Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეგზით პოლის შედეგებით, თბილისში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა მეორე ტურიც შესაძლებელია
Civil Georgia, Tbilisi / 15 ივნ.'14 / 20:28

ორი ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ორი დამოუკიდებელი ეგზით პოლების შედეგების თანახმად, კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია თბილისის მერობისთვის კვირას გამართულ არჩევნებში ლიდერობს.

თუმცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დაკვეთით GfK–ის მიერ ჩატარებული ეგზით პოლის პროგნოზით, ნარმანია ვერ იღებს ხმების საჭირო რაოდენობას პირველ ტურში მოსაგებად.

თუ ოფიციალური შედეგები ამ ეგზით პოლის შედეგებს გაიმეორებს, მეორე ტური გაიმართება ნარმანიას, რომელსაც 46% აქვს დღის 6 საათის გამოკითვის მონაცემებით და ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას შორის, რომელსაც 26% აქვს მიღებული. ამ ეგზით პოლის ცდომილება 3%–ს შეადგენს.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია ACT-ის მიერ ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას  52.6% აქვს; შემდეგ მოდის ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობიდან 23.9%-ით. ამ ეგზით პოლის ცდომილებაც 3%–ია.

ამ ფონზე როცა ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურის შესაძლებლობა იზეიმა, კოალიცია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ თბილისში  გამარჯვება დავით ნარმანიამ მოიპოვა.

„დღევანდელი გამარჯვებით ჩვენმა კოალიციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ მართლაც უალტერნატივო ძალა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე.

მოგვიანებით ოფისის გარეთ შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, მან მიულოცა მოსახლეობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და განაცხადა, რომ მართალია ეგზით პოლების პირველადი მონაცემებით ქართული ოცნება ყველა რაიონში ლიდერობს, მაგრამ  „ახლა საჭიროა დაველოდოთ ოფიციალურ შედეგებს“. 

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით ყველა დიდ ქალაქში იქნება მეორე ტური და მათთვის გაუგებარია, თუ რატომ სთავაზობს მთავრობა ხალხს ზეიმის იმიტაციას.  

მერების პირდაპირი არჩევნები 15 ივნისს კიდევ 11 სხვა თვითმმართველ ქალაქშიც გაიმართა.

თბილისის გარდა, „რუსთავი 2“–ის  დაკვეთით ეგზით პოლები ექვს სხვა ქალაქშიც ჩატარდა, რომლის მიხედვითაც სულ ცოტა ოთხ მათგანში მეორე ტური გაიმართება. 

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ზუგდიდში პირველივე ტურში იგებს ხმების 59.9%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – 29.7%–ით.

ქუთაისში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს ხმების 52.5%–ით, შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – 26.9%–ით.

„რუსთავი 2“–ის ეგზით პოლების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატს ბათუმში ხმების 46.2% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს – 14.7%.

მეორე ტური სავარაუდოდ ასევე გაიმართება რუსთავში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატმა 37.4%, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა – 26.3% მიიღო, „რუსთავი 2“–ის ეგზით პოლების თანახმად.

ამავე გამოკითხვით, თელავში ქართული ოცნების კანდიდატს 46.7%, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს – 19.7% აქვს.

გორში ქართული ოცნების კანდიდატს 40.8%, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს 32.3% აქვს.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს პროპორციულ სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, "რუსთავის 2"-ის ეგზით პოლების თანახმად, კოალიცია ქართული ოცნება ლიდერობს 47.8%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა 26.1%–ით; ბურჯანაძის კოალიცია – 8.3%-ით და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 5.8%-ით. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლებიც ანალოგიურ სურათს აჩვენებს.

თუ ეს ეგზით პოლები ოფიციალური შედეგებით დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერც ერთი პარტია საკრებულოში შესასვლელად საჭირო 4%–იან ბარიერს ვერ გადალახავს. თბილისის 50–წევრიანი საკრებულოს ადგილების ნახევარი პროპორციული სიით გასულ წევრებს, მეორე ნახევარი კი 25 ერთმანდატიან ოლქში არჩეულ მაჟორიტარებს შორის ნაწილდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30