Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ურთიერთბრალდებები ფარული სატელეფონო ჩანაწერების შემდეგ
Civil Georgia, Tbilisi / 12 მაი.'14 / 14:26


"რუსთავი 2"-ის ოფისი თბილისში. კერძო ტელეკომპანიამ  მაღალი თანამდებობის პირების ფარული სატელეფონო ჩანაწერების ფრანგმენტები რამდენიმე დღეში გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მისი მენეჯმენტის კაბინეტებში ხელისუფლება ფარულ თვალთვალს აწარმოებდა. კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა "რუსთავი 2" ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობლივ მოქმედებაში დაადანაშაულა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისა და ქვეყნის იმიჯის შელახვის მიზნით. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა იმ უკანონო მიყურადების პრაქტიკის შესასწავლად, რომელიც ოპოზიციური პარტიის თქმით, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულმა ფარულმა სატელეფონო ჩანაწერებმა წარმოაჩინა.

ამას ზოგიერთმა დეპუტატმა და თანამდებობის პირმა ქართული ოცნებიდან ნაციონალური მოძრაობისკენ თითის გაშვერით უპასუხა, გამოთქვა რა ვარაუდი, რომ ეს ჩანაწერები შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს იმ პორტატული სპეციალური აპარატურის მეშვეობით, რომელიც შსს-სა და პროკურატურის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ შეისყიდა და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დაკარგული იყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 10 მაისს გაავრცელა ამჟამინდელი და ყოფილი თანამდებობის პირების, დეპუტატების და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ფრაგმენტები, რომელიც ტელეკომპანიის თქმით, მას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და რაც ადასტურებს, რომ უკანონო მოსმენების პრაქტიკა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.

აუდიო ჩანაწერები, საიდანაც უმეტესობა 2013 წლით თარიღდება, წარმოადგენს სატელეფონო საუბრებს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანს გიგა ბოკერიას შორის; თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და ბოკერიას შორის; ასევე უსუფაშვილს და მაშინდელ თბილისის მერს გიგი უგულავას შორის; ქართული ოცნების დეპუტატ დავით საგანელიძეს და ბიზნესმენ რომან ფიფიას შორის; ქართული ოცნების დეპუტატ გელა სამხარაულსა და ბიზნესმენ  მამია სანადირაძეს შორის; ასევე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრ შალვა ობგაიძესა და როგორც ამის თაობაზე ტელეკომპანიამ განაცხადა, ბიზნესმენ ბესო გაბუნიას შორის. საუბრებში ფიგურანტების უმეტესობამ ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა.

მთავარმა პროკურატურამ 11 მაისს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება „კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე“.

ნაციონალურმა მოძრაობამ 11 მაისს თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერები „ტოტალური მოსმენების და თვალთვალის მასშტაბური პრაქტიკის უტყუარი საბუთია“. 

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ახლა მაინც, როდესაც დადასტურდა, რომ უსმენენ არა მხოლოდ პარლამენტის წევრებს, არა მხოლოდ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, არამედ უსმენენ პირადად მას, ახლა მაინც გადადგას მან ნაბიჯი და შექმნას საპარლამენტო საგანგებო საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა ნაციონალური მოძრაობის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ამ კომისიაში დეპუტატებთან ერთად ასევე უნდა შევიდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციურმა პარტიამ ასევე მოუწოდა პრეზიდენტ მარგველაშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევისკენ, ვინაიდან საქმე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა 11 მაისს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იკისროს ამ ჩანაწერები გამო, ვინაიდან, მისი თქმით, ეს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გაკეთდა.
 
10 მაისს საღამოს, „რუსთავი 2“-ის მიერ ფარული სატელეფონო ჩანაწერების  გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, მთავარმა პროკურატურამ და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადეს, რომ 2010-2011 წლებში შსს-მ  შეიძინა ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურა, რომელიც ოფიციალურად არ აღრიცხულა და ამჟამად დაკარგულად ითვლება. ანალოგიური განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 მაისს „იმედის“ თოქ-შოუში, როცა „რუსთავი 2“-ის მიერ დაანონსებულ მასალების გამოქვეყნებაზე კომენტარი გააკეთა.

„არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები“,  - განაცხადა პროკურატურამ შაბათს და დასძინა, რომ ამ საქმეს იძიებს. ამ განცხადების გაკეთების დროს ცნობილი იყო, რომ „რუსთავი 2“ ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავდა.

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, რომელიც ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანია, 11 მაისს განაცხადა, რომ აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სატელეფონო საუბრები ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ჩაწერილი.

დეპუტატმა დავით საგანელიძემ, რომელიც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და სატელეფონო ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია, ასევე ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვირა თითი და განაცხადა, რომ ქართული ოცნების გუნდის წევრი არ იქნებოდა, ეს ჩანაწერები რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ იყოს გაკეთებული.

11 მაისს პარტიამ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც „რუსთავი 2“ და ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მიზნით ერთობლივ მოქმედებაში დაადანაშაულა.

„ნაციონალური მოძრაობა არ იშლის პოლიტიკაში უბინძურესი მეთოდებით ბრძოლას და აქვს მცდელობა დააშანტაჟოს მთელი საზოგადოება“, - განაცხადა ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ, "რუსთავი 2“-ის  მონაწილეობა მათთან ერთად ამ ტელევიზიასაც აკისრებს პასუხისმგებლობას“.

"ერთი მხრივ, ეს არის  ქვეყნის იმიჯის შელახვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა; მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ წინასაარჩევნოდ კოალიცია ქართულ ოცნებაში განხეთქილების შეტანას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის „აგონიური მდგომარეობა გასაგებია“, რადგან ადგილობრივ დონეზე „საბოლოოდ დაკარგავს ძალაუფლებას“ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. 

გამოეხმაურა რა შსს-ის და პროკურატურის განცხადებებს სპეციალური პორტატული აპარატურის დაკარგვის თაობაზე, ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ განაცხადა, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ „ბევრ კერძო პირს მიუწვდება ხელი მსგავსი ჩანაწერების შექმნაზე“.

„ეს არის კარგად დაგეგმილი სცენარის და პროვოკაციების ჯაჭვის ნაწილი, რომელიც სრულიად შეგნებულადაა დაგეგმილი  წინასაარჩევნო პერიოდში და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დადების წინ. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პასუხი წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე და შიდა რეფორმებზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე გამოთქმულია რწმენა, რომ გამოძიება დაადგენს  „ვის ხელშია მოსასმენი აპარატურა და ვინ აწარმოებს ფარულ ჩანაწერებს“.

„მომზადებულია სპეციალური კანონპროექტი,  რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს უკანონო მოსმენების შესაძლებლობას, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ და ამ თემით სპეკულირებას ვეღარავინ შეძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა კანონპროექტის ირგვლივ დავა კვლავ მიმდინარეობს. მაშინ როცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ჯგუფი მხარს უჭერს  მთავრობის მიერ მოსმენებზე მკაფიო რეგულაციების შემოღებას, შსს-ს სურს, რომ კანონპროექტიდან ამოღებულ იქნას დებულება, რომელიც მნიშვნელოვნად შეზღუდავს ან შესაძლოა დაასრულებს კიდეც მის შესაძლებლობას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე.

ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვაზე, რომელი ვერსიაა სწორი, რომ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების შემოქმედი ყოფილი ხელისუფლებაა თუ ამჟამინდელი მთავრობა აგრძელებს მოსმენების პრაქტიკას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „მე ვერსიებში არ ჩავღრმავდები“.

„ორ რამეს ველი ამ პროცესიდან პოზიტიურს: პირველი ეს არის კიდევ უფრო გაზრდა საზოგადოების მხრიდან მიუღებლობისა ასეთი ამაზრზენი და უკანონო  საქციელების მიმართ; და მეორე ეს არის იმ კანონმდებლობის, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და იხვეწება,   ბოლომდე დახვეწა და ბოლომდე ამ კანონმდებლობის საბოლოოდ მიღება პარლამენტში“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კვირას.  

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10