Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლებას მოუწოდებენ არ გააჭიანუროს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა
Civil Georgia, Tbilisi / 8 აპრ.'14 / 19:37

სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ მოუწოდებს პარლამენტს არ გააჭიანუროს იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა, რომელიც შეზღუდავს მთავრობის შესაძლებლობებს აწარმოოს უკონტროლო ფარული მიყურადება.

ქართული ოცნების დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა შავგულიძემ 8 აპრილს განუცხადა civil.ge-ს, რომ ამ პაკეტის პირველი მოსმენით განხილვა საპარლამენტო კომიტეტებმა გასულ კვირას უკვე დაიწყეს, ხოლო მომავალ კვირას  მასზე იურიდიული კომიტეტი გეგმავს მსჯელობას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ინიციატივის პლენარულ სხდომაზე მისაღებად გატანა.

დაახლოებით ცხრა თვით ადრე, ვიდრე  6 მარტს კამპანია „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ დაიწყებოდა, პარლამენტს წარედგინა უკონტროლო ფარული მიყურადების რეგულირების შესახებ საკანონმდებლო წინადადებები, რაც გულისხმობდა ოთხ კანონში ცვლილებების შეტანას. 2013 წლის ივლისის ბოლოს იურიდიულმა კომიტეტმა ამ წინადადებებს საკანონმდებლო ინიციატივის სახე მისცა და თვეების განმავლობაში აწარმოებდა სამუშაო კონსულტაციებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, სასამართლოსთან, მობილურ ოპერატორ კომპანიებთან, საერთაშორისო, მათ შორის ევროპის საბჭოს ექსპერტებთან და თავად საკითხის ინიციატორ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

საკანონმდებლო პაკეტმა საბოლოო ჯამში მოიცვა ცვლილებები ხუთ კანონში. ესენია ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში;  ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში; და პარლამენტის რეგლამენტში.

დეპუტატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც ამ საკანონმდებლო პაკეტის შემმუშავებელ ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ  ცვლილებები „სიღრმისეული“ განხილვების შედეგად უკვე მისულია იმ კონდიციამდე, როცა მისი მიღება შესაძლებელია.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად მკაფიოდ დარეგულირდება სატელეფონო ან ინტერნეტკომუნიკაციის გზით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციიც მოპოვების, გამოყენების, შენახვის და განადგურების წესები.

მისი თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებს მოსმენების შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს სანქციით მიეცემათ, როგორც უკიდურესი ზომა. შავგულიძის განცხადებით, კანონი დაარეგულირებს წესს, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავ სტრუქტურებს თავდაპირველად მოუწევთ სასამართლო სანქციის მიღება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც  ამ სანქციას ოპერატორ კომპანიას წარუდგენენ, კომპანია მათ მისცემს წვდომას მოთხოვნილ ინფორმაციაზე, ხოლო ამის პარალელურად სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ამცნობს, რომ მიყურადება ხორციელდება.

უფლებადამცველთა წუხილები უკავშირდება იმას, რომ შსს-ს, მართალია აცხადებს, რომ არ მიმართავს ამგვარ პრაქტიკას, მაგრამ კვლავაც აქვს ე.წ. „შავი ყუთები“ მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე, რომელთა მეშვეობითაც მას სისტემაზე პირდაპირი წვდომა გააჩნია და შეუძლია ერთდროულად ათასობით ნომრის მოსმენა განახორციელოს.

ეს შესაძლებლობა, შავგულიძის განცხადებით, სამართალდამცავებს აღარ ექნებათ და ახალი რეგულაციებით მათ ამის გაკეთება „მხოლოდ კანონის დარღვევის ფასად შეეძლებათ“.

იმავდროულად, 4 აპრილს მთავრობამ განაცხადა, რომ პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ქმნის უწყებათაშორის დროებით სამუშაო ჯგუფს შინაგან საქმეთა, იუსტიციის სამინისტროებისა და მთავარი პროკურატურის მონაწილეობით, რათა „რამდენიმე თვის მანძილზე“ შეიმუშავოს ეროვნული სტრატეგია „ელექტრონულ მეთვალყურეობასთან, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან და ამ პროცესში ადამიანის უფლებების და პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით“.

„აღნიშნული პროცესი სამუშაო რეჟიმში მოაქცევს იმ მოთხოვნებს, რაც მომდინარეობს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან პირადი ინფორმაციის დაცულობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში, რომელიც არასამთავრობო სექტორს ჩართულობისკენ მოუწოდებს.

7 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში კამპანია „ეს შენ გეხება“ მიესალმა ქვეყანაში „ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების“ საპასუხო მთავრობის ძალისხმევას და იმედი გამოთქვა, რომ უწყებათაშორისი ჯგუფი შეიქმნა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების „ეფექტური იმპლემენტაციისთვის“ და არა კანონმდებლობის მიღების შესაფერხებლად.

„თუკი მთავრობა გაემიჯნება საპარლამენტო განხილვებს, რომელიც ცვლილებების განხორციელების მნიშვნელოვან ფაზაშია შესული, გაჩნდება ეჭვი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, კერძოდ კი, სამართალდამცავი ორგანოები, შეგნებულად ცდილობენ გააჭიანურონ და ხელი შეუშალონ საკანონმდებლო განხილვების პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„კამპანიაში „ეს შენ გეხება“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ხელი შეუწყოს იმ პროცესს, რომლის საბოლოო მიზანი უმოკლეს ვადებში საქართველოში თვალთვალისა და მიყურადების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდების დანერგვაა. ვფიქრობთ, რომ უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო კომისიის მხრიდან პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის გააქტიურების ფაზაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - აცხადებენ კამპანიის ინიციატორები და ასევე მიმართავენ პარლამენტს „არ გააჭიანუროს“ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15