(განახლება: ტაბლოზე დაფიქსირებული კენჭისყრის შედეგები გადაიხედა იმის გამო, რომ ელექტრონულმა სისტემამ კარგად არ იმუშავა და შეცდომით აჩვენა ერთი წინააღმდეგ მიცემული ხმა; სისტემამ ასევე არ დააფიქსირა რამოდენიმე დეპუტატის ხმა, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს; გადამოწმებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ კანონპროექტი ერთხმად იყო მიღებული)
პარლამენტმა 2 მაისს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, "ან სხვა ნიშნის მიუხედავად."
უფლებადამცველი ორგანიზაციები იმის გამო აკრიტიკებდნენ კანონპროექტს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რამდენიმე თვის წინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილი პროექტისაგან და ის აღარ ითვალისწინებდა განხორციელების ეფექტურ მექანიზმებს, მათ შორის ფინანსურ ჯარიმებს დისკრიმინაციის ჩამდენ პირთაა წინააღმდეგ.
ყველაზე დიდი წინააღმდეგობა კანონპროექტს საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან შეხვდა, რომელიც კანონპროექტიდან „სექსუალური ორიენტაციის“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების ამოღებას ითხოვდა; ეკლესიის წინააღმდეგობამ კულმინაციას 29 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე გამართული მწვავე დებატების დროს მიღწია, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა გააფრთხილეს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ საპატრიარქოს მოწოდებების გაუთვალისწინებლობას პოლიტიკური შედეგები მოყვებოდა.
ქუთაისში და თბილისში მართლმადიდებელმა ჯგუფებმა სასულიერო პირების ხელმძღვანელობით საპროტესტო აქციები გამართეს. თუმცა, საპროტესტო აქციების მასშტაბები ბევრად უფრო ნაკლები იყო იმ ფართომასშტაბიან აქციებთან შედარებით, რომლებიც საქართველოს საპატრიარქომ 2011 წელს გამართა, როდესაც ის სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა – ეს კანონმდებლობა მაშინ პროტესტის მიუხედავად მიიღეს.
ეკლესიის შიგნით განსხვავებული აზრიც გამოითქვა; ერთ–ერთმა მათგანმა, დეკანოზმა ილარიონ შენგელიამ დაწერა 30 აპრილს თავის Facebook-ის გვერდზე, რომ მან წაიკითხა კანონპროექტი, მაგრამ „მასში ტრაგიკული და ანტიქრისტიანული ვერაფერი“ ნახა.
უარყო რა „სექსუალური ორიენტაციის“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების კანონპროექტიდან ამოღების მოწოდებები, ეკლესიის შეშფოთების შესამსუბუქებლად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შეიტანა მეორე მოსმენით მიღების წინ, მათ შორის ჩადო ფორმულირება „საზოგადოებრივი ზნეობა“.
რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ნინო ბურჯანაძის არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი კოალიცია ყველას მწვავედ აკრიტიკებდა კანონპროექტს. ამ კოალიციის პოლიტიკოსების მიერ, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გამოთქმული კრიტიკა ძირითადად საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოთქმულ პოზიციის მსგავსი იყო.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს. თუმცა გაიზიარეს რა უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილები, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სინანული გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი არ უზრუნველყოფს საკმარის მექანიზმებს იმისათვის, რომ ის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტი გახდეს.
კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი ანტიდისკრიმინაციულ ღონისძიებებს გაუწევს კურირებას. საჩივრები დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევების თაობაზე სახალხო დამცველის აპარატს უნდა წარედგინოს. სახალხო დამცველის აპარატს ასევე ექნება უფლება თავისი ინიციატივით განიხილოს ამგვარი შემთხვევები და არ დაელოდოს საჩივრის შესვლას.
კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა პირველ რიგში შუამავლის როლი უნდა ითამაშოს მხარეებს შორის, რათა სასამართლოს ჩართვის გარეშე მიაღწიოს მოგვარებას; თუ ამგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ სახალხო დამცველის აპარატმა „რეკომენდაცია“ უნდა გაუგზავნოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების თაობაზე; თუ ეს რეკომენდაციაც არ შესრულდება, კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს შეუძლია საქმე სასამართლოს გადასცეს.
კანონმდებლობის თანახმად, დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს ფულადი ან არაფულადი კომპენსაცია მოითხოვოს სასამართლოში.
თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამგვარი ღონისძიება არაეფექტურია, რადგანაც დისკრიმინაციულ ქმედებას ხშირად არ მოჰყვება რაიმე მატერიალური ხასიათის ზიანი, ხოლო მორალურ ზიანის მტკიცება პრაქტიკაში გართულებულია, რის გამოც დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირი, უმეტეს შემთხვევაში, ფულადი სანქციების გარეშე დარჩება. უფლებადამცველები მოითხოვდნენ, რომ კანონის დარღვევისთვის პირდაპირი ფინანსური ჯარიმები დაწესებულიყო, მაგრამ ეს წინადადება მთავრობამ და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა.