Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
NDI–ის წინასაარჩევნო შეფასებები
Civil Georgia, Tbilisi / 10 ივნ.'14 / 20:09

15 ივნისის ადგილობრივი არჩევნები საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების კუთხით გაუმჯობესებით გამოირჩევა, თუმცა, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული „ზეწოლისა და ძალადობის“ კუთხით წუხილები კვლავ რჩება, განაცხადა აშშ-ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) თავის შუალედურ ანგარიშში 10 ივნისს, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის „დაპირისპირება“ შემასუსტებელ გარემოებას სძენს „სხვა მხრივ დემოკრატიული ხასიათის საარჩევნო და მმართველობის პროცესებს“. 

NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიში 18 მარტიდან 6 ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თანახმად, ზეწოლისა და პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი გასულ არჩევნებთან შედარებით შემცირდა. თუმცა, NDI–ისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ, გასული წლის არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა, მათ შორის არის სისხლიანი ინციდენტებიც. აღნიშნულმა საქმემ განაახლა დისკუსია პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე“, – ნათქვამია ანგარიშში ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ზურაბ ჭიაბერაშვილზე და ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმების საქმეებთან დაკავშირებით. 
 

ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს, ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით „მკაცრი პოზიცია“ დაიკავა, მმართველი პარტიის სხვა წევრების „საჯარო განცხადებები უფრო ორაზროვანი იყო“.
 
„მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერების მხრიდან აღნიშნული ფაქტების უფრო მკაცრად დაგმობა საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდგომ ძალადობის და ზეწოლის მიმართ შეუწყნარებლობის სიგნალს გააგზავნის“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
NDI-მ ასევე მოუწოდა პოლიტიკურ ლიდერებს თავი შეიკავონ იმ ინციდენტების პოლიტიზირებისგან, რომლებსაც საარჩევნო კამპანიასთან კავშირი არ აქვს.
 
„მაგალითად, გარდაბანში ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის მომხდარი შეტაკება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. ასეთმა რეაგირებამ შესაძლოა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მდგომარეობის დაძაბვა გამოიწვიოს“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
ანგარიში აღნიშნავს, რომ „პარტიების უმრავლესობა – ადგილობრივი პრობლემატიკის ნაცვლად, უფრო მეტად სხვა პარტიების კრიტიკასა და დელეგიტიმაციაზე ამახვილებს ყურადღებას“.
 
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც მისი კოალიცია გამარჯვების ერთადერთი პრეტენდენტია და სხვა პარტიების მოგება არ უნდა იქნას დაშვებული, „მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების მიუკერძოებლობისათვის, რომელსაც საარჩევნო და სხვა სამთავრობო სტრუქტურებმა დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს“.
 
„მსგავსი ტიპის განცხადებები აგრეთვე ქმნის საფრთხეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მათ არასწორ ინტერპრეტაციას მისცემს და მმართველი კოალიციის გამარჯვების უზრუნველსაყოფად მიღებულ დირექტივად აღიქვამს“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ბოლო პერიოდში გაჟღერებულმა ბრალდებებმა „ჩრდილი მიაყენა საარჩევნო კამპანიას“.
 
ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კამპანიას სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატი გამოეთიშა, ხოლო 30–ზე მეტ შემთხვევაში კანდიდატურის მოხსნა პოლიციის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება. ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ NDI–მ „დეტალების დადასტურება ვერ შეძლო“. 
 
ცესკოს მდივნის გიზო მჭედლიძის ინფორმაციით, 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში 15 900-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, რაც მოიცავს 71 საკრებულოს დასაკომპლექტებლად წარდგენილ პროპორციულ და მაჟორიტარ კანდიდატებს; ასევე  იმ კანდიდატებს, რომლებიც 59 მუნიციპალიტეტში გამგებლის, ხოლო 12 ქალაქში მერის პოსტის დასაკავებლად იბრძოლებენ.
 
ვრცელდებოდა ინფორმაცია ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ 12–ზე მეტ მუნიციპალიტეტში, რათა მათ საკრებულოს არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები მოეხსნათ. ბევრი ასეთი ცნობა  დმანისიდან და ნინოწმინდიდან გავრცელდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და ნინო ბურჯანაძის კოალიცია თავიანთი პარტიული სიების გაუქმების საფრთხის წინაშე დადგნენ, რადგანაც სიებში რაოდენობა კანდიდატურების მოხსნის გამო მინიმუმამდე დავიდა. უარყო რა კანდიდატურებზე ზეწოლის ბრალდებები, ქართულმა ოცნებამ მოუწოდა ცესკოს, რომ სიების რეგისტრაციიდან მოხსნის წესებში ცვლილება შეეტანა პარტიების არჩევნებიდან გამოთიშვის პრევენციის მიზნით. 3 ივნისს ცესკომ სიების გაუქმების კონკრეტული კრიტერიუმები დაადგინა და განაცხადა, რომ კანდიდატურების მოხსნა ამის მიზეზი ვერ გახდება - ამ ნაბიჯს ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია მიესალმა, მაგრამ მათ ასევე სინანული გამოთქვეს, რომ კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევების სათანადო გამოძიება არ ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა ეს საქმე გამოძიებული იქნება.
 
ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა „ბოლო რამდენიმე არჩევნების დროს თანდათანობით შემცირდა, ოპოზიცური პარტიებისა და დამკვირვებლებისთვის ეს ჯერ კიდევ შეშფოთების საგანს წარმოადგენს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4