საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს (ცენტრში) და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლორენ ფაბიუსს (მარჯვნივ) ესაუბრება მთაწმინდის რესტორანში, სადაც ოფიციალურ სადილს უმასპინძლა 2014 წლის 24 აპრილს. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლორენ ფაბიუსმა და ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადეს თავიანთ ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან ხუთშაბათს თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომ მათი ერთობლივი ვიზიტი არის მხარდაჭერის დემონსტრირება ივნისში დაგეგმილი ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინ.
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც თბილისში გაშინ ღამით მოლდოვადან ჩამოვიდნენ, ხუთშაბათს დილით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან და პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართეს მოლაპარაკებები; ისინი ასევე შეხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, სანამ საქართველოდან ტუნისში გაემგზავრებიან, სადაც მათი ერთობლივი ტურნე დასრულდება.
ფანჯიკიძესთან მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი მიესალმა საქართველოს პროგრესს და ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით და განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პოზიტიური იქნება ყველასთვის და ძლიერი მექანიზმის როლს შეასრულებს საქართველოს მოდერნიზაციისთვის. იგი ასევე მიესალმა საქართველოს გადაწყვეტილებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში ქართული დანაყოფის გაგზავნის თაობაზე. ფაბიუსმა ასევე განაცხადა, რომ მალე საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტი მაისის შუა რიცხვებში გეგმავს ვიზიტს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი ასევე მიესალმა საქართველოს პროგრესს და მის ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით და განაცხადა, რომ ივნისში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მთელი ძალისხმევა მისი განხორციელებისკენ იქნება მიმართული.
მისი თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ.
„ჩვენ გვინდა რუსეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „ასოცირების შესახებ შეთანხმება არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ; ეს საქართველოს თავისუფალი არჩევანია... ჩვენ თანამშრომლობა გვინდა და არა კონფრონტაცია“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მისი ფრანგი და გერმანელი კოლეგების ერთობლივი ვიზიტი საქართველოსთვის ამ „ისტორიულ“ მომენტში მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირებაა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული საქართველოს ნატოში ინტეგრაცია.
„კოლეგების მიერ აღინიშნა საქართველოს წვლილი ევრო–ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება. შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ნატოს მომავალ სამიტზე უელსში“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაგრძელდება დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, თუ რა „კონკრეტული ნაბიჯები“ უნდა გადაიდგას ნატო–საქართველოს უფრო ახლო ურთიერთობებისთვის.
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რამდენჯერმე განაცხადეს საჯაროდ, რომ საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება ნატოს უელსის სამიტზე სექტემბერში საუკეთესო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ამის თაობაზე ალიანსში კონსენსუსი არ არსებობს.
როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს MAP–ზე მინიშნებით, თუ რა დააახლოვებს საქართველოს ნატოსთან , მან განაცხადა MAP-ის ხსენების გარეშე, რომ ალიანსი აღრმავებს თავის ურთიერთობებს საქართველოსთან და შესაბამისი მექანიზმები გამოიძებნება ამ პოზიციის გამოსახატად.