწყვეტა და ქვეყნიდან გასვლა მოუწევს. ამასთან, კომპანიამ მისი საქმიანობის გაფართოებისთვის შექმნილი დაბრკოლებების მოტივით შეამცირა დასაქმებულთა კონტიგენტი, რასაც თანამშრომელთა მიმდინარე გაფიცვა მოჰყვა გათავისუფლებულთა სამსახურებში აღდგენისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
მთავრობა ცდილობს მედიატორის როლი შეასრულოს გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მას შემდეგ, რაც 7 მარტს გაფიცულებმა აქცია გამართეს მთავრობის კანცელარიის წინ. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება, ვინაიდან „კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ პირობებს გააუმჯობესებს“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი სამთო-მომპოვებელი საქმიანობის შედეგად გარემოს დაბინძურების პრობლემაზეც. კომპანია RMG–მ 27 თებერვალს განაცხადა, რომ დაბინძურებული წყლის გარკვეული რაოდენობა მდინარე კაზრეთულაში ჩაიღვარა და მომხდარი თანამშრომლების გაფიცვას დააბრალა, რამაც, კომპანიის თქმით, მისი საქმიანობის პარალიზება გამოიწვია.
„თუ იწამლება გარემო, მაგას სჭირდება გამოსწორება. ამაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ დადოს დასკვნა, რომ გარემო იწამლება. და რაც სჭირდება ამის გამოსწორებას, ამაზე უნდა იყო სპეციალური ღონისძიებები... თანამედროვე მსოფლიოში ეს ძალიან მარტივად გვარდება. ამას უნდა სწორი მიდგომა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, კომპანიამ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესთავაზა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საყდრისის მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის საინტერესო მასალებს მუზეუმში გადაიტანს.
„ჩემი ინფორმაციით, საუბარი არის იმაზე, რომ ბოლნისში აშენდეს ახალი მუზეუმი და მოიჭრას ეს კონკრეტული ადგილები და იქნას გადატანილი მუზეუმში სხვა არტეფაქტებთან ერთად. ასე რომ, პროცესი არის გამჭირვალე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„კომპანია არის მოლაპარაკებაზე წამოსული და ის მზად არის, რომ ყველა ის პირობა, რასაც სამინისტრო წაუყენებს, დაკმაყოფილდეს“, - დასძინა მან.
იმავდროულად, 13 მარტს ცნობილი გახდა რომ რომ კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ერთთვიან შვებულებაში გავიდა, რამაც გააჩინა ვარაუდები, რომ შესაძლოა მან თანამდებობა დატოვოს.
დაახლოებით, ერთი თვის წინ ოდიშარიას თხოვნის საფუძველზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის მოტივით თანამდებობიდან დაითხოვა კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელიც ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა საყდრისში შემდგომი არქეოლოგიური კვლევის განხორციელებას. მიზანდარმა, რომელიც სამსახურში აღდგენას სასამართლოს გზით ცდილობს, განაცხადა, რომ ის ძირითადად საყდრისთან დაკავშირებული დავის გამო გაათავისუფლეს. მისი დათხოვნის შემდეგ ასევე გამოიცვალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიც.