ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატებად დაარეგისტრირა ყველა ის 14 პირი, რომელთაც 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერად კენჭისყრისთვის წარადგინეს განაცხადები.
კანდიდატმა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მოიპოვოს, რათა პირველივე ტურში გამოცხადდეს გამარჯვებულად და მეორე ტურის გამართვა აღარ იყოს საჭირო.
ქვემოთ მოცემულია თბილისის მერობის კანდიდატების სია:
- დავით ნარმანია, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, რომელიც მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ წარადგინა;
- ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული ნიკა მელია; ის ძველი თბილისის რაიონის გამგებელია, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა;
- დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის კოალიციამ დაასახელა;
- კახა კუკავა, რომელიც ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბლოკმა წარადგინა;
- დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის ლიდერი, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა თებერვალში დატოვა;
- ლეიბორისტული პარტიის მიერ წარდგენილი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე;
- მედია საშუალება „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომელიც საქართველოს პატრიორთა ალიანსმა დაასახელა;
- მხატვარი თეიმურაზ მურვანიძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პარტიამ „საქართველოს გზა“ წარადგინა;
- სერგო ჯავახიძე, რომელიც ორი პატარა პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკის „თვითმმართველობა ხალხისთვის“ კანდიდატია. ჯავახიძემ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.13% მიიღო;
- ირაკლი ღლონტი პარტია „რეფორმატორებიდან“;
- მიხეილ სალუაშვილი, რომელიც წარადგინა პარტიამ უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე და რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.08% მიიღო;
- მერაბ კოსტავას საზოგადოების მიერ წარდგენილი გიორგი ლილუაშვილი, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 0.12% მიიღო;
- გიორგი ლაღიძე პარტია „მომავალი საქართველოს“ სახელით იყრის კენჭს; ის 2010 წელს თბილისის მერის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს და ხმების 0.14% მიიღო;
- საქართველოს მშრომელთა საბჭოს მიერ დასახელებული როინ ლიპარტელიანი.
5 ივნისი მერობის კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ბოლო ვადაა; თუ ისინი ამ თარიღის შემდეგ მოხსნიან თავიანთ კანდიდატურებს, მათი გვარები მაინც დარჩება საარჩევნო ბიულეტენებში.