ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ მისი დაკითხვაზე დაბარება „ივანიშვილი-პუტინის თამაშის“ ნაწილია და ის არ აპირებს, რომ პუტინის ოცნებები აასრულოს თბილისში დაკითხვაზე ჩამოსვლით.
მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ საქართველო შარშან მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ-ის და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების თხოვნით დატოვა, თუმცა მან ეს მაღალჩინოსნები არ დაასახელა. სააკაშვილის თქმით, მას ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა უთხრა, რომ „პუტინის პირდაპირი დავალებაა" მისი დაჭერა. მან ასევე განაცხადა, რომ გადაწყვიტა, დროებით დაეტოვებინა საქართველო, რათა გადაერჩინა საქართველოს „რეპუტაცია“, რადგანაც მისი დაჭერა „მოკლავდა“ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი საწინააღმდეგო ქმედებების „დაჩქარება“ არის პირდაპირი პასუხი იმ აქტიურ კამპანიაზე, რომელსაც ის საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდასაჭერად ეწევა.
„მე დავიწყე პირველმა კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ჰოლანდიის ქალაქ ტერნეუზენიდან საუბრობდა.
„ბოლო კვირებში, როგორც ჩანს, ძალიან გავეჩხირე ყელში ვლადიმერ პუტინს“, - განაცხადა მან.
„ძალიან ბევრი პრობლემა შევუქმენით; მე და ჩემმა მეგობრებმა შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ სანქციები დაიწყო. ჩემი აქეთ-იქით თავისუფლად გადაადგილება პუტინისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
„მაგრამ თუ პუტინი თვლის, რომ მე წავალ და წყნარად ჩავბარდები და გადაადგილება ჩემი აღარ მოხერხდება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სისულელე“, - განაგრძო მან, „მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს და მთელი რეგიონის განთავისუფლებისთვის, როგორც თავისუფალმა ადამიანმა. ვერავინ ვერ შეზღუდავს ჩემს გადაადგილებას“.
„რაც შეეხება თქვენს კითხვას საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე, მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდელად, არამედ მე საქართველოში ჩამოვალ პუტინის დავალებების შემსრულებლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად“, - განაცხადა მან, „ეს დრო დადგება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია, ვიდრე რუს ოლიგარქს, რომელსაც მისცეს 2 მილიარდი ამ დავალების შესასრულებლად თავის დროზე, წარმოუდგენია“.
„მე ვერაფერი ვერ შემაჩერებს, გარდა ფიზიკური ლიკვიდაციისა პუტინის მხრიდან. მე გავაგრძელებ ჩემ ბრძოლას როგორც თავისუფალი ადამიანი; არ ვაპირებ ივანიშვილი-პუტინის თამაშების თამაშს“, - განაცხადა სააკაშვილმა.