Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები
Civil Georgia, Tbilisi / 9 ივნ.'14 / 15:15


რუსეთის და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დროშები ადმინისტრაციული საზღვრის ერგნეთის საგუშაგოზე, 3 ივნისი 2014 წელი. ფოტო: ინტერპრესნიუსი

"გაერთიანებული ოსეთი", რომელიც რუსეთში შესვლის კამპანიას აწარმოებდა, კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ხმათა უმრავლესობით შევა. 

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა ორშაბათს დილით, რომ არჩევნებში მონაწილე ცხრა პარტიიდან, ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა.

ცესკოს თქმით, "გაერთიანებული ოსეთი" ხმების 43.19%-ით ლიდერობს, შედეგად კი პარტია 34–წევრიან პარლამენტში 20 ადგილს მოიპოვებს.

“ხალხთა ერთობამ”, რომლის ლიდერიც სეპარატისტული რეგიონის ჯავის რაიონის ხელმძღვანელი ვლადიმერ ქელეხსაევია, ხმების 13.24%–ი მიიღო, ანუ 6 ადგილი საკანონმდებლო ორგანოში. 

"ხალხის პარტიამ", რომელსაც მოქმედი პარლამენტის წევრი ალექსანდრე პლიევი ხელმძღვანელობს, ოთხი მანდატი მოიპოვა ხმების 9.09%–ით.

პარტიამ "ნიხასი" ხმათა 7.47%-ი მიიღო და ცესკოს ინფორმაციით, ის 4 მანდატს მიიღებს პარლამენტში. „ნიხასს“ ცხინვალის მერი ალან ალბაროვი ხელმძღვანელობს და მას სეპარატისტული რეგიონის ორი გავლენიანი ფიგურა უჭერს მხარს – შინაგან საქმეთა მინისტრი ახსარ ლავოევი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სოსლან გათიკოევი.

წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ „ნიხასი“ ვერ ლახავდა 7%–იან ბარიერს და მხოლოდ სამი პარტია ხვდებოდა სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ორშაბათს დილით შედეგები შეიცვალა და „ნიხასს“ 7%–ზე მეტი ხმა ერგო.

"გაერთიანებულ ოსეთს" ანატოლი ბიბილოვი, საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. არჩევნების წინ პარტიის კამპანიის ერთ–ერთი მთავარი თემა რუსეთში შესვლა იყო; პარტია ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვისკენ მოუწოდებს.

„პარტიას ახლა აქვს შესაძლებლობა თავისი წინასაარჩევნო პროგრამის ყველა პუნქტი შეასრულოს. ჩვენ ყველა მიცემულ პირობას შევასრულებთ“, – განაცხადა ბიბილოვმა მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“. მისი თქმით, პარტია კორუფციას შეებრძოლება და რეგიონის ეკონომიკას განავითარებს.

„მაგრამ მთავარი მოლოდინი, რომელიც ამომრჩევლებს აქვთ, არის რუსეთის ფედერაციაში სწრაფი დაბრუნება“, – განაცხადა ბიბილოვმა.

„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ ძალღონე არ დავიშუროთ ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ დაუყონებლივ დავიწყებთ ამაზე მუშაობას, მისი თაროზე შემოდების გარეშე“, – დასძინა მან.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 8 ივნისს ცხინვალში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა: „ჩვენს წინაშე უამრავი ამოცანა დგას. რესპუბლიკას პროფესიონალური პარლამენტი სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ახალი დეპუტატების ძალისხმევა მიმართული იქნება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, რუსეთთან ურთიერთობის განვითარებისკენ და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებისკენ“. 

სეპარატისტული რეგიონის ცესკომ განაცხადა ორშაბათს, რომ არჩევნებში სულ 21 129 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 60.47%–ს შეადგენს. საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე ცესკო 50%–ზე ოდნავ მეტი აქტივობის შესახებ ავრცელებდა ცნობას.

სეპარატისტულ რეგიონში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ეს მაჩვენებელი  დაახლოებით 32 600–ს შეადგენს. როდესაც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სეპარატისტული რეგიონის ცესკომ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა 34 000–ს შეადგენდა, იმ დროს ოპოზიციაში მყოფმა ჯგუფებმა თქვეს, რომ ეს მაჩვენებელი გაბერილი იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „თავისუფალ და დემოკრატიულ“ არჩევნებს, რომელიც „შიდა პოლიტიკური სტაბილურობის და ელექტორატის მაღალი აქტივობის“ ფონზე ჩატარდა.

„რუსეთში მისალმებიან მეგობარ სამხრეთ ოსეთში წარმატებულად ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რაც ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების და რესპუბლიკის სამოქალაქო საზოგადოების მზარდი განვითარების გზაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ  9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

ეს უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნებია სეპარატისტულ რეგიონში; თბილისი არალეგიტიმურს უწოდებს არჩევნებს თავის სეპარატისტულ რეგიონებში, რომელთაც ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავს.   

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები" არის „უკანონო აქტი“, რომელიც „წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას“.

„უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „არ ცნობს იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები გაიმართა“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე განაცხადა თავის წერილობით განცხადებაში, რომ ალიანსი არ აღიარებს სეპარატისტული რეგიონის არჩევნებს, რომელიც „ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან მოგვარებას“. „ნატოს წევრები არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
60