საკონსტიტუციო სასამართლომ 23 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა შინაარსი, რომლის საფუძველზეც თბილისის პირდაპირი წესით არჩეულ მერს გიგი უგულავას სასამართლომ დეკემბერში უფლებამოსილება შეუჩერა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლი ამბობს: „ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას“.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ არაკონსტიტუციურია ამ მუხლის „ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას“ და ასევე 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე, როგორც ეს უგულავას შემთხვევაში მოხდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერებას ან შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას“, ხოლო სადავო ნორმა არჩეული მერის „განუსაზღვრელი ვადით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას იძლევა“.
„საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან გადაყენება შესაძლებელია, მაგრამ ამგვარი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად, რომელთა დაუცველობა, პირველ რიგში, შეუქცევადად დაარღვევს თავად ამომრჩევლის ინტერესებს“, - ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.
გიგი უგულავას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, მერის უფლებამოსილება სასამართლოს გადაწყვეტილებით მას შემდეგ შეუჩერდა, რაც მას დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 2011–2012 წლებში 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში დასდეს ბრალი ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად. ამის შემდეგ მან სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის არჩევანს დაიცავს ადგილებზე“, - განაცხადა უგულავამ 23 მაისს, მიესალმა რა მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.